გადააგდეთ ტელევიზორი და თუ გული დაგწყდათ, თან გადაჰყევით.
მას შემდეგ რაც თითქმის ყველა ქართული არხი გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად იქცა აღარ მეგონა თუ კიდევ რამეს შეეძლო მედია სივრცეში ჩემი გაკვირვება, მაგრამ ოჰ, თურმე როგორ ვცდებოდი! გამაკვირვეს და თან ისე, რომ გაკვივრება ქრონიკულში გადამივიდა და ახლა ქუჩაშიც კი მხრებაჩეჩილი დავდივარ, ყველას დროს ვეკითხები და მარჯვენა თვალი მითამაშებს.
ნეტა რას უნდა ნიშნავდესო, იკითხავთ და ეფრემ ვერდს გადაშლით, თუმცა სულ ტყუილად - ეგ წიგნი რომ იწერებოდა მაშინ Real TV ეთერში არ გადიოდა. ჩემი გაოცების მიზეზი კი ეგაა და მხოლოდ ეგ, თვალიც მაგიტომ მითამაშებს და ყველაფერი დანარჩენიც.
არ მეგონა, თუ საბჭოთა კავშირი ასეთი მაგარი იყო, უფრო სწორად მეგონა, მაგრამ არ მინდოდა დამეჯერა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ათწლეულების შემდეგ ეკრანზე ისევ დაბრუნდებოდნენ მეჩაიე ცისანა, გარდამავალი დროშით ხელში, სამშობლოსათვის გადადებული პარტმუშაკი ვსევოლოდი ერთადერთ, გაცვეთილ პერანგში, მამულის მტრებთან ბრძოლში დახარჯული წითელარმიელი და ყველაზე, ყველაზე ქვეყნის ყველაზე ყველაზე მოქალაქეები!
ვინ წარმოიდგენდა და ვერც ვერავინ, გარდა რამდენიმე დედიკოს ბიჭისა. და ბედის ბორბალიც ისე დატრიალდა, რომ იმ რამდენიმე დედიკოს ბიჭს მეტი მარიფათი აღმოაჩნდა, ვიდრე ქუჩის აკადემიაგამოვლილ დიდსულოვან ქართველებს და Real TV-ც რეალობად იქცა.
მედია მკვლევარებო, თქვენთვის უსვრია ავრორას, მოიმარაგეთ ბლომად კონსერვი, წყალი, "ზგუშჩონი", მარილი გემოვნებით, ჩაიკეტეთ ტელევიზორთან და ჩაუჯექით დისერტაციას. ასეთი რამის ნახვის შანსი ალბათ აღარასდროს მოგეცემათ. იკვილეთ, აანალიზეთ, წერეთ წიგნები, სახელმძღვანელოები, ქრესტომათიები! ნუ გეზარებათ! სადა ხართ?! შეეშვით მაგ ბი-ბი-სის და ალ ჯაზირას აგერაა Real TV - ჩვენი, ნაღდი, რეალური, თან ისეთი წყალი რომ არ გაუვა (მთავარია შენ არ გაგივიდეს წყალი). მოდით და განადიდეთ დამოუკიდებელი ქართული ჟურნალისტიკა, დაინახეთ და დაგვანახეთ 20 წლის შრომის შედეგი.
ეფრემ ვერდში რომ ვერაფერს პოვებთ, კითხვა გაგიჩნდებათ: კი მაგრამ რა ვქნათ მათ, ვინც მედია მკვლევარები არ ვართ, უბრალო (და/ან ბრალიანმა) მაყურებელმაო? მართლაც რა უნდა ქნათ! ვიცი, ჩემი არ იყოს, ჯულიეტა ვაშაყმაძე გენატრებათ, დავით სოკოლოვიც და თიკა კანდელაკიც კი, მაგრამ ისინი ეკრანზე აღარ დაბრუნდებიან, ამიტომ ორი გამოსავალიღა დაგრჩათ: 1 - უყურეთ Real TV-ს; 2. გადააგდეთ ტელევიზორი და თუ გული დაგწყდათ, თან გადაჰყევით.
სიყვარულით
კოკოლოზა
No comments:
Post a Comment