Friday, January 29, 2010

Tom waits - ტომი იცდის


ბნელი დარბაზი, სიგარეტის ბუღი, მთვრალი, მოწეული და შეყნოსლი პუბლიკა. სცენაზე ბარბაცით გამოდის ლოთი "ბომჟი" გიტარით და მორყეულ სკამზე ჯდება. დარბაზი ტაშს უკრავს, მაგრამ არა ისე, როგორც სხვაგან, საყვარელი არტისტის გამოჩენისას, არამედ ნელა, ძალისძალად, სახეზე უაზრო, კმაყოფილი ღიმილით. რაღაც კარგი უნდა მოხდეს, ჯიგარი უნდა დაიწვას, ჩვენი სათქმელი უნდა ითქვას ახლა სცენაზე. ყველამ იცის, რომ ეს განსაკუთრებული ლოთია ლოთთა შირის და ეუნიკალური ბომჟი - ბომჟთა შორის. შეიძლება მას ჩვენზე მეტი ფულიც აქვს, ჩვენზე დიდი სახლიც და უკეთესი მანქანაც, მაგრამ ის მაინც ბომჟია, ყველაზე დიდი ბომჟი და ლოთბაზარა ამ დარბაზში.
პუბლიკა ისუსება - ღმერთმა არ ქნას მან სიმღერა დაიწყოს და შენ გარეთ დარჩე, ვერ ჩარეთო, ცრემლი არ მოგადგეს, მაშინ რა ჯანდაბა გინდა აქ. ლოთი შლაპას გვერდზე იქცევს, კულისებში გადაგდებული სიგარეტის უკანასკნელ კვამლს აბოლებს და ბევრჯერ გაგონილი, მაგრამ მაინც მაჟრჟოლებელი ხმით იწყებს სიმღერას.
ბოხი, ჩახლეჩილი ხმა რაღაც ძალიან სევდიანზე მღერის, რაღაც ნაცნობზე და შინაურზე. რაღაც ისეთზე ამ დარბაზში ყველას რომ განუცდია და ახლა კიდევ ერთხელ უწევს განცდა. უსმენ და ერთდროულად დაძაბულიც ხარ და მოდუნებულიც, ნაღვლიანიც და ღიმილიანიც. თან ერთი უცნაური გრძნობა გეუფლება: თანაგრძნობის... უფრო სწორად - შეცოდების. უსმენ და საოცრად გეცოდება საწყალი ბომჟი - რა უბედურია, რა საბრალო!.
კი მაგრამ რატომ? რა აქვს შესაცოდი? ჩემზე უკეთესი სახლიც აქვს, მეტი ფულიც, უკეთესი მანქანაც და დიდი ოჯახიც - ფიქრდები ერთ წამს. ალაბთ მაგიტომაც მებრალება, ეს ყველაფერი აქვს და მაიცნ ბომჟია, მაინც გარიყულია, მისი არავის ესმის და არ შეუძლია არ დალიოს და თავის დარდზე არ იმღეროს. აქ ყველა მის მოსასმენადაა მოსული, მას კი ალბათ ყველა ფეხებზე კიდია და თავის ალკოჰოლით გაჟღენთილ ჭიას ახარებს.
მთელი საღამო ჩუმად უსმენ და უამრავი ფიქრი გიტრიალებს თავში, თან ისეთი, დიდი ხანი რომ არ დატრიალებულა და დავიწყებას იყო მიცემული. ძველი, წასული და დაკარგული გახსენდება, ალბათ ცრემლიც მოგდის და რაღაცას ნანობ კიდეც. და ასე ვიდრე ლოთი მღერის.
მერე სახლში მიდიხარ და ლოთიც მხოლოდ კარის ზღურბლამდე მოგყვება. ასეთი ბომჟი სახლში არ შეიშვება, არც ოჯახის წევრებს ესიამოვნებათ და შენც უხერხულად იგრძნობ თავს. ამიოტომ გარეთ ტოვებ და ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდები, ის კი სხვას აცილებს კარის ზღურბლამდე.

ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ მგონია, რომ აუცილებლად მოხდება თუ ოდესმე ტომ ვეითსის კონცერტზე აღმოვჩნდი. ვეითსის მოსმენისას სწორედ ასეთი დარბაზი, პუბლიკა და საკუთარი თავი წარმომიდგება ხლომე. ვუსმენ და მართლა მეცოდება, მებრალება ბომჟი ტომი, რომელიც თითქოს მუდამ რაღაცას გლოვობს და შენც გაიძულებს უთანაგრძნო. კაცი, რომელიც უამრავი ადამიანის გულს წვდება, თავად კი, თითქოს, ნუგეში ვერსად უპოვია. სახლში შემოსვლას ვერ ბედავს და ამაოდ იცდის ზღურბლზე, რომ გახვიდე და მას და მის დარდს შეუერთდე.
მის ხმაზე კრიტკოსმა დანიელ დურხჰოლცმა ასეთი რამ თქვა: "თითქოს ის ბურბონიან როფში იყოს ამოვლებული, რამდენიმე თვით შესაბოლად ჩამოკიდული, შედეგ კი გარეთ გამოტანილი და მანქანით გადავლილი".
ასეთუ უცნაური მუსიკოსია ტომ ვეითსი, ლოთი ბომჟი, რომელიც გარეთ იცდის.
სიყვარულით
კოკოლოზა

1 comment: