Wednesday, September 8, 2010

გრძნობითა ვარ აღასავსე

გრძნობითა ვარ აღასავსე და მინდა ეს ვინმემ გაიგოს. ისიც კი არ ვიცი რამ აღმავსო ამ ოხერი გრძნობით: მეგობრის ახლადდაბადებულმა ბავშვმა, კამკამა ტბაში ცურვამ თუ რამდენიმე ჭიქა არაყმა. ამას დიდი მნიშვნელობა არცა აქვს ალბათ.
გრძნობით ვარ აღსავსე და ამ გრძნობას სადღაც უაზრობაში მივყავარ, სადღაც გამოუთქმელში. რომ გინდა შენ გრძნობებზე ილაპარაკო და სათქმელი კი ბევრი არაფერი გაქვს; ერთი ფრაზა გიტრიალებს თავში და სიტყვაც კი ვერ დაგიმატებია.

გრძნობით ვარ აღსავსე და ვნანობ, რომ გამზიარებელი არავინაა. შემეძლო "განვითარებული" ადამიანივით ფეისბუქისთვის მიმემართა და ჩემს პროფილზე მოურიდებლად დამეწერა "გრძნობით ვარ აღსავსე", მაგრამ მე ხომ ვიცი, ფეისბუქი როგორ აფერმკრთალებს გრძნობას და როგორ უტოვებს მხოლოდ სტატუსის სახეს. სტატუსს კი გამზიარებელი არ ჰყავს, არამედ მხოლოდ რამდენიმე უკბილო კომენტატორი.

მე კი გრძნობითა ვარ აღსავსე და არ მინდა მარტო დავიცალო ამ გრძნობისგან. არ მინდა ეს უცნაური მდგომარეობა საიდუმლოდ დავტოვო .თუმცა ალბათ მომიწევს, ამ შუა ღამისას სად იპოვი მოზიარეს?! დღისითაც კი სანთლითაა საძებარი.

არადა გრძნობითა ვარ აღსავსე. ასეთი რამ ხშირად ხდება, მაგრამ ძირითადად უცხოსათვის განდობის ცხოველი სურვილის გარეშე ჩაივლის ხოლმე. დღეს კი ყველაფერი სხვაგვარდაა, დღეს ჩემი გრძნობა საჯაროა, ვაი რომ ჯარი არაა არსად. ჯარი კი არა ერთი დაფეხვილი ეფრეიტორიც კი სანატრელია.

გრძნობითა ვარ აღსავსე და დაძინების გარდა სხვა ალტერნატივა არ მაქვს. უნდა ჩავახშო ჩემი მოზღვავებული გრძნობები და რუტინულ (თუმც არც ისე უსაიამოვნო) ძილს მივცე თავი, ისევე როგორც ჩემი დიადი და მრავალგზის ნადღეგრძელები სამშობლო აკეთებს აგერ უკვე N წელია. მეც ხომ მისი ნაწილი ვარ და თანაც საკმაოდ ბევრჯერ ნადღეგრძელები; ჩედმამიც ხომ იგივე მოთხოვნებია წაყენებული: დაივიწყე გრძნობები და დაიძინე! ამიტომ მეც მორჩილად, უკეთესი მომავლის იმედით, გრძნობებს თაროზე შემოვდებ და ტკბილი ძილით დავიძინებ, რომ ხვალ ხალხში არ შევრცხვე.

ეს ოხერ–ტიალი, გრძნობითა ვარ აღსავსე!
სიყვარულით

კოკოლოზა

No comments:

Post a Comment