Monday, September 13, 2010

საბჭოთა საქართველო


მე საბჭოთა საქართველოში დავიბადე და ვერც წარმომედგინა თუ ცოტა ხანში თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე გავხდებოდი. ისე თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და დასავლურ ღირებულებებზე ფიქრით დიდად არც ვიკლავდი თავს, უფრო "ტურბოსა" და "ფინალის" "ნაკლეიკები", ეზოში ტანტალი და თანატოლებთან თამაში მიზიდავდა. თავისუფლება (!) და დამოუკიდებლობა(!!) თითოქს თავისით მოვიდნენ ჩემ ცხოვრებაში და უცბად ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებად იქცნენ, თან ისე, რომ არც ერთის მნიშვნელობა მესმოდა და არც მეორის. მეც დავიწყე უფროსების მსგავსად (89 წლის 9 აპრილს სულ რაღაც 6 წლისა ვიყავი) უაზროდ დროშების ქნევა და "საქართველო, საქართველოს" სკანდირება, მეც შევიყვარე (და მერე გადავიყვარე) ზვიად გამსახურდია და მეც ვიგემე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მანამდე წარმოუდგენელი გემო.
ყველაფერი ეს შეუგნებლად და თავისთავად ხდებოდა, რწმენა კი მხოლოდ ერთი რამისა მქონდა (მერე რა რომ ბავშვი ვიყავი), რომ სამუდამოდ გავთავისუფლდით იმ საშინელი ბოროტებისგან რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა (რომელიც ასევე გაურკვეველი მიზეზებით იყო ბოროტება).
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხათრით უამრავი რამ ავიტანეთ, მეც და ამ ქვეყანამაც, სრულიად აუტანელიც კი. და აქ შიმშილსა და სიცივეზე არ მაქვს ლაპარაკი. ავიტანეთ სიბეჩავე და უძლურობა, მარტოობა და დიდი რაოდენობით დაღვრილი უდანაშაულო სისხლი. ეს ყველაფერი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გავაკეთეთ, ან დავიჯერეთ რომ ასე იყო.
ჩემმა მოზარდობამ ამ ატანის პირობებში ჩაიარა და ეს ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა. ბევრი რამის ატანა შემიძლია, მხოლოდ ერთი პირობით: უნდა მქონდეს რწმენა, რომ რაღაც ცუდს ვშორდები და უკეთესისკენ მივდივარ.
ამ წლების განმავლობაში უამრავი რამ გადავაფასე და გადავახარისხე. ერთ რამეში კი არასოდეს შემპარვია ეჭვი: საბჭოთა კავშირი ბოროტება იყო და მისგან თავის დახსნა უდიდესი ბედნიერებაა, რომელიც მაინცდამაინც თანამედროვეებს დაგვატყდა თავს. ჩემი ბავშვური რწმენა არ იყო მცდარი და ეს შემდგომ წლებში შეძენილმა ცოდნამაც დაადასტურა.
ამ რწმენას შეუძლია საიმედო მეგზური იყს კარგი ცხოვრებისაკენ, მაგრამ ერთი უშველებელი ნაკლიც აქვს: გაბეცებს და მოვლენებს საღად ვეღარ უყურებ,ოღონდ ცუდს გაშორდე და კარგისკენ მიდიხარ თუ არა აღარც აკვირდები.
ასე აღმოვჩნდით კომუნიზმს გამოქცეულები შოვინიზმ/ნაციონალიზმში, მერე იქიდან გაქცეულებმა უკანონობასა და ძალმომრეობაში ამოვყავით თავი, მერე კი თითქოს იმასაც გმოვექეცით და დღემდე მოვედით. დღეს ძალმომრეობა აღარაა უკანონო, ჩვენ ის კანონიერების მკაცრ ფარგლებში ჩასმით დავამარცხეთ, მას აღარ ჭირდება იყოს დასჯადი, თავისულად შეიძლება თავადვე იქნას გამოყენბული დასჯის საშუალებად. ეს კი სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირი.
შოვინიზმ/ნაციონალიზმისა და უკანონო ძალმომრეობის დროს ჭირდა ხიზილალა და ვიცოდით, რომ ახლო მომავალში არც იგეგმებეოდა ამ დელიკატესის (კვლავ) გამოჩენა ჩვენ მაცივრებში. ხიზილალა დღესაც ჭირს, მაგრამ მავანნი გვეუბნებიან, რომ იხ უკვე ჩვენ მაცივარშია. ეს კი სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირი.
ბევრს ჯერა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში განათებული გზების ჯამური სიგრძით, რომ ჩვენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები ნაგავსაყრელზე იკვებებიან, რომ ჩვენი მტრები ჩამოიშლნენ მაშინ, როცა ჩვენ ინტენსიურად ვაგრძლებეთ შენებას, რომ თუ მისი კუჭი ცარიელია ეს მხოლოდ მისივე უნიათობის ბრალია, ყოჩაღი უცნობი კი, რომელიც ტელევიზორში აჩვენეს, უკვე მესამე საკუჭნაოს ავსებს. ხალხს ჯერა, რომ კეთილდღეობა ზოგთან უკვე მოვიდა და ზოგთან ჰა ჰა და მოვა. ეს კი სვხა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირი.
შემიძლია სრულიად უმეცარი, მორჩილი და ძლიერთა ხელებში შემყურე ჩინოვნიკები გავიხსენო, ან ლტოლვილების ამოჩემებულ თემას გადავწვდე და თბილისიდან მათი ნახირივით გარეკვის ამბავიც მოვიგონო, თუ როგორ ჩვეულებრივად მიიღო ეს ყველამ. ხოლო ვინც საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება, ყურისძირში მოხვდა. ეს კი სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირი.
და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მასშტაბებს. კომუნისტები კლავდნენ – ნაციონალები –ნაკლებად, ისინი ციმბირში ასახლებდნენ – ესენი წეროვანში (რამდენადაც ციმბირი ჩვენი აღარაა), ისინი სისხლიან რეპრესიებს ატარებდნენ – ესენი უსისხლოს. მთავარი სახელმწიფოს დამოკიდებულებაა ადამიანის მიმართ. არა ხალხის, მასის ან ბრბოს, არამედ ცალეკეული, კონრეტული პიროვნების მიმართ. ეს დამოკიდებულება ან არ არსებობს ან არსებობს ძალიან დამახინჯებული ფორმით. ეს კი სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირი.
მე საბჭოთა საქართველოში დავიბადე და მცირე (უსიამოვნო) შესვენების შემდეგ, ისევ საბჭოთა საქართველოში აღმოვჩნდი.
ჩემმა ბავშვურმა რწმენამ მარცხი განიცადა. ეს კი სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირი.

სიყვარულით
კოკოლოზა

No comments:

Post a Comment