Wednesday, May 26, 2010

რეპორტაჟი


დემონსტრაციის მონაწილის რანგში რუსთაველის გამზირის ნახევარი გავიარე და ეს–ესაა... (ჭავჭავაძის ყოფილა) ჭავჭავაძის ქუჩაზე ამოვუხვიე. ნელი ნაბიჯით ავდივართ აღმართზე მე და ჩემი "თანამოაზრენი", თუმცა ალბათ არც ისე ბევრი გავქვს მე და ამ ხალხს საერთო.
მივყვები ქვაფენილს და სიარულში ვჯღაბნი ამ სისულელეს. ფურცელი ბანკში ვითხოვე, კალამი – შევიძინე და პარალელურ რეჟიმში ვაშუქებ მსვლელობას უზენაესი სასამართლოსკენ.

დღეს პოლიტ, უკანონო და პოლიტ–უკანონო პატიმრების არსებობას ვაპროტესტებთ. აგერ, ჩემს უკან, ვიღაც კაცი დანგრეული რუსულით აძლევს ინტერვიუს რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტს. თურმე ეს საწყალიც მჯდარა ციხეში, ოღონდ შევარდნაძის დროს (ნეტა რისთვის?!).

ტრიბუნაც გამართეს (სად მოასწრეს ასე მალე!) და მავანმა ადვოკატმა სასამრთლოს თანამშრომლებს გონს მოსვლისაკენ მოუწოდა.

იფჰ, ვინ მადლიანმა დააყენა ეს მანქანა აქ, ფურცელი დავდე და ამოვისუნთქე, ახლა ნორმალურად შემიძლია წერა.

ხალხი არც ისე ბევრია, თუმცა ბოლო დროს ჩამოყალიბებულ სტანდარტებში ზის – საშუალოზე უფროსი ასაკისაა. ბევრია...

რას შვრები, რას!.. თვალსა და ხელს შუა გამომაცალეს მანქანა ფურცლიდან და დავრჩი ისევ ხელის გულის ამარა.

მოხუცებზე ვამბობდი, უკაცრავად, ასაკოვან ხალხზე: უცნაურია, რატომ აქვთ ამ ქვეყანაში ბებრებს უფრო დიდი პროტესტის გრძნობა ვიდრე ახალგაზრდებს! მართალია ამ ბებრების პროტესტი ხშირად აბსტრაქტული და გაუაზრებელია, მაგრამ ხომ არსებობს. ამ ლამაზ–ლამაზ, ნაქებ ახალგაზრდობას რა ჭირი დაემართა, რამ დაამწნილა?!



აქ მეგობარი მოვიდა და წერა შევწყვიტე. ახლა ის ფურცელი აღმოვაჩინე და მინდა გავაგრძელო. სამწუხაროდ, პარალელურ რეჟიმში აღარ გამოვა, მაგრამ შევეცდები ის განცდა აღვიდგინო, რაც იმ დღეს მქონდა.

პროტესტზე ვწერდი, ბებრულ პროტესტზე. იმაზე, რომ ხანში შესული, დაღლილი და ძალაგამოცლილი მოხუცები თავში მეტ ენერგიას პოულობენ პრინციპებისათვის საბრძოლველად ვიდრე ჯან–ღონით აღსავსე ახალი თაობა. ამ პრინციპების ვარგისიანობაზე არაფერს ვამბობ, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში, პროტესტისა და შეუგუებლობის გრძნობა ასაკოვავან ხალხს უფრო უჩნდება ვიდრე ახალგაზრდებს. არადა თითქოს პირიქით უნდა იყოს: სტუდენტებმა, მოსწავლეებმა და მათნაირებმა, უნდა იხმაურონ, მეტი და უკეთესი მოითხოვონ, გაჯიქდნენ, გაურჩდნენ და გაჯიუტდნენ, ისინი კი შარდენს, ბრჭყვიალა შუშის ხიდებს, შუშისავე ("სუპერმარკეტივით") პოლიციას და ალტერვიზიას ჯერდებიან.

ჩაუვლიან ხოლმე გვერდით მიტინგებსა და დემონსტრაციებს და ისედაც სასოწარკვეთილი ადამიანების გასაღიზიანებლად სახელობით ბრუნვაში გაჰყვირიან იმის სახელს, ვისი ხსენებაც მხოლოდ მიცემითსა და ნათესაობითში შეიძლება.

არადა სახმაურო, გასაჯიქებელი და მოსათხოვნი იმდენია, კიდევ ბევრი თაობა რომ არ ეყოფა მათ ასრულებას. შეიძლება დღევანდელმა ახალგაზრდობამ სიბერეში იტკიცოს შუბლში ხელი და მაშინღა დაიწყოს იმისათვის ბრძოლა რისთვისაც ახლაა საბრძოლველი. იქნებ დღევენდელი მოხუცებიც ასე არიან. და იქნებ სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით (თუ მეტით არა) უკან ვართ იმაზე სადაც უნდა ვიყოთ.

საბოლოოდ კი ჩემი მოკლე ჭკუით იმ აზრამდე მივდივარ, რომ. ამ ქვეყანას ერთი რამ მნიშვნელოვანი აკლია. განვითარებული საზოგაოდებები ამას სოლიდარობას უწოდებენ, მაგრამ რადგანაც ასეთებს არ მივეკუთვნებით, ჩვენებურად ვიტყვი: თანაგრძნობა გვაკლია. ამ ნეოსაბჭოთა ქვეყანაში განსაკუთრებით ამაღლებულად ჟღერს სიტყვა თანაგრძნობა, რომელიც ბევრად ჯობს სოლიდარობას. მით უმეტეს ისეთი ერთეულების გვერდით როგორებიცაა ”ჩარეცხილები", "აჟიტირებული", "ყველაზე – ყველაზე", "გაიხარე", "ჩვენ დავამარცხეთ" და ასე უსასრულობამდე.

ერთი კარგი ქართული სიტყვა კი თავისი მნიშვნელობიანად სადღაცაა გამქრალი რეალობიდან. ამიტომაა, რომ ახალგაზრდებს ურჩევნიათ იყონ აჟიტირებული და თანამედროვე, ვიდრე თანამგრძნობი და ძველმოდური.

ხშირად მეც მეზარება თანაგრძნობა და სახლში გდებას ვარჩევ ხოლმე, აფსუს! ეტყობა ჯერ მეც ახალგაზრდა ვარ.

სიყვარულით
კოკოლოზა