Sunday, January 3, 2010

უნამუსო


საერთოდ არ გავსულიყავი ნეტა დღეს სახლიდან! თუმცა, რაც მოხდა, შეიძლება ჩემთვისვეა უკეთესი და კათარზისის დასაწყისია. ასევე შესაძლებელია, რომ ორ დღეში სულაც გადამავიწყდს ეს ისტორია. არ მინდა ასე მოხდეს, ამიტომ აქ ჩავწერ.

დღეს 3 იანვარია. 31-ში, პირველსა და ორში გადატანილმა დიდმა ბრძოლებმა ამ დღის სახლში, მშვიდად გატარება გადამაწყვეტინეს. მთელი დღე ცხვირი არ გამიყვია გარეთ, საღამოს კი, თითქოს ეშმაკი შემიჩნდაო, მაინც ქუჩაში გასვლა მოვინდომე. სტუმრად წასვლა კიდევ ერთ ბრძოლას ნიშნავდა, ამიტომ სპორტულად გამოვეწყვე და უმისამართოდ გავუყევი ვაჟა-ფშაველას გამზირს. ჯიბეში ერთი 10 ლარიანი, ერთი 1 ლარიანი და 40 თეთრი მედო (ამას მნიშვნელობა აქვს). გზად მოხუცმა ქალმა გამაჩერა და დიდი მოწიწებითა და ზრდილობით მთხოვა რაღაცაზე (მგონი წამალზე) ლარი მაკლდება და იქნებ დამეხმაროო. თბილისში თუ ცხოვრობ ასეთი ბებია მრავალად გეყოლება ნანახი, ზოგი რა ისტორიას გიყვება და ზოგი რას, შენც შეძლებისდაგვარად ეხმარები. ამიტომ არ გამკვირვებია, საფულე მოვჩხრიკე და ლარიანი და 40 თეთრი ვიპოვე. ლარის მიცემა მებევრა და 40 თეთრი გაუვწოდე - ეს მაქვს და აიღეთ მეთქი.

რამდენიაო - მკითხა.

40 თეთრი მეთქი - ვუპასუხე.

თუ ეგრეა შენ გქონდეს ეგ ბებიკო, მე მაინც არაფერს მიშველისო.

შევცბი. ეს აიღეთ და დანარჩენი იქნებ ვინმე სხვამ დაგიმატოთთქო. (მინდოდა, მაგრამ ის ლარიანი ვეღარ მივეცი, შემრცხვა)

არა ბებო, ეგრე არ შემიძლია, ასე ვერ დავიწყებ მათხოვრობასო. შენ არ იდარდო, წადი და წაღმა იარე, უკურმართს არაფერს გადაეყაროო - ალერსიანად მითხრა და წავიდა.

შემდეგი 100 მეტრი ვტიროდი (სულში მაინც) და საკუთარი თავიც და ეს ქვეყანაც მეზიზღებოდა. ეს ქვეყანა იმიტომ, რომ სახელმწიფო, სადაც მოხუცს წამლის ფული ჭაღებით განათებულ ქუჩებში აქვს სათხოვარი, მხოლოდ ზიზღის ღირსია, ხოლო საკუთარი თავი იმიტომ, რომ კეთილი საქმისათვის ლარი დამენანა.

რა თქმა უნდა, სეირნობა აღარ გამოვიდა, (ვერც მეგობარი ვნახე ვისაც ამ დარდს გავუზიარებდი) და კუდამოძუებული დავბრუნდი სახლში. ახლა ვგდივარ, Deborah's Theme-ს ვუსმენ და ამას ვწერ, თან ვტირი (სულში მაინც).

სიყვარულით

უნამუსო კოკოლოზა

2 comments:

  1. ეგეთი უნამუსო ვარ მეც... ჩვენც! გამომზეურება ყველას არ შეუძლია თუ არ უნდა, მხოლოდ!.. ყოჩაღ ამ ჩანაწერისთვის... ეხმიანება ჩემს განწყობას, განსაკუთრებით გამძაფრებულს უკანასკნელი თვეების მანძილზე...

    ReplyDelete
  2. რა ვქნა, ვერ დავმალე. თან აღიარება პირველი ნაბიჯია გამოსწორებისკენ.

    ReplyDelete