საბჭოთა კავშირი რომ ცუდი იყო ამაზე ბევრი არ დაობს (თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ბევრიდან ბევრმა არც იცის, რატომ იყო ცუდი, ბოლობოლო მოსკოვის ბილეთი 37 მანეთი ღირდა და თუმნად 4 კაცი ჩაუჯდებოდით...), მაგრამ ამ ცუდს სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ებრძოდნენ: ჯერ იარაღით ცადეს - აბა რას მოერეოდნენ! მერე მიწიქვეშეთიდან შეუტიეს - მიწის ქვეშვე დარჩა უმრავლესობა სამუდამოდ. რა აღარ ცადეს და ბოლოს ყველაზე ეფექტური იარაღი აღმოაჩინეს - ირონია, შარჟი და იუმორი. უმეცრებას (განსაკუთრებით ძლევამოსილს) მხოლოდ ირონიით და გაშარჟებით თუ აჯობებ, სხვანაირად ცხვირს წაიმტვრევ. ამას ვინც ვერ მიხვდა ან საიქიოს აღმოჩნდა ან იმაზე უარეს ალაგსს, მაგალითად მაგადანში ან იმის იქით, თუა კიდევ რამე. ხოლო ვინც მიხვდა "ძაღლის გული"დაწერა, "ცისფერი მთები" გადაიღო და "Чужая колея" იმღერა.
და თუ საბჭოთა კავშირი დღეს აღარ არსებობს (ყოველ შემთხვევაში ქღალდზე), ამ ხალხის დიდი დამსახურებაა. ხალხისა, რომელმაც ირონია და დიადი საბჭოთა უმეცრების დაცინვა ამჯობინა, ნაგანს, მაუზერს და მოლოტოვის კოქტეილს. თავადაც დაიხარჯა და ჩვენ ზარმაც ტვინებამდეც მოიტანა რაღაც ჭკვიანური.რა ვქნა რომ უზომოდ მიყვარს ვლადიმერ ვისოცკი! კაცი, რომელიც აშლილ გიტარაზე, ჩახრინწული, დანგრეული ხმით ყვებოდა ისტორიებს გიჟებზე, ლოთებზე, ჟირაფებზე და ბერმუდის სამკუთხედზეც კი, და ყველამ იცოდა, რომ ვალოდია ამ ჟირაფებით, ლოთებით და სამკუთხედებით, ერთი მხრივ არსებულ რეჟიმს დასცინოდა, მეორე მხრივ კი - ადამიანების შემგუებლობასა და კომფორმიზმს ებრძოდა. მოკლედ, კაცმა იმისთვის იცხოვრა, რომ ჩათვლემის საშუალება არ მოეცა და თვალის ყოველ მოხუჭვაზე სილა ეთავაზებინა ყბაში.
ვისოცკიმ თავისი საქმე გააკეთა და წავიდა. დიდ ხანს ვერც დაცინულ-გაშარჟებულმა საბჭოთა კავშირმა გაძლო მას შემდეგ და დიდი წითელი ლაქის ადგილას რუქაზე რამდენიმე ახალი ფერი გაჩნდა. თუმცა, ახალი ფერი ბევრს არაფერს ნიშნავს - ფერების მომრავლებასთან ერთად დასაცინი და შემოსალაწუნებელიც გამრავლდა, არც უმეცრების ხარისხს უკლია და კომფორმიზმში ხომ ბადალი არ გვყავს, მაგრამ ვაი ჩვენ თავს უბედურს, რომ შემომლაწუნებელი აღარ იბადება ამ ქვეყანაში. ან იბადება და ვეღარ იზრდება, ანაც იზრდება და ვისოცკობას ბანკში მუშაობას ამჯობინებს.რატომ აღარ არიან ჩვენ გარშემო ადამიანები, რომლებიც დასაცინს დაცინებენ და ჩევნც აზრზე მოგვიყვანენ? რატომ აღარ იბადებიან ვისოცკები?! რატომ ჰა, რატომ?! დახვეწილ მანერებსა და ვირტუოზულ შესრულებას ხომ არ ვითხოვ, ერთი უბრალო ტიპია საჭირო, რომელიც თბილისზე, ღვინოზე, ფაეტონზე და წვიმის წვეთებზე კი არ იმღერებს, არამედ რაღაც უფრო მნიშვნელოვანზე. გინდაც წვიმის წვეთჶბი და ღვინო იყოს, ოღონდ იმის იქით ჩანდეს კიდევ რამე გარდა გასტრონომიული მოთხოვნილებებისა. მინდა ვინმეს შევჩივლო საქართველოში ვისოცკის არარსებობა და ვერავინ მიპოვნია. სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ქარველებს შენი ვისოცკი, თავის გიტარიანად!
ამიტომ ვაცხადებ ვაკანსიას ვისოცკის თანამდებობაზე. მართალია, დასაცინი და გასაშარჟებელი იმდენია, ერთი ვისოცკი არ ეყოფა, მაგრამ დასაწყისისთვის ერთიც მისწრებაა. ამიტომ გთხოვთ, ვისაც ოდნავ მაინც შეგწევთ ძალა, აიღეთ თქვენი მტვერდადებული გიტარა და დროებით მაინც შეასრულეთ ვისოცკის მოვალეობა! მაგაზე უკეთესს ვერც ბანკში მუშაობით გააკეთებთ და ვერც ქვების სროლით.
სიყვარულით
კოკოლოზა
No comments:
Post a Comment