Saturday, July 14, 2012

ჩემი "დალაიქებული" გრძნობები

ფეისბუქს ვერ შევეჩვიე. ყოველ დღე შევდივარ, ყოველ დღე ვამოწმებ მარცხენა ზედა კუთხეში გაწითლებულ ციფრებს და ყოველდღე ვჩანვარ "მეგობრების" "ჩატში", მაგრამ ამ ყველაფრისგან სიამოვნების მიღბა ვერ ვისწავლე. ასე მგონია, რომ ყველაზე ნაღდი და ალალი ამ გვერდზე ის უაზრო თამაშებია, რომლებსაც ათასობით უშვებს საიტის შემქმნელი. ჰოდა, მეც ვზივარ და ვთამაშობ.
ძირითადად ვთამაშობ ბურთების ზემოთ სროლას და  სამი ერთნაირი ფიგურის მოგროვებას, ესაა და ეს. ჩემი ფეისაქტივობა ამით შემოიფარგლება.
პოსტების, სტატუსების, კომენტარების,  ლაიქების, ჯანდაბებისა და ჯახნაბების წერას კი ვერ შევეგუე. ასე მგონია, რომ რაც არ უნდა დავწერო და რაოდენ მნიშვნელოვანი რამაც არ უნდა ვთქვა, რამდეიმე კომენტარზე შორს ვერ წავა, "დალაიქდება" და გაუფასურდება. მისგან არც ერთ მეგობარს გულში არაფრი დარჩება, მე კი ვერ ვხვდები საერთოდ რა საჭიროა რამის თქმა, თუკი გულში არავის არაფერი დარჩება.
ხანდახან, ძალიან მინდა მეგობრებს ჩემი უცნაური განწყობა გავუზიარო, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმიტომ, რომ ვიცი "ფეისბუქზე" დიდი განსხვავება არაა რას დავწერ, ამას: "დღეს უცნაური გულისტკივილით გავიღვიძე, თითქოს დედამიწაზე ყველაზე მარტოსული არსება ვიყო", თუა ამას: დღეს ადრე გავიღვიძე, ვისაუზმე და სამსახურში წავედი, ტაქსისტი მაგარი დეგენერატი იყო". ორივეს ერთი ბედი ელის - დალაიქება და დავიწყება.
არ მინდა ჩემი გრძნობები, რომლებიც ყველაზე ძვირფასია რაც გამჩნია, ფეხქვეშ გაითელოს იმის გამო, რომ ფეისბუქი  "მეგობრებს" შორის ურთიერთობის ლამის ერთადერთ საშუალებად იქცა.ამიტომ ვზივარ და ვთამაშობ ბურთების ზემოთ სროლსა და სამი ერთნაირი ფიგურის მოგროვებას, გრძნობებს კი ჩემთვის ვინახავ, რომ ოდესმე ნამდვილ მეგობრებს გავუზიარო.

სიყვარულით
კოკოლოზა