Sunday, September 12, 2010

ძვალი

ბევრმა რამემ შეიძლება შეურაცხყოს ადამიანი, ძალიან ბევრმა. ახლა ჩამოთვლა რომ დავიწყო უშველებელ სიას გავაშანშალებ, მაგრამ სია რად გვინდა ექსკურსიაზე ხომ არ მვიდივართ, ერთ მათგანზე გავჩრედები. რა შეიძლბა იყოს გადმოგდებულ ძვალზე მეტად შეურაცხმყოფელი? ძვალზე, რომელსაც კარგად მოქცევის შემთხვევაში დიდსულოვნად მოგვიგდებენ და მადლობასაც იქით ითხოვენ. ძვალზე, რომელსაც დიდი ხანი ელი და მიღებისთანავე ივიწყებ ყველა წარსულ წყენასა და ცემა–ტყეპასაც კი. ძვალზე, რომელიც არც გემოთი ვარგა და არც სურნელებით, მაგრამ უკეთესზე არც ოცნებობ.
ადამიანები ხშირად ცდილობენ ერთმანეთი სწორედ ასეთი ძვლების მოლოდინში ამყოფონ და გამოსდით კიდეც. ჩვენც ადამიანები ვართ და ისე აღმოვჩნდებით ხოლმე გადმოგდებული ძვლის იმედად, რომ თავადაც გვიკვირს. არადა ეს მაშინ ხდება, როცა თითქოს გაცილებით მეტს ვიმსახურებთ, მაგლითად უშველებელ ხორცის ნაჭერს, ან შნიცელს, სამაგიეროდ კი გამომხმარ ძვალს ვიღებთ, რომელიც უვარგისია და ყელში გვეჩხირება, მაგრამ მაინც ბედნიერები ვართ იმიტომ, რომ შეიძლება ესეც კი ვერ მიგვეღო.

უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მიმზიდველია ძლიერთა მიერ გადმოგდებული ძვალი, მით უმეტეს მაშინ, როცა დიდი ხანია არაფერი დაგიხრავს, მაგრამ ო, როგორი შეურცხმყოფელი. მთელი ცხოვრება ვცდილობ ამ ძვლებზე მაღლა დავდგე და როგორმე უარი ვთქვა მათზე: ან საუკეთესო მივიღო, ან სულაც არაფერი. ძირითადად სულაც არაფერს ვიღებ, მაგრამ მაინც ჯიუტად ვაგრძელებ ხორცის ნაჭრისათვის ბრძოლას. ამის გამო ხან ამპარტავანი ვჩანვარ, ხან ზედმეტად ამაყი, ხან პატივმოყვარე და ხანაც უბრალოდ დეგენერატი, მაგრამ გადმოგდებული ძვლით დაკმაყოფილებას ყველაფერი მირჩვენია.

აბა გაიხსენეთ რამდენჯერ წამოგიწყიათ ბრძოლა უსამართლობასთან (ლოკალურ უსამართლობას ვგულისხმობ და არა ზოგადსაკაცობრიოს), რამდენჯერ გადაგიწყვეტიათ, რომ სამართლიანობას მიაღწევდით და რამდენჯერ გაყიდულან შუა გზაში თქვენი უპრინციპო თანამოაზრეები სახრავ ძვალზე. ახლა კი დაფიქრდით თავად რამდენჯერ გაყიდულხართ.

რომ ვფიქრდები და ვითვლი საკუთარი თავი მძულს. მერე იმასაც ვხვდები, რომ ალბათ რამდენჯერმე ისე გავიყიდე ძვალზე, რომ თავად ვერაფერი გავიგე, თანამებრძოლი კი, ძალაუნებურად, მარტო დავტოვე ბრძოლის ველზე. ასეთ დროს სირცხვილი მჭამს: ნუთუ ძვალმა მაცთუნა?! ნუთუ ნებისყოფა არ მეყო, რათა ხორცისათვის ბოლომდე მებრძოლა?! ნუთუ არ იყო სხვა გამოსავალი?!

გამოსავალი ყოველთვისაა, უბრალოდ სიფხიზლე არ უნდა დაკარგო, რომ ერთ დღეს თავი გაყიდულ საქონელს შორის არ აღმოაჩინო.

ვგრძნობ, რომ, არცთუ მნიშვნელოვანი, მაგრამ მორიგი ძვალი ახლოვდება ჩემ ცხოვრებაში. უნდა გადავწყვიტო: ავიღო ძვალი და დავივიწყო რაც უწინ იყო, თუ უარი ვთქვა და ამაყად, ამპარტავნად და დეგენერატად გამოვჩნდე. ძნელი არჩევანია, ძალიან ძნელი. არც მშიერი დარჩენაა სასიამოვნო და არც დეგენერატად, მაგრამ ძვალი ხომ დიდი შეურაცხყოფაა, ძააალიან დიდი!

ასეთ ორჭოფობაში გავატარებ ალბათ მთელ ცხოვრებას ვიდრე თავად ძვლად არ ვიქცევი.


სიყვარულით
კოკოლოზა

No comments:

Post a Comment