Tuesday, September 21, 2010

მუსიკალური ზასტოი

"თუმცა ბევრი რამე მქონდა, გული შენთან ყოფნას მთხოვდა..." მღეროდნენ ოდესღაც ლექს სენი და ვინმე თიკო. ეს იმ დორს იყო ადამიენბი ბნელი რომ იყვნენ და ყველაფერი უაზრო იყო დედამიწაზე, ანუ ვარდების რევოლუციამდე.
მაშინ ქართული ესტრადა ყვაოდა (ყვევებით იყო სავსე) და "იფურჩქნებოდა". საინტერესო კი ისაა, რომ მომღერლებზე მეტს ხმის ინჟინრები და რეჟისორები მუშაობდნენ, რომ როგორმე დანჯღრეული ნამღერიდან სიმღერა გამოედნოთ. იმ გამოდნობილს ახლა უკვე გამოსახულების ინჟინრები და რეჟისორები ჩაუსხდებოდნენ და კლიპს გამოაცხობდნენ. მერე ეს ყველაფერი ტელევიზორსა და რადიოში ტრიალებდა და სიახლეს მოწყურებული ქართველი მსმენელის "ლომკას" ხსნიდა.

ვინმემ რომ მთხოვოს იმ პერიოდის ქართული ესტრადა ერთი სიტყვით დაახასიათეო, არც დავფიქრდები: "ნაგავი" იყო.

იმას აღარ ვამბობ მერე ამ ნაგავს დარბაზებში რომ უკრავდნენ და მავანნი პირს რომ აყოლებდნენ. შემდეგ იგივე ნაგავი დისკების სახით რომ გამოდიოდა და დანჯღრეულად მომღერლები უცებ ვარსკვლავები რომ ხდებოდნენ.

მახოსვს გული მწყდებოდა, რომ პირის გამღებები ზეობდნენ, ნიჭიერ მუსიკოსებს კი ყველა კარს ცხვირწინ უჯახუნებდნენ. და მათაც მიწისქვეშა გდასასვლელებსა და ბაღებში უწევდათ დაკვრა, მხოლოდ ხანდახან თუ მიეცემოდათ სცენაზე ასვლის ბედნიერება. ნამდვილად უსამართლობა იყო. (მეც მიამიტი იდეალისტი ვიყავი)

ესტრადის თემატიკა ძირითადად წვიმა, ღამე და სიყვარული იყო. ქუჩის მუსიკოსებს კი უფრო ფილოსოფიურ–მეოცნებე ტექსტები ჰქონდათ. სიყვარულის თემა აქაც ჭარბობდა, მაგრამ უფრო სხვანაირი, უფრო სუფთა.

და მოვიდა რევოლუცია და განათადა! ნელნელა გაქრნენ პირის გამღები მომღერლები, კონცერტები შემცირდა და ბოლოს სულაც შეწყდა, ხმისა და გამოსახულების ინჟინრებს საქმე შემოაკლდათ. "ვაი მომღერლებმა" სხვა სფეროებს შეაფარეს თავი (ბიზნესს, პოლიტიკას, პადხალიმობას) და ქუჩის მუსიკოსების დროც დადგა: სცენები, სტუდიები და სამონტაჟოები მათ ხელში აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, საქართველოში ვარდებთან ერთად მუსიკალური რევოლუციაც მოხდა.

ერთი შეხედვით, თითქოს რა უნდა ჯობდეს იმას, რომ ფსევდო მუსიკოსები აორთქლდნენ და გზა ნიჭიერებს დაეთმოთ? მაგრამ მეორედ თუ შეხედავ დაინახავ, როგორ დაივიწყეს მეოცნბე–ფილოსოფოსებმა სხვანაირი, სუფთა სიყვარული და პოლიციაზე ამღერდნენ, ანაც ჯარზე, ომზე, მეეზოვეებზე, მერებზე, გუბერნატორებზე, რეესტრზე, გზებზე, ხიდებსა და არარსებულ გმირებზე.

ვეღარ მღერიან ახალ წელსა და დათოვლილ დროზე, ეგ კი არა ვაშლის გამყიდველებზეც ვეღარ ძრავენ სიტყვას. აღარ ეწერებათ, მუზები დაეფანტნენ. ისეთი სიმღერის შექმნის აზრს ვეღარ ხედავენ, რომელიც ძლიერთ არ აამებს, დათოვლილი გზები კი ძლიერებს კიდიათ, მათ გუბერნატორები და რეესტრი უფრო აინტერესებთ.

ასე იქცნენ ქუჩის ნიჭიერი მუსიკოსები კარის უნიჭო მუსიკოსებად; უნიჭო პირის გამღებები კი – ნიჭიერ პადხალიმებად. შედეგად ის მივიღეთ, რომ დღეს ქართულ ესტრადაში აღარაფერი ხდება (ვერ ვიტყვი მოკვადათქო, ცოცხალი არც არასოდეს ყოფილა), საერთოდ არაფერი.

ესტრადის მოყვარულთა შორის არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ მაშინ, როცა პირის გამღები მომღერლები ჭარბობდნენ – მძულდნენ, მაგრამ ცოცხალი ვიყავი, ახლა კი მუსიკალურ სასაფლაოზე ვარ.

ო, როგორ მინდა, რომ საქართველოში კვლავ უამრავი უნიჭო ვარსკლვალი ამობრწყინდეს (ამის გარეშე გამორიცხულია) და მათ ფონზე ისევ გამოჩნდნენ გაჭირვებული მეოცნებე–ფილოსოფოსები, რომლებიც ამჯერად მაინც არ გამიცრუებენ იმედებს.



სიყვარულით

კოკოლოზა

No comments:

Post a Comment