Wednesday, November 13, 2013

ავე ვერუმ კორპუს

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკას მთელი შეგნებულ-შეუგნებელი ცხოვრება ვუსმენ, ექსპერტის რანგში თავი მაინც ვერ ამყავს. ან როგორ ავიყვან, გრამი მუსიკალური განათლება არ მაქვს, ნოტებს მხოლოდ გამადიდებელი შუშით ვანსხვავებ ერთმანეთისგან და ვერც ისეთ დახევიწილ ტერმინებს ვფლობ, როგორიცაა დეტონაცია, სინკოპა, სტაკატო, ან თუნდაც ანდანტე კანტაბილე.
მუსიკა კი მიყვარს და მიყვარს.
სამაგიეროდ ვიცნობ ადამინებს, რომლებსაც არც ნოტები ჭირდებათ, არც ანდანტე კანტაბილე და შენ წარმოიდგინე, არც პრესტო სოსტენუტო, საიმისოდ, რომ კონცერტიდან თავაწეულები გამოვიდნენ და ნიშნის მოგებით თქვან - "სუსტი შესრულება იყო".
აი იქ კი ჩავფიქრდები ხოლმე: მაინც რა მოისმინა ამან ისეთი, რაც მე ვერ მოვისმინე. სოლისტი ჩავარდა თუ ორკესტრი, იქნებ ორივე? აბა მე რატომ ვარ ასეთი კმაყოფილი? რამ აღმაფრთოვანა ასე? ხომ ვიცი, რომ ამ ე.წ. "კრიტიკოსს" ეს ნაწარმოები არც სხვისი შესრულებით მოუსმენია და, საერთოდ, სმენაც არა აქვს. აბა რამ გაათავხედა ასე, რომ საწყალ მუსიკოსებს ამხელა შრომა წყალში ჩაუყარა?
ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ ერთხელ მივიღე ცხოვრებაში, ერთი ლატვიელი გოგოსგან, რომელიც ნოტებსაც სხაპასხუპით კითხულობს, დეტონაციაც იცის რა არის და უამრავი ნაწარმოები სულ ნაირნაირი შესრულებით აქვს მოსმენილი.
 ცივი რიგული ზამთრის ერთ საღამოს, ცივი ხაჭაპურის ჭამისას, ზანემ დაიწუწუნა: დიდი ხანია კონცერტიდან სიამოვნება არ მიმიღიაო. რატომ მეთქი. კრიტიკოსი ვარ და იქ სხვა საქმე მაქვსო.
და მაშინ სრულიად გულწრფელად ვუთანაგრძნე საბრალო გოგონას. ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას და გული გადამიქანდა. წარმოვიდგინე, რომ კონცერტზე იმ განწყობით მივდივარ, რომ რაღაც ცუდი უნდა გამოვჩხრიკო, შეცდომა უნდა დავიჭირო, "არასწორმა" ინტონაციებმა ნერვები უნდა მომიშლონ და დარბაზიდან გამარჯვებული და უჟმური უნდა გამოვიდე.
არა ძმაო - გავიფიქრე ჩემთვის და ზანესაც იგივე ვუთარი - მე ისევ ჩემ უმეცრებას ავირჩევ. მირჩევნია ძველებურად "ვერაფერი გავიგო" და სიამოვნება მივიღო, ვიდრე მთელი კონცერტი ჩასაფრებულმა გავატარო.
რა აზრი აქვს შენს კრიტიკოსობას თუკი მუსიკით სიამოვნების მიღება დაგავიწყდა. რისი კრიტიკოსი ხარ, თუ წლები ისე გავა, რომ ერთ აღფრთოვანებულ წერილს ვერ დაწერ. ერთი კონცერტი, ერთი პასაჟი მაინც გულში არ ჩაგწვდება. რა გინდა სლიმაზის სამყაროში თუ შენი მიზანი სიმახინჯის ძებნაა.
მართალი ხარო - დამეთანხმა და ისე შემომხედა, თითქოს მსგავსი რამ პირველად გაეგო.
(სხვათა შორის ზანემ ის საუბარი რამდენიმე წლის შემდეგაც გაიხსენა).
მას შემდეგ ჩემი თეორიული უვიცობა დიდ პრობლემას აღარ მიქმნის. რაც მთავარია სიამოვნების მიღებას ვახერხებ და როგორც კი ვეღარ მოვახერხებ მუსიკის მოსმენასც დაუყოვნებლივ შევეშვები.
ხოლო იმ ხალხის საპასუხოდ ვინც თავმომწონედ და აბსოლუტურად დაუსაბუთებლად აცხადებს, რომ "სუსტი შესრულება იყო", უკვე აღარაფერს ვამბობ. ჩუმად შევხედავ ხოლმე სიბრალულით და ჩემ ემოციებს ვუბრუნდები, დიდი ალბათობით მათი უმრავლესობა ამას საკუთარი უმეცრების დასაფარად აკეთებს.
ამ ამბის დასასრული კი მისივე დასაწყისშია. ამ ყველაფერზე ფიქრი გუშინ დავიწყე, როცა ერთი ნაცნობი და ძალიან ძვირფასი ნაწარმოები აღმოვაჩინე განსაკუთრებული შესრულებით. საფერავივით შერულება იყო: მსუყე და დამაჯერებელი, მცირე დოზით რომ უნდა მიიღო ისეთი. მე არ ვიცი, როგორი ბალანსია ორკესტრსა და გუნდს შორის, ფაგოტები ურევენ თუ არა, ზედმეტად ნელია თუ არა ეს შესრულება მიღებულთან შედარებით, მაგრამ ის კი ნაღდია, რომ მოცარტის "ავე ვერუ კორპუს" ბავარიის რადიოს ორკესტრისა და გუნდის შესრულებით  და
ლეონარდ ბერნშტაინის დირიჟორობით ჩემი სულის ყველაზე ღრმა კუნჭულს ჩაწვდა.
მუსიკა კი მიყვარს და მიყვარს

სიყვარულით
კოკოლოზა




   

Wednesday, September 18, 2013

უცაბედი თავისუფლება

წარმოიდგინე, რომ ორი კვირა შვებულებაში იყავი. არც ისე უკიდეგანო, მაგრამ მაინც მრავალფეროვანი სამშობლოს კუთხეებს უვლიდი, აღმოჩენებს აკეთებდი და იმ თავისუფლებას გრძნობდი, რომელიც მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორეზე უაზროდ გადაბოდიალებისას იგრძნობა. შეუზღუდაობის გრძნობა ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ცუდი მხარეც აქვს - რყვნის. თუმცა ახლა სხვა რამეზე ვწერ: წესიერ და პატიოსან თავისუფლებაზე. მოკლედ, მოგზაურობ თავისუფლების პატიოსანი შეგრძნებით და ცოტა ხნით იჯერებ, რომ ... ეს ადგილი დაიმახსოვრე, ახლა რაღაც მოხდება.

ის, რაც ზემოთ წერია ერთი თვის წინ იყო და მაშინ მართლაც მოხდა რაღაც: ჩემი ცხოვრება კვლავ უწყვეტ შვებულებად იქცა - სამსახური დავკარგე.
უფრო სწორად თავად სამსახური დაიკარგა, სადღაც. გაქრა, აორთქლდა.
ეს ერთი თვე მართლაც თავისუფლებასთან სამტკბილობაში გავატარე, ახლა კი, როცა ვიგრძენი, რომ კვლავ უსაქმურობაში ჩახრჩობის საშიშროების წინაშე ვდგავარ ძველი გრძნობები დამიბრუნდა და აქაურობას მოვაკითხე. ისევ "დებორას თემა" ჩავრთე და ვცდილობ მორიგი სისულელე დავწერო.
თუმცა მეტი რაღა სისულელე მინდა, კარგადანაზღაურებადი და, ასე თუ ისე, შემოქმედებითი სამსახური დავკარგე და კვლავ პროლეტარიტის წიაღში დაბრუნების მოლოდინში ვარ.
ასეა, მუშაობ და უკმაყოფილო ხარ, რომ სამსახურში არავინ გიღიმის, უმუშევარი რჩები და ნატრულობ: ოღონდ უკან დამაბრუნე და ტრაკში უტენია ყველას თავისი ღიმილი. მაგრამ ამიტომაა ეს ცხოვრება ასეთი დიადი: როგორც წესი, სამსახურს, გარშემომყოფთა ღიმილს და კიედვ ბევრს სხვა სიკეთეს ერთდროულად  კარგავ.
და, ალბათ, სწორდ ესაა ის მომენტი, როცა პიროვნულად გაზრდის საუკეთესო შანსი გეძლევა. როცა უნდა მიხვდე, რა ჯანდაბას აკეთებ ამ ქვეყანაზე და სხვა ჯანდაბის გაკეთება ხომ არ აჯობებდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ - უმუშევრად დარჩენა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ერთ-ერთი სასუალებაა, ოღონდ უნდა იჩქარო, თორემ თუ დროზე არ შეიცანი, უსაქმურობა ქრონიკულში გადაგივა და ამ უპირატესობასაც დაკარგავ.
მე ახლა სწორედ ამ პროცესში ვარ. ვცდილობ ქრონიკულ დაავადებას დავასწრო და უცბათ თავს დამტყდარი თავისუფლება ოდნავ მაინც საჩემისოდ გამოვიყენო, თუნდაც იმით, რომ ხანდახან აქეთ შემოვიარო და მორიგი სისულელეები დავაფრქვიო.
მაშ ასე, ჩემ ცხოვრებაში ელიტარული პერიოდი დასრულდა. პროლეტრებო ყველა ქვეყნისა: მოვდივარ, თქვენი დედაც!..

სიყვარულით
კოკოლოზა

Thursday, May 2, 2013

ღიმილის მოლოდინში

ამ ბლოგს სულ 4 მკითხველი ჰყავდა, 2 მოკვდა, დარჩენილთაგან ერთერთმა კი მისაყვედურა, რატომ აღარაფერს წერო. რა დავწერო, ეს ოხერი, ვერ ხედავ რუტინამ ჩამყლაპა მეთქი - მინდოდა მეპასუხა, მაგრამ არ ვუპასუხე, ორიღა დარჩნენ და ხომ არ ვაწყენინებდი. რამეს დავწერ მეთქი - ვუთხარი.
ჰოდა ვწერ, მაგრამ რას, ჯერ არ ვიცი.
...

კეკლუცობაზე დავწერ, თავმომწონეობასა და კოპწიაობაზე. როცა უმუშევარი ვიყავი და ლამაზ-ლამაზ ოფისებში მომუშავე თანატოლებს ვხედავდი, ვფიქრობდი ალბათ ეს ხალხი რაღაც განსაკუთრებულ ცოდნას ფლობს მეთქი, რადგანაც ინგლისური და კომპიუტერი მეც კარგად ვიცოდი, სპეციფიური განთლება კი არ მქონდა, გავიდა დრო და მივხვდი, რომ ამ ხალხის უმრავლესობამ ინგლისური და კომპიუტერიც კი არ იცის და არც სწავლით იკლავს თავს. მივხვდი, რომ მათი "მაღალპროფესიონალიზმი" მაღალ ინტელექტთან კავშირში არაა და გული დამწყდა, ცოტა ხანში კი იმასაც მივხვდი, რომ არც მაღალ იდეალებთანაა ახლო და მთლად გული ჩამეწვა.
 ახლა ისეთ დაწესებულებაში ვმუშაობ, სადაც ადამიანებს თავმომწონეობა და კეკლუცობა მოჭარბებულად ახასიათებთ და სიამოვნებით უზიარებენ ფართო საზოგადოებას. მათ უკვე იმდენად მოსწონთ საკუთარი თავი, რომ არც კი ფიქრდებიან იმაზე, ვითარდებიან თუ არა როგორც პროფესიონალები, ხდებიან თუ არა უკეთესები თავად და ხდიან თუ არა სხვებს. მათ უკვე აღარ აინტერესებთ, თუ რას იტყოდა ამა თუ იმ საკითხზე, მაგალითად სოკრატე ან ჰაიდეგერი, ბეკონი კი სულაც საუზმეზე მისართმევი "ვიჩინა" ჰგონიათ. ისინი თავდაჯერებულად იქცევიან და შექმნილით კმაყოფილნი კარიერულ წინსვლას გრძნობენ. მე კი ვუყურებ გარედან და მარტოობას ვგრძნობ. განა იმიტომ, რომ მეც მათსავით წინ არ მიდივარ, არამედ იმიტომ, რომ ეს წინსვლად არ მიმაჩნია და საერთოდაც არ ვიცი რა შეიძლება ჩაითვალოს წინსვლად.

ყოველ დილით სამსახურში იმ იმედით მივიდვარ, რომ ვიღაც ღიმილით დამხვდება. ცხოვრებაში ღიმილის ნაკლებობას არ ვუჩივი, უბრალოდ მინდა, რომ ჩემს გვერდით "ადამიანები" სამუშაო დროსაც იყვნენ, მაგრამ მათგან ამის გამოძალვა საკმაოდ ძნელია. ისინი თავის პატარა საქმებზე ფიქრობენ და ღიმილში დროს არ კარგავენ, თორემ შეიძლება ეს დრო სხვამ უფრო რაციონალურად გამოიყენოს და მათი წინსვლაც შეფერხდება.
მათ კარგად აცვიათ და ლამაზად ლაპარაკობენ, მაგრამ არ იღიმიან. მიჭირს ასე მუშაობა, მაგრამ რა ვქნა, იმედი არ მაქვს, რომ სხვაგან წასვლით უკეთეს დღეში აღმოვჩნდები, სხგანაც იგივეა. ამიტომ ვრჩები სადაც ვარ და ალაგ-ალაგ გადმოგდებული ღიმილით ვსაზრდოობ.

სიყვარულით
კოკოლოზა










Sunday, January 6, 2013

ჩემი მოწყენილი ჭია

დიდი ხანი გავიდა, რაც აქ არაფერი დამიწერია. ეს კი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ   ამ სისულელეებს უსაქმურობის გამო ვწერდი, ახლა კი, როცა საქმიანი კაცი გავხდი და დედამიწის ავი და კარგი მაბარია,  კომპიუტერში მიგდებული პატარა დღიური აღარც მახსენდება და დროდადრო თუ დავხედავ ხოლმე გულის წყვეტით. ეგ კი არა, ერთ დროს საოცნებო დებორაც კი მიმავიწყდა. ქალი, რომელიც კიდეც მძულს და კიდეც მიყვარს.
ახლა ავად ვარ, თან დასვენების დღე მაქვს და არც მეგობრებს ვახსოვარ, ამიტომ თავისუფალი დრო გამიჩნდა და უსაქმობისგან ისევ სტაფილოს მოვადექი. მოდგომით კი მოვადექი, მაგრამ რა დავწერო? ნუთუ სათქმელი გამომელია? იქნებ მზერა დამიჩლუნგდა, ან გონება? ვაითუ დავბერდი და სითამამე დავკარგე! რაღაც აშკარად დავკარგე, მაგრამ რა?
ნაპერწკალი, მარილი, ჯიგარი, მუზა, ლიტერატურული პოტენცია?...
და უცებ დამარტყა, ახლა ამ წუთას. მივხვდი ყველაფერს. განათდა და გასხივოსნდა: არასტაბილურობა დავკარგე. ბედის ანაბარად ყოფნა დავკარგე. ექსტრემი დავკარგე. დუნემ და გაქსუებულმა კი აბა რა უნდა დაწეროს! 
სამყაროში საინტერესო კვლავ ბევრია, როგორც ადრე, დასაცინიც ბევრია, გასალანძღიც და გასალახიც, მაგრამ მე ვეღარ ვგრძნბ თავს დამცინავ-გამლანძღავად, სუფთა ტანსაცმელი მაცვია და დასვრა არ მინდა.
რაღაც უნდა შევცვალო, ძველ განწყობას უნდა დავუბრუნდე. ნივთები და პერსონალიბი ისევ ფეხებზე დავიკიდო და დებორას ბოზ ნატურაზე ვიფიქრო. მერე ისევ შემოვალ ხოლმე აქ და ისევ დავწერ სისულელეებს, გამოვჩიჩქნი სადღაც მიძინებულ ჩემ ჭიას და ისევ გავახარებ. იმიტომ, რომ თუ ჭიამ არ გაიხარა, ადამიანიც ვერ გაიხარებს.
ისე, ახლა გამიელვა თავში: ადამიანის ცხოვრება ჭიის გახარებაა. ცოცხალი ხარ ჭიას ახარებ, კვდები და ახარებ და ახარებ.
ჩემმა ჭიამ მოიწყინა, უნდა გავახარო.

სიყვარულით
კოკოლოზა