მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის
ყურებისას, რაგბის სიხისტით შეცბუნებულმა
ერთმა კახელმა მკითხა, ამ სპორტში
წითელ-ყვითელი ბარათი თუ არსებობსო.
კი მეთქი.
ცოტა ხანს დაფიქრდა და გაკვირვებულმა მომახალა:
კი მარა, რაღა უნდა დააშავო რო ბარათი გიჩვენონო?!
მატიანე არაფერს ამბობს თუ როდის და რატომ გადაწყვიტეს მოსკოველმა “დრაკონებმა” (ჩვენებურად ალბათ გველეშაპებმა), ამ უკუღმართ დროს, მაინცდამაინც თბილისში ჩამოსვლა და “დევებთან” შებმა. არც სამშობლოში აკლიათ სპარინგ პარტნიორები და არც ევროპაში უჭირთ მოგზაურობა, თუმცა გულმა მაინც აქეთ გამოუწიათ და 2010 წლის 30 ოქტომბერს გორის “დილას” სტადიონზე, რაგბის ნამდვილი მოყვარულების, “დევებისა” და “დრაკონების” პირველი მატჩი გაიმართა.
მოყვარულობას ერთი უზარმაზარი ღირსება აქვს: თავისუფლების გრძნობა. ვაკეთებ იმიტომ, რომ მსიამოვნებს. არც ვალდებული ვარ, არც იძულებული, არც დამოკიდებული და გადაკიდებული – უბრალოდ მიყვარს და ვაკეთებ. თუ შეგიძლია შენც შეიყვარე და ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ.
სამოყვარულო რაგბი განსაკუთრებული რამაა. შორიდან შემყურე, არამცოდნესათვის შეიძლება გაუგებარი და ფუჭი, განდობილისათვის კი ლაღი და ახლობელი. მიდიხარ ვარჯიშზე სამსახურის შემდეგ (თუ გაგიმართლა და მუშაობ) ცოტა გეზარება და თან გიხარია, რომ დღის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი იწყება. დამთავრდა კომპიუტერთან თვალების თხრა (თუ გაგიმართლა და კომპიუტერიანი სამსახური გაქვს), კოლეგების უკბილო პრანჭვა, უფროსის უაზრო კომენტარები ან უაზრო კომენტარების თავად კეთება (თუ გაგიმართლა და თავად ხარ უფროსი); სირბილის, ჭიდაობის, ცელქობის და კარგი ხალხის დროა.
ასე ესმით რაგბი “დევებს” და როგრც აღმოჩნდა - “დრაკონებსაც”. მათაც გულით უყვართ თამაში და ისინიც თავისუფლად გრძნობენ თავს. არც გამორჩენას ელიან და არც დიდებას. თავის შემოქმედებით ჭიას ახარებენ.
ტრადიციები კი გველეშაპებს დევებზე მეტი აღმოაჩნდათ, მაგალითად: კბილის ჯაგრისისა და პრეზერვატივის მუდმივი თანხლება და თანაგუნდელის პირველივე მოთხოვნაზე წარმოდგენა (თორემ დაჯარიმდები!), რამდენიმე საკულტო სიმღერის სავალდებულო ცოდნა, ყოველი მოგზაურობისას თემატური ჩაცმულობა და მრავალი სხვა.
თავად თამაში კარგი გამოვიდა. ლელოებიც ლამაზი გავიდა და ჯიგარიც საკმარისზე მეტი იყო. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, მეტად მოძრავმა და ტექნიკურმა დევებმა, მეორე ტაიმში მეტოქეს აჯობეს და ცივ, წვიმიან ამინდში ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს. თუმცა ეს სიტყვები ოფიციალურ შეხვედრას უფრო მოუხდება, ვიდრე იმ ზეიმს რომელიც იმ დღეს ორ სამოყვარულო გუნდს ჰქონდა გორის სტადიონზე. და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ანგარიშსა და ციფრებს, როდესაც სტუმრად კარგი ხალხი გყავს და დამღლელი 80 წუთის შემდეგ მესამე ტაიმი გელის!
მატჩის შემდეგ, გორიდან თბილისისკენ მომავალ სტუმრების ავტობუსში უკვე ტრიალებდა საღამოს დასალევი ღვინის სურნელი და მოსალოდნელი შემაძრწუნებელი მხიარულების ნაცნობი წინათგრძნობა.
ასეთ ხალხს რომ ხვდები მალევე რწმუნდები, რომ შენიანები არიან და მათი ნაციონალური, რელიგიური თუ იდეოლოგიური კუთვნილება აღარც კი გაინტერესებს (მანამადე ცოტათი მაინც თუ გაღელვებდა).
საქართველო მოყვარულების ქვეყანაა, ოღონდ ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. მოქალაქეები არ (ან ვერ) აკეთებენ იმას, რაც უყვართ, ხოლო რასაც აკეთებენ მოყვარულის, დილეტანტის დონეზე. ალბათ ამიტომ იყო, რომ ამ უწყინარ, მეგობრულ მატჩს კუდიანებმა კუდი გამოაბეს და ლამის ქართულ-რუსული დაპირისპირების ქვაკუთხედად მონათლეს.
სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით მარტივად იყო: მოსკოვიდან კარგი ხალხი ჩამოვიდა რაგბის სათამაშოდ და მოსალხენად, უამინდობის გამო თბილისში მოედანი რომ არ მოიძებნა, ორგანიზატორებმა გორის სტადიონი მოახერხეს, 2 სარაგბო და ერთიც ალკოჰოლურ-გასტრონომიული ტაიმის შემდეგ, კარგი ხალხი შინ გაემგზავრა, ახალი მეგობრებით, დაუვიწყარი მოგონებებითა და ნაბახუსევით გამდიდრებული. ამაზე უკეთესი კი ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში კაი ხანია არაფერი გაკეთებულა.
P.S. დასალევი კიდევ ბევრია
სიყვარულით
კოკოლოზა
No comments:
Post a Comment