Sunday, January 24, 2010

პანჩურეთი


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი სოფელი. ძველიც იყო და თან ახალი და დაუღვინებელი, ტრადიციულიც და უაზრო სიახლეების მადევარიც, ამაყიც და უღირსიც; მოკელდ ერთი ჩვეულებრივი სოფელი იყო, დედამიწაზე ფეტვივით რომაა მიმოფანტული ისეთი.

სოფლის მაცხოვრებლებს, სხვა მრავალთან ერთად, ერთი გასაჭირი ჰქონდათ: უცნაური სენი შეეყარათ და ხანდახან ერთმანეთს ვეღარ ცნობდნენ. ზოგჯერ და - ძმას, მეზობელი - მეზობელს, დედა - შვილს ისე ჩაუვლიდა გვერდით თითქოს არც არასოდეს შეხვედროდა მანამდე, მხოლოდ რაღაც შფოთვის მაგვარს გრძნობდა იმ წუთას. როცა ცნობდნენ უყვარდათ და როცა ვერა - ეშინოდათ. ან როგორ არ შეშინებოდათ - რა იცი ვინაა, იქნებ მტერია, იქნებ მახვილის ჩარტყმას აპირებს როგორც კი ზურგს შეაქცევ!

ასეთი ფიქრები ჰქონდა ყველას და მალე სოფელში დიდმა შიშმა და უნდობლობამ დაისადგურა. ადამიანებს ერთმანეთის აღარ სჯეროდათ, ერიდებოდნენ და ეჭვის თვალით უყურებდნენ. მხლოდ მაშინ, როდესაც საღი გონება უბრუნდებოდათ, ერთმანეთს ხელს ჩაკიდებდნენ და დუქანში მიდიოდნენ დროის გასატარებლად. ასე მიდიოდა ცხოვრება - დუქანი შიშს ცვლიდა და შიში დუქანს. მაგრამ მუდამ დუქანში ყოფნა შეუძლებელია, ამიტომ ძირითადად შიში იყო.

ბევრმა ერთ ხერხს მიმართა: როგორც კი ამ დამთრგუნველ, გაურკვეველ შფოთვას იგრძნობდა, არც ელოდებოდა, თავადვე იშიშვლებდა მახვილს და პირველი სცემდა უსიამოვნო უცნობს ზურგში. მერე კი, როდესაც მკვდარი უცნობი ნაცნობი აღმოჩნდებოდა, შეწუხებული მკვლელი უხერხული შემთხვევის დასავიწყებლად ისევ დუქანში მიდიოდა.

სოფლის თავი, რომელიც სიბრძნითა და კეთილგონიერებით იმდენად გამოირჩეოდა, რომ საყოველთაო სენი ვერვ კი ეკარებოდა, დაღონდა და გამოსავლის ძიება დაიწყო. მიხვდა, რომ თუ ამ ხოცვა-ჟლეტას არ შეაჩერებდა, მალე მისი სამწყსოსგან ორიოდ ბატკანი თუღა დარჩებოდა, ამიტომ უხუცესები მოიწვია და აი რა მოიფირა: ყველას, ვინც ამ გაურკვეველ შფოთვას იგრძნობდა, ნაცვლად მახვილის ჩარტყმისა პანჩური უნდა ამოერტყა საეჭვო უცნობისათვის. ამით თავადაც დამშვიდდებოდა და უცნობასც აგრძნობინებდა: ვერ გცნობ, უცხო ხარ და თვალში ნუ გამეჩხირებიო. მერე ის უცნობიც პანჩურითვე უპასუხებდა: ვერც მე გცნობ და მოდი, ერთმანეთს ნუ შევაწუხებთო.

დაწყნარდა სოფელი. დამთავრდა მკვლელობები და სისხლის ღვრა. ყველა სოფლის თავის მადლიერი იყო ასეთი ბრძნული გამოსავლის პოვნისათვის. უზათქუნებდნენ ერთმანეთს პანჩურებს და მერე დუქანში მიდიოდნენ დასამოყვრებლად. ბოლოს ისე მიეჩვიენ პანჩურებს და ისე შეუყვარდათ, რომ სოფელს სახელი გადაარქვეს და პანჩურეთი დაარქვეს.

დაცემინებას პანჩურით ეგებებოდნენ, ძილის წინ დედა შვილს შუბლზე კოცნიდა და ტკბილ პანჩურებს უსურვებდა, სტუმრად პანჩურის გარეშე მისვლა უზრდელობად ითვლებოდა. მადლიერმა სოფლელებმა სოფლის თავს სიცოცხლეშივე დაუდგეს ოქროს ძეგლი, რომელზეც, კეთილშობილი მართველი ჩვეული მზრუნველობით ურტყამდა პანჩურს დედამიწას.

იყო და არ იყო რა, ღვთის უკეთესი... პანჩური ყოფილა.

სიყვარულით

კოკოლოზა

No comments:

Post a Comment