Saturday, July 14, 2012

ჩემი "დალაიქებული" გრძნობები

ფეისბუქს ვერ შევეჩვიე. ყოველ დღე შევდივარ, ყოველ დღე ვამოწმებ მარცხენა ზედა კუთხეში გაწითლებულ ციფრებს და ყოველდღე ვჩანვარ "მეგობრების" "ჩატში", მაგრამ ამ ყველაფრისგან სიამოვნების მიღბა ვერ ვისწავლე. ასე მგონია, რომ ყველაზე ნაღდი და ალალი ამ გვერდზე ის უაზრო თამაშებია, რომლებსაც ათასობით უშვებს საიტის შემქმნელი. ჰოდა, მეც ვზივარ და ვთამაშობ.
ძირითადად ვთამაშობ ბურთების ზემოთ სროლას და  სამი ერთნაირი ფიგურის მოგროვებას, ესაა და ეს. ჩემი ფეისაქტივობა ამით შემოიფარგლება.
პოსტების, სტატუსების, კომენტარების,  ლაიქების, ჯანდაბებისა და ჯახნაბების წერას კი ვერ შევეგუე. ასე მგონია, რომ რაც არ უნდა დავწერო და რაოდენ მნიშვნელოვანი რამაც არ უნდა ვთქვა, რამდეიმე კომენტარზე შორს ვერ წავა, "დალაიქდება" და გაუფასურდება. მისგან არც ერთ მეგობარს გულში არაფრი დარჩება, მე კი ვერ ვხვდები საერთოდ რა საჭიროა რამის თქმა, თუკი გულში არავის არაფერი დარჩება.
ხანდახან, ძალიან მინდა მეგობრებს ჩემი უცნაური განწყობა გავუზიარო, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმიტომ, რომ ვიცი "ფეისბუქზე" დიდი განსხვავება არაა რას დავწერ, ამას: "დღეს უცნაური გულისტკივილით გავიღვიძე, თითქოს დედამიწაზე ყველაზე მარტოსული არსება ვიყო", თუა ამას: დღეს ადრე გავიღვიძე, ვისაუზმე და სამსახურში წავედი, ტაქსისტი მაგარი დეგენერატი იყო". ორივეს ერთი ბედი ელის - დალაიქება და დავიწყება.
არ მინდა ჩემი გრძნობები, რომლებიც ყველაზე ძვირფასია რაც გამჩნია, ფეხქვეშ გაითელოს იმის გამო, რომ ფეისბუქი  "მეგობრებს" შორის ურთიერთობის ლამის ერთადერთ საშუალებად იქცა.ამიტომ ვზივარ და ვთამაშობ ბურთების ზემოთ სროლსა და სამი ერთნაირი ფიგურის მოგროვებას, გრძნობებს კი ჩემთვის ვინახავ, რომ ოდესმე ნამდვილ მეგობრებს გავუზიარო.

სიყვარულით
კოკოლოზა

Saturday, June 30, 2012

ბურძგლა


“რაგბის თემმა დიდი დანაკლისი განიცადა...“ - ალბათ ასე დაიწყებოდა ოფიციალურ წერილთა უმრავლესობა, რომელბიც  გურამ მოდებაძის, გარდაცვალებას გვაუწყებდნენ.

მე კი ვიცი, რომ, როცა ბურძგლაზე წერ და საუბრობ, შაბლონები და გაცვეთილი ფრაზები არ გამოდგება, რამე უფრო ნაღდი და გულწრფელი უნდა მოიფიქრო. გურამი თავად იყო ასეთი: მიღებული სტანდარტები სასაცილოდ არ ჰყოფნიდა და მუდამ გულის კარნახით მოქმედებდა.
მოდი,  მაღალფარდოვანებას შევეშვები, პირდაპირ საქმეზე გადავალ და იმის მოყოლას შევეცდები, თუ რა დავკარგე მე და რამდენიმე ათეულმა ჩემნაირმა ბურძგლას ამ ქვეყნიდან წასვლით.
ეს ცხოვრება უამრავ ვალდებულებას გვაკისრებს: სახელმწიფო, სამსახური, ოჯახი, სამეგობრო, სამეზობლო და ყველა ის წრე, რომელსაც მეტ-ნაკლებად ვუკავშირდებით, რაღაც ნორმებისა და მოთხოვნების შესრულებას გვთხოვს. კარგი ბიჭი უნდა გაიზარდო, კარგი ოჯახი უნდა შექმნა, კარგი (ან რამენაირი მაინც) სამსახური უნდა იშოვო, გადასახადები უნდა გადაიხადო, ბებია მოინახულო, მეზობელს ღვინის დაწურვაში მიეხმარო, ძმაკაცს გვერდში დაუდგე და ა.შ. ამ ვალდებულებათაგან ბევრი სასიამოვნოცაა, მაგრამ მაინც იძულების ელფერი დაკრავს. თუ არ გინდა საზოგადოებსიგან გაირიყო, მათ პატივი უნდა სცე და შეძლებისდაგვარად შეასრულო. ბოლოს, ისე ვეფლობით ამ ვალდებულებში, რომ თავისუფლებისათვის დრო და ადგილი აღარ გვრჩება და ოცნებებსა და გატაცებებზე საბოლოოდ ვამბობთ უარს.
შეუცნობლად, მაგრამ ალბათ ზუსტად ამ თავისუფლების დასაბრუნებლად შევქმენით რაგბის მოყვარულთა კლუბი დევები, რამდენიმე წლის წინ, და, ბედნიერი შემთხვევის წყალობით, სწორედ გურამ მოდებაძე მოვიწვიეთ მწვრთნელად.
ბურძგლა ჩვენი მასწავლებელი, მეგობარი და მშობელი გახდა. მან ის თავისუფლება გვაპოვნინა, რომელსაც ქვცნობიერად ვეძებდით. დაგვაჯერა, რომ არაფერია ცუდი ოცნებასა და შეუძლებელისაკენ სწრაფვაში; რომ ჩვენც გვაქვს უფლება მორაგბეები გვერქვას და ამისათვის სულაც არაა აუცილებელი კარდიფის მილენიუმ სტადიონზე, გულზე მჯიღმიკრული, ეროვნულ ჰიმნს ვღრიალებდეთ; რომ ის დრო, რომელსაც ოჯახსა და სამეგობროს სავარჯიშოდ ვპარავთ არაა ფუჭად დაკარგული და არაფერს ვაშავებთ თუ ხანდახან მაინც გავურბივართ გაუთავებელ ცხოვრებისეულ ვალდებულებებს. გურამმა ეს საოცრად იოლად და ჩვენთვის შეუმჩნევლად შეძლო, თავად იყო თავისუფალი და იმიტომ.
ყველაზე მძაფრად ეს მაშინ ვიგრძენი, როდესაც მის დაკრძალვაზე აცრემლებული დევები ვნახე (მეც მათ შორის ვიყავი). საქართველოში სიკვიდლითა და დასფლავებით ვერავის გააკვირვებ, ეს ქართული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ამდენი ატირებული მამაკაცის ნახვა მაინც უჩვეულოდ მომეჩვენა და მივხვდი, რომ ბიჭები, გარდა უახლოესი ადამიანის დაკარგვისა, იმ უეცრად მოპოვებული თავისუფლების დაკარგვასაც მისტიროდნენ. თითქოს ბურძგლამ ჩვენი ცხოვრების ერთერთი ყველაზე საკრალური ნაწილი, ჩვენი სულიერი საზრდო გაიყოლა საიქიოს.
მაგრამ, საბედნიეროდ, თავისუფლების გრძნობა მოუწყვლადი რამაა. თუ უნარი გაქვს თავისუფალი იყო - იქნები კიდეც. ყოველივე ის, რაც ბურძგლამ ჩაგვინერგა სამუდამოდ დარჩება ჩვენში და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მრავალი შეცდომის არიდებაში დაგვეხმარება. ჩვენ არ უნდა გავხდეთ სტანდარტული და შაბლონური, ბურძგლამ დაგვიმტკიცა, რომ თვითმყოფადობას ალტერნატივა არ აქვს და ერთერთი უდიდესია ცხოვრებისეულ ღირებულებათა შორის.
ჩემი ცვხოვრება რამდნეიმე ადამიანმა შეცვალა, ერთერთი ბურძგლა იყო. მე მისი მუდამ მადლიერი ვიქნები.

P.S. ეს წერილი ბურძგლას  გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში დავწერე და რომელიმე გამოცემაში დაბეჭდვას ვაპირებდი, მაგრამ ვერ გავბედე, ჩავთვალე, რომ სათქმელი სრულყოფილად ვერ გადმოვეცი. მას შემდეგ რამენიმე თვე გავიდა და მივხვდი, რომ ამ სათქმელს სრულყოფილად ვერც ვერასდროს გადმოვცემ, ამიტომ გადავწყვიტე აქ მაინც  გამოვაქვეყნო.,  ერთმა ადამიანმაც რომ გამიგოს - უკვე კარგია.

სიყვარულით
კოკოლოზა


Sunday, April 15, 2012

ღმერთსა და უღმერთობაზე


დღეს აღდგომაა და, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთ დღეებში, უცნაურმა სევდამ შემიპყრო. სევდამ კი არა, ფიქრმა - ღმერთსა და უღმერთობაზე.
დღეს დილით ფეისბუქზე რომ შევედი ძირითადად ორი ტიპის პოსტები (როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა) და კომენტარები დამხვდა.
ჩემი მეგობრების ერთი ნაწილი შეღებილი კვერცხებისა და გაცისკროვნებული პეიზაჟების სურათებს მთავაზობდა, მეორე კი პირველებს დასცინოდა და ათეიზმით იწონებდა თავს, შემდეგ პირველბი "ქართული ქრისტიანობისათვის" დამახასიათებელი სათნოებით მოიხსენიებდნენ მეორეებს და ა.შ. გაუთავებლად. სხვა რაღა დამრჩენოდა თუ არა ღმერთსა და უღმერთობაზე დაფიქრება.
არიან კი, ან ერთნი ან მეორენი, გულწრფელი და მართლა იმისა სწამთ რასაც საჯაროდ აცხადებენ? რატომ ცდილობენ ერთმანეთის დამცირების ხარჯზე გამოჩნენ კარგებად და არა თავის თავად? მრწამსის დეფიციტი ხომ არ აქვთ?
"მორწმუნეებს" შევეშვები, ჩემთვის მათი ამბავი უკვე გარკვეულია - მორალური პრინციპების სისუსტის, სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობისა და მოდურობის გამო თავს ეკლესიას აფარებენ და ამით ცდლობენ თავის "გაპრავებას" ხალხისა და ღმერის წინშე. ისინი უკვე აღარ არიან ჩემთვის საინტერესო, მათ შორის ნამდვილი, გულით ქრისტინი ვერ აღმოვაჩინე და უკვე იმედიც აღარ მაქვს.
არც "ურწმუნოები" მგონიან მთლად გულწრფელნი. მესმის, რომ საერთო რელიგიურ აჟიოტაჟზე პროტესტი უჩნდებათ და საზოგადოებას უნდათ აჩვენონ, რომ ისინიც მნიშვნელოვანნი არიან, მაგრამ, მგონი, ამას არასწორად აკეთებენ. ისეთ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რწმენის ჯერ კიდევ შერჩენილი, პატარა ნაწილაკი სინდისს უღრღნით და მის ამოშანთვას უხეში და ტლანქი მეთოდებით ცდილობენ. სინამდვილეში კი ღმერთის, სხვათა რწმენისა და ტრადიციების შეურაცხყოფით მხოლოდ საკუთარ თავს შეურაცხყოფენ. ისეთ ათეისტი მინდა გავიცნო, რომელიც, თავისი ურწმუნობით, თავს სხვაზე მეტად ან ნაკლბად კი არ იგრძნობს, არამედ - თანასწორად. ისეთი ათეისტი მინდა შემხვდეს, რომელიც სხვის მრწამსს პატივისცემით მოეკიდება, არც სხვას შეურაცხყოფს და თავის შეხედულებსაც ბუნებრივად შეინარჩუნებს.
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კარზე მერძევე მოგვადგა. გავუღე, მივესალმე, შეჭმარიტადთქო ვუთხარი და, მის ბიზნეს პარტნიორს, ბებიაჩემს გადავულოცე.
ცოტა ხნის შემდეგ ბებიაჩემი შემოვიდა და ასეთი რამ მომიყვა: ეს ჩვენი მერძევე აზერბაიჯანიდან ჩამოსული მუსულმანური ოჯახიდან ყოფილა. 30 წლის წინ ქრისტიანად მონათლულა და, სანათესაოში დიდი უსიამოვნებების მიუხედავად, თურმე დღემდე ინარჩუნებს ამ მრწმასს.
წუხელ ეკლესიაში თუ იყავიო - უკითხავს ბებიაჩემს.
ეკლესიაში ვინ გამიშვებდა, ოჯახში უფლებას არ მაძლევენო. ერთხელ ჩემი ძმა ჩუმად გამომყვა და, რომ დამინახა ტაძარში შვედი, შავი დღე მაყარაო - უპასუხია ამ უცნაურ ქალბატონს.
ოჯახიც ამის გამო ვერ შევქმენი და მარტოდ დავრჩი, მაგრამ მწამს და რა ვქნაო - დაუმატებია ბოლოს.
ჩემი ფეისბუექლი მეგობრების ფონზე, რომლებიც რწმენის ან ურწმუნობის ხარჯზე პრობლემებს გაურბიან, ან სხვებზე საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას ცდილობენ, ამ ქალის მონათხრობი სრულიდ განსხვავბულად მომეჩვენა. მან ახალი მრწამსის მიღებასთან ერთად ახალი გასაჭირიც მიიღო, თან ისეთი ჩემ აქტიური ფეისბუქელების უმრავლესობას რომ არც დასიზმრებია - ოჯახისა და ნათესავების გადამტერება. არ ვიცი, რა წაუკითხავს ან რა გაუგია ქრისტიანობაზე ჩემს მერძევეს, რა დოგმებსა და მცნებებს იცნობს, მაგრამ მასში რაღაცის რწმენის სურვილი დავინახე და ესაა ყველაზე მთავარი. ასეთი უნდა იყოს მორწმუნე - საკუთარი ნებით უნდა სწამდეს და მის მრწამსს არასოდეს დაემუქრება საფრთხე. ძალით თეისტ-ათეისტები კი შინაგან წნეხს ვერ უძლებენ და თავის გასამართლებლად სხვბზე ილაშქრებენ.
ღვთისნიერობითა და უღვთოობით კეკლუცობამ ძალიან დამღალა, ალბათ ამ სიყალბის გამოა მსგავს დღესასწაულებზე უცანური სევდა რომ მიპყრობს ხოლმე. სევდა კი არა - ფიქრი.

სიყვარულით
კოკოლოზა

Monday, March 19, 2012

ვარჩენ ქალურ სტრესს, არატრადიციული მეთოდით


წინასწარ გაფრთხილებთ: ამ თხზულებაში არ იქნება სექსისა და ძალადობის სცენები, ხოლო ის რაც თქვენ იფიქრეთ, სწორედ რომ, ტრადიციული მეთოდია.
მაშ ასე, ჩემი არატრადიციული მეთოდი.
ქვეყანაზე უამრავი გულდაწყვეტილი ქალია, ზოგი რაზეა ნაწყენი და ზოგი ვიზე, მიზეზს რა დალევს. ეგ რაა, უმიზეზოდ გულდაწყვეტილიც ბევრი მინახავს. თუმცა, მიზეზს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ადამიანი გასაჭირშია. უნდა დაეხმარო, გევრდში დაუდგე, გაამხნევო. როგორც წესი ჩემგან ნუგეშს კაცებზე გაბრაზებული ქალები ელიან, ისნი ვისაც "გული ატკინეს" ან "გული ძალიან ატკინეს".
რატომ მაინცა და მაინც ჩემგან? ალბათ იმიტომ, რომ სანდო პიროვნების შთაბეჭდილებას ვტოვებ, პირველივე შეხვედრისას "დაპყრობით" ომს არ ვიწყებ და ქალს ადამიანად აღვიქვამ.
ჯერ პატარას წაიწუწუნებენ და ამ წუწუნს სევდასა და კაეშანს ამოაყოლებენ ხოლმე. მეც ვხვდები, რომ რაღაცის თქმა უნდათ და მსმენელი არავინ ჰყავთ. ყურადღებასა და თანაგრძნობას ვთავაზობ და ისნიც იწყებენ (და, როგორც წესი, აღარ ამთავრებენ) თავისი გულისამაჩუყებელი ამბის წვრილად მოყოლას.
ამის შემდეგ, ვხვდები რა, რომ ადამიანს მართლაც უჭირს, შეხვედრას ვუნიშნავ სადმე ბუნებაში, ან მასთან ახლოს, საქმის ვითარებაში უკეთესად გასარკვევად. როგორც წესი, ეს შეხვედრა ყველაზე ემოციური და ხანდახან ცრემლიანიც გამოდის. თუმცა ალაგ-ალაგ საღი აზრიც გაიელვებს ხოლმე.
შემდეგ კი იწყება გაუთავებელი შეხვედრები, საუბრები, კითხვა-პასუხი და გამოსავლის ძიება. ჩემი "პაციენტები" რამდენიმე სეანსის მერე უკვე ღიად აცხადებენ, რომ ძალიან ვეხმარები და არაჩვეულებრივი პიროვნება ვარ. რომ ჩემთან ძალიან კარგია და ნეტავ ყველა კაცი ჩემნაირი სათნო და გამგებიანი იყოს.
ეს შეხვედრები ისეთ სისტემატიურ ხასიათს იღებს, რომ ჩემი ძვირფასი გოგონები ჩვენი ურთიერთობის სხვა შრეებზეც იწყებენ ფიქრს. განა ძველი, გულისმტკენელი, მამაკაცები ავიწყდებათ, არა, უბრალოდ გრძნობენ, რომ რაღაც საინტერესო ალტერნატივა გაჩნდა: ჭკვიანი, კეთილი, ერთგული, ყურადღებიანი ბიჭი, რომელსაც მისი ძველი ცოდვები (ესენი უკვე მოყოლილი აქვთ) სულაც არ მიაჩნია ცოდვად, სხვა კაცებისგან განსხვავებით.
მოკლედ, ფიქრობენ რომ ურთიერთობა ისეთი ინტენსიური და ახლო გახდა, რომ ლოგიკურად რაღაც უფრო საინტერესო უნდა მოყვეს. თბილი საუბრები და მეგობრული თერაპია, ახალი შეგრძნებებით უნდა გამდიდრდეს. მოკლედ, ჩემგან კაცურ ჟესტს ელიან.
ესაა მოლოდინი და ამას ითხოვს ლოგიკა, მაგრამ ჩემი მეთოდი ხომ არატრადიციული და ალოგიკურია. მე ჯიუტად ვაგრძელებ პირვალად ურთიერთობას და ვცდილობ სულ მეგობრული, თბილი და ყურადღებიანი ვიყო, მოვუსმინო და ვანუგეშო. კაცური ჟესტები რა მოსატანია!
ბოლოს საქმე იქმადე მიდის, რომ ამ ჩემ ნატანჯ პაციენტს ყელში ამოსდის ეგ შენი საუბრებიცა და სულიერი სითბოც. ნელნელა ჩემზე ნერვები ეშლება და ცდილობს უფრო იშვიათად შემხვდეს. საბოლოოდ კი ხვდება, რომ თურემ ძალიანაც ბადნიერი ყოფილა და გაუმართლა რომ ჩემნაირ იდიოტთან არ ჰქონდა ურთიერთობა. იმ ძველმა შეიძლება "გული ატკინა" მაგრამ ნამდვილი კაცი მაინც იყო.
ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ პაციენტი კმაყოფილი და განკურნილი ჩემი ცხოვრებიდან ქრება და თავის ძველ, ნამდვილ, კაცს უბრუნდება, ან ვინმე სხვას პოულობს პირველის მსგავსს.
და ყველა კმაყოფილია.
ამ მეთოდს ჯერ არ უღალატია.

სიყვარულით
კოკოლოზა

Monday, February 27, 2012

ცენზურა


ძველი იტალიური ფილმი “ჭირვეულის მორჯულება” ერთერთი იშვიათია იმ “კაპიტალისტური” სურათებიდან, რომელიც დიადმა საბჭოეთმა თავის ეკრანებზე დაუშვა. თუმცა, მთლად ასეც ვერ დაუშვებდა, ჯერ რამდენიმე “გარყვნილი” ეპიზოდი ამოჭრა, მაღალზნეობრივი საბჭოთა მაყურებლის მორალურ კოდექსს მოარგო და შემედგ მიაწოდა საზოგადოებას. ამ ამოჭრილი ეპიზოდების არსებობის შესახებ მხოლოდ 90-იანებში გავიგეთ, როცა ეკრანებზე სრული ვერსია გამოჩნდა. თურმე ფილმიდან ორი ეპიზოდი ამოუჭრიათ: ერთში ქალების ჩხუბია ასახული, მეორეში კი ორნელა მუტი მთლად შიშველი უგორდება ლოგინში ადრიანო ჩელენტანოს (ბედნიერი!). კადრში მთელი მშვენბითა და სისავსით ჩანს ულამაზესი ქალის მკერდი.
რა თქმა უნდა მსგავს “უმსგავსობას” საბჭოთა კულტურა ვერ დაუშვებდა, ფილმი დაკუწა და მაყურებელს სახალისო კომედია უჩვენა, ზედმეტების გარეშე.
თითქოს იმ დრომ ჩაიარა და მსგავსი რამ აღარ უნდა ხდებოდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა დროს აქვს თავის “ორნელა მუტის ძუძუები”. ამას წინათ საპატრიარქოს ტელევიზიით თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხე” გავიდა უცნაური რედაქციით: ოხროხინე მღვდლის ოქროს ეპიზოდები სადღაც გამქრალიყო. თვალებს არ დავუჯერე! ნუთუ ვინმემ ამ შედევრის დამახინჯება გაბედა, რათა სასულიერო პირის დისკრედიტაცია აერიდებინა თავიდან! ამით ხომ მან უფრო ავნო თავის თავს. თუ ასეთი მიუღებელი იყო, არ ჯობდა სულაც არ ეჩვენებინა ეს ფილმი? ის ხომ სწორედ იმაზე მოგვითხრობს, რომ ხანდახან მღვდლები, მამასახლისები და სხვანი საზოგადოების ავანგარდიდან, ცდებიან და დამკვიდრებული წესების ბრმად მიყოლით დიდ ბოროტებას ჩადიან.
ახლა იმას აღარ იტყვი, ქართეველ მოქეიფეებს რუსულ მუსიკაზე მოლხენა რომ აუკრძალა მთავრობამ!? თურმე ეს არაპატრიოტულია და სამშობლოს ღალატს უტოლდება. თურმე “ბელიე როზი”-ს მოსმენა რუსეთუმეობაა და ნინო ჩხეიძისა კაი ტიპობა.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში (რომელიც დაახლოებით 30 წელს მოიცავს) ფარდის მიღმა მუდმივად არის ვიღაც, ვინც თვლის, რომ აქვს უფელბა მასწავლოს როგორ ვიცხოვრო, რა კარგია და რა – ცუდი, რა სწორია და რა – არასწორი, რა მომეწონოს და რა – შევიძულო. დროებათა ცვალებადობის მიუხედავად, ეს ვიღაც არ იცვლება, მხოლოდ ადგილებსა და დარიგებებს იცვლის. ცდილობს მუდმივად ჩემ მორალურ აღზრდაზე იზრუნოს, თავად კი, საკუთარ ზნეობრიობაზე არასოდეს ფიქრდება.
რატომ არ შეიძლება, რომ ამ აღმზრდელის გარეშე ვიცხოვრო! განა უკეთესი მართლმადიდებელი არ ვიქნები, თუ თავად ავირჩევ მრწამსს და ოხროხინეს გაიძვერობა მუდამ შემახსენებს, რომ რწმენას უნდა გაუფრთხილდე, თორემ ცარიელი, სულიერებისგან დაცლილი ანაფორაღა შეგრჩება ხელში.
განა უკეთესი საბჭოელი არ ვიქნები, თუ ამას ვიღაც კი არ დამაძალებს, არამედ თავად მოვინდომებ. სადღაც მიმალული უჩინ-მაჩინი ორნელა მუტის ღირსებას კი არ დამიმალავს, არამედ ყველაფრის ნახვისა და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას მომცემს.
განა უკეთესი მოქალაქე არ ვიქნები, როდესაც საკუთარი გემოვნებით ავარჩევ მუსიკას, ტანსაცმელს, საჭმელს, პროფესიასა თუ მეუღლეს. როდესაც თავად გადავწყვეტ, რომ პატრიოტი ვარ და არა ვიღაცის დანამუსებით.
მგონი ასეა. და თუ ასეა, გამოდის, რომ ამ ქვყვანაში არ ჭირდებათ არც ნამდვილი მორწმუნეები და არც ნამდვილი მოქალაქეები, ისევე როგორც, არ ჭირდებოდათ საბჭოთა კავშირში.
იმიტომ, რომ ნაღდთან შენც ნაღდი უნდა იყო, ეს კი არ შუძლიათ.

სიყვარულით
კოკოლოზა

Friday, February 24, 2012

10 მსგავსება ჩემ კომპიუტერსა და ჩემ მთავრობას შორის

1.ორივე ძველია და განახლებას საჭიროებს
2. ორივეს სისტემური პრობლემები აქვს
3. ორივე ჭედავს.
4. ორივემ მხოლოდ ერთამდე იცის თვლა
5. ვადის გასვლის შემდეგ ვერცერთს ვერაფერში ვეღარ გამოიყენებ
6. ორივე ახალ-ახალი, უსარგებლო პროდუქციის შეძენას მთხოვს
7. ორივე ელექტროენრგიის მეშვეობით მძარცვავს
8. ორივე მოპარული რესურსებით ფუნქციონირებს
9. ორივ უკეთესი მინდოდა და ვერ გავქაჩე
10. ორივეს პატარა თაგვი მართავს

სიყვარულით
კოკოლოზა

ბედნიერება

ამას წინათ უცნაურმა აზრმა გამიელვა თავში.
რა უაზროდ ვცხოვრობ! – გავიფიქრე – ცოლი მე არ მყავს, შვილი, მანქანა, არც რამე ბიზნესი მაქვს, არც ფული და ერთი ნათესავიც კი არ მყავს მთავრობაში, ვერც მუდმივი სამსახურით დავიკვეხნი და ვერც ბინით მშენებარე კორპუსში.

ეს ყველაფერი გონებაში რომ ჩამოვთვალე, ახლა იმაზე დავფიქრდი ვარ თუ არა ამის გამო უბედური და განმაცვიფრებელი პასუხი მივიღე – არა. მივხვდი, რომ ამ დილემას ჩაღრმავების გარეშე ვერ გადავჭრიდი და ანალიზის მეთოდს მივმართე. ჩამოთვლილთაგან ცალ-ცალკე განვიხილე თითოეული სიკეთე და რა იქნებოდა ეს ყველაფერი რომ მქონდეს.

დავუშვათ მყავს ცოლი: საღამოს, დაღლილ-დაქანცული და ნერვებაშლილი შინ ვბრუნდები და რას ვხედავ: ეს ჩემი კნეინა წამოგორებულა დივანზე, “პროფილს” უყურებს და ცრემლებს აღვარღვარებს.

რა მოგივიდა ადამიანო, რა გატირებს? – ვეკითხები შეშინებული.

ისიც მპასუხობს, რომ მავანმა წამყვანმა, მავან გადაცემაში, მავანი გაუბედურებული ადამიანი მოიყვანა და აყოლებს როგორ დაკარგა დედა, მამა, და-ძმა, სახლი, კარი, ხელი და ფეხი.

შენი ჭირიმე, რამე მსუბუქზე გადართე, გასაჭირი ჩვენიც ბევრი გვაქ – ვეხვეწები მეუღლეს.

ისიც პულტს იღებს და “იმედზე” რთავს, სადაც მავან ნანუკას მეეზოვეები ჰყავს მოწვეული და საქარველოს ჰიმნს ამღერებს ნიკა მემანიშვილის არანჟირებით, დირიჟორობითა და სოლირებით.

არა, ცოლი არ მინდა.

დავუშვათ მყავს შვილი: საღამოს ისევ მისავათებული და განერვიულებული ვბრუნდები შინ იმ მოლოდინით, რომ ოჯახში მაინც ვპოვებ სიმშვიდეს. კარებს ვაღებ თუ არა ჩემი ხუთოსანი შვილი კისერზე მახტება და მახარებს, რომ დღეს ისტორიაში მორიგი ფრიადი მიიღო. თურმე სხაპასხუპით მოყვა საქართველოს ისტორიის უმნიშნელოვანესი მონაკვეთი ჩაის დალევიდან ჩოლოქის გადაკვეთამდე.

არა, არც შვილი მინდა.

დავუშვათ მყავს მანქანა: ვაჩერებ გასამართ სადგურთან და ზრდილობიან “ზაპრავშიკს” ვთხოვ ძლივს შეგროვებული 4 ლარის ბენზინი ჩამისხას. ისიც პისტოლეტს ავზში ჰყოფს და ღვთაებრივ სითხეს უშვებს. ვიცი, რომ სითხის ფასი რეალურზე ბევრად მეტია, ისიც ვიცი, რომ იმ ბენზინიდან რაც 4 ლარად მეკუთვნის ნაწილი შლანგში რჩება. ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვამტკიცებ, ან რომც დავამტკიცო რა ხეირი, ჰა ჰა ზაპრავშიკი გავლახო, თანაც, სანამ მე ცემა-ტყეპით ვიქნები გართული, “სიტი პარკი” ჩემ მანქანას საჯარიმო სადგომზე წააცუნცულებს. ამიტომ ხმას ვიკმიდავ და კუდამოძუებული ვტოვებ სადგურს.

მოაშორეთ, მანქანა არა..!

დავუშვათ მაქვს ბიზნესი: ერთ დღესაც ჩემთან მოდის მავანი ფინანსური პოლიციიის თანამშრომელი და მეუბნება, რომ თუ არ მინდა კოლეგებთან ერთად მეწვიოს, გლდანი-ნაძალადევის, (ან ისანი-სამგორის) ნაციონალური მოძრაობის ოფისის ბიჭებს ყოველდღე უნდა დავუფინანსო საუზმე, სადილი და ვახშამი. ვიცი, რომ მის კოლეგებს ისევ ნაცმოძის დაპურება ჯობია და სასოწარკვეთილი ვთანხმდები.

არა ძმაო, ბიზნესი ჩემი საქმე არაა.

დავუშვათ მქვს ფული: ერთ დღეს მირეკავენ და მიწვევენ ექსკურსიაზე რომლიმე შუშებიან შენობაში, სადაც მამცნობენ, რომ მავან მომღერალ საბრინას ძლიერ უნდა საქართველოში ჩამოსვლა და გლდანის პარკში სოფო ნიჟარაძესთან ერთად სიმღერა. მე ვხვდები, რომ ასეთი კეთილშობილური საქმის არდაფინანსება ჩემგან, რბილად რომ ვთქვათ, უკულტურობა იქნება და ხელის კანკალით გამოვდივარ რამდენიმე ნატანჯ მილიონს.

არა, მილიონერი ვერასოდეს გავხდები.

დავუშვათ მყავს ნათესავი მთავრობაში: საღამოს არაქათგამოცლილი ვბრუნდები სახლში და ტელვიზორს ვრთავ. იქ კი ჩემი ნაქებ-ნადღეგრძელები ნათესავი, რომელიც გუშინ საქართველოს სადღეგრძელოზე გულზე მჯიღებს ირტყამდა, მიყვება, თუ რამხელა წინ გადადგმული ნაბიჯია ნაგვის გადასახადის დენის გადასახადზე მიბმა. და რომ ამან ისე გაამართლა, ახლა საჭიროა ზედ ჰაერის, მდინარეების და მთა-ბარის გადასახადებიც მივაკეროთ.

ეგეთი ნათესავი..! ჩემიც და სხვისიც.

დავუშვათ მაქვს სამსახური: კეთილსინდისიერად დილით მივდივარ და შრომისათვის ვემზადები. უცებ, უფროსი კაბინეტში მიბარებს და მეუბნება, რომ შემიძლია სამსახურში სიარულით თავი აღარ შევიწუხო. ასევე განმიმარტავს, რომ თუ მიზეზი მაინტერესებს იმ აქციის ორგანიზატორს უნდა ვკითხო, რომლის ფარგლებშიც გუშინ გუდიაშვილის სკვერის დასაცავად ვიბრძოდი.

არა, სამსახური ნერვებს დამაწყვეტს.

დავუშვათ მაქვს ბინა მშენებარე კორპუსში: ერთ მშვენიერ დღეს მივდივარ ჩემი მომავალი სახლის სანახავად და უკვე მე-8 სართულამდე ასული კორპუსის ნაცვლად მხვდება ხუთი ხელოვნური ბუჩქი და შუშის შენობა. საქმეში გარკვეული პირები კი მამშვიდებენ, რომ თითო ბინა მინიმუმ ხუთ კაცზე მაინც იყო გაყიდული და დიდად გული არ უნდა დამწყდეს.

არა, მშენებარე ბინა უპერსპექტივოა.

ჰოდა, ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, მივხვდი, რომ ტყუილად ვერჩი ამ ჩემ ცხოვრებას – ძალიანაც ბედნიერი ვარ.

სიყვარულით
კოკოლოზა

Thursday, January 12, 2012

სინანული

სტუდენტი ვიყავი. ნამდვილი ცხოვრება ახალი დაწყებული მქონდა. ფერების გარჩევას ვიწყებდი, საგნებზე საკუთარი აზრი მიყალიბდებოდა, ბოროტისა და კეთილის განსხვავებას ვცდილობდი. მოკლედ, პიროვნებად ვყალიბდებოდი.
იმ უამრავი ადამიანიდან, რომლებიც მაშინ გავიცანი, უმეტესობამ ჩაიარა და დაიკარგა, ზოგი ცოტა ხანს გაჩერდა და მერე დაიკარგა, ზოგი დიდ ხანს გაჩერდა და ბოლოს მაინც დაიკარგა, ზოგი კი დღემდე ჩემ გვერდითაა და ცხოვრებას მიიოლებს (ხანდახან მირთულებს კიდეც).
უნდა ვაღიარო, რომ არც ერთ ჩავლილ ადამიანზე არ მწყდება გული, როგორც ჩანს მათი ადგილი არ იყო ჩემ ცხოვრებაში. მხოლოდ ერთი მშვიდი ახალგაზრდა კაცი არ იშლება ჩემი მეხსიერებიდან, ერთი დამწყები მუსიკოსი. სულ რამდენჯერმე შევხვდი, ვერც საერთო ნაცნობების სიმრავლით დავიკვეხნიდით და არც რამე განსაკუთრებული საერთო თავგადასავალი გვქონია, რომელიც ჩვენ გზებს დააახლოვებდა, მაგრამ წლები გავიდა და მას, მხოლოდ მას, ერთგავრი სინანულითა და სევდით ვიგონებ.
ერთერთი შეხვედრისას (მახსოვს, კონსერვატორიის წინ შევხვდი შემთხვევით) ცოტა ვისაუბრეთ და დამშვიდობებისას რვეულის ყდაზე თავისი ნომერი მიმიწერა.
ბათუმელი ვარო, მითხრა, თბილისიში მარტო ვცხოვრობო. დამირეკე და ვიმეგობროთო - ზუსტად ეს სიტყვები მითხრა თუ არა, არ მახსოვს, მაგრამ რატომღაც ვიგრძენი (შეიძლება შევცდი), რომ ამ ადამიანს მეგობარი და სამყაროს გამზიარებელი აკლდა.
დაგირეკავთქო - ვუთხარი და დავიკარგე. აი ისე, ჩემი ნაცნობების უმეტესობა როგორც დაიკარგა ჩემი ცხოვრებიდან. სტუდენტი ვიყავითქო, ხომ ვთქვი. ქარაფშუტა და ჩერჩეტი. გადამავიწყდა, გავერთე, ფეხებზე დავიკიდე და აღარ დავურეკე.
მას მერე წლები გავიდა, ალბათ 10 მაინც, და ამ დროის განმავლობაში, რაც უფრო ვიზრდებოდი და ჭკუაში ვვარდებოდი, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ არდარეკვა ერთერთი იმ შეცდომათაგანი იყო, რომელიც ბავშვური სისულელით დავუშვი. ადამიანის ნდობასა და გამოწვდილ ხელს ყურადღება არ მივაქციე, წავუყრუე, ზურგი შევაქციე. ეს ცუდი საქციელია.
დღეს კი ვრწმუნდები, რომ ძალიან კარგ ადამიანთან მეგობრობის შანსი გავუშვი ხელიდან, უსაშველოდ მდიდარი შინაგანი სამყაროს მქონე კაცთან. ეს ახალგაზრდა კაცი შესანიშნავი მუსიკოსი და უნიჭიერესი კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძეა.

სიყვარულით
კოკოლოზა

Saturday, January 7, 2012

უცნაური ბულბულის ზღაპარი


პატარა გიორგის ლამაზი და კეთილი დედა ჰყავდა. ალერსიანი, თბილი და მუდამ მომღიმარი. დედამ ყოველთვის იცოდა მის ერთადერთ შვილს რა უნდოდა და ოცნებებსა და სურვილებს დიდი სიამოვნბით უსრულებდა. გიორგის ძალიან უყვარდა დედის გამომცხვარი ნამცხვრები, დედასთან ერთად სეირნობა, თამაში... მოკლედ ყველაფერი, რისი კეთებაც ბავშვებს უყვართ თავის დედიკოებთან. ჩააწვენდა ხოლმე დედა გიორგის კრიალა, გაღუღუნებულ ლოგინში, აღაჟღაჟებულ ლოყაზე აკოცებდა და ტკბილ ძილს უსურვებდა.
- დე, ზღაპარი მომიყევი რა - თხოვდა ხოლმე დამტკბარი გიორგი.
დედამ თავადაც იცოდა, რომ ზღაპრის გარეშე არავინ გაუშვებდა, მაგრამ მაინც თხოვნას ელოდა, როგორც მაყურებლის ტაშს ელიან ხოლმე წარმოდგენის დაწყების წინ.
- მიგყვები დედიკო, აბა რას ვიზამ, რომელი გინდა? - კითხავდა ხოლმე დედა, თითქოს არ იცოდა რა პასუხიც მოყვებოდა ამ კითხვას.
- აი ბულბულზე როა.
- კარგი, აბა მაშინ ყური დამიგდე. დედა სავარძელში მოკალათდებოდა და ათასჯერ მოყოლილი ზღაპრის კიდევ ერთხელ მოსაყოლად ემზადებოდა. სჯეროდა ამ ზღაპარს შვილისთვის რაღაც კარგის სწავლება რომ შეეძლო და იმიტომ.
ზღაპარი კი ასეთი იყო:
უცნაური ბულბულის ზღაპარი
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი...
ბულბული დედი - შეუსწორებდა ხოლმე გიორგი.
- კარგი, იყოს ბულბული.
იყო ბულბული მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი. იყო ერთი ბულბული, ლამაზი და მშვენიერი. ერთ ჩეულებრივ ტყეში ცხოვრობდა, სხვა ცხოველებსა და ფრინველებთან ერთად, მაგრამ მათაგან დიდად იყო გამორჩეული. ისეთი სიმღერა იცოდა, ავადმყოფს განკურნავდა, მკვდარსაც კი გააცოცხლბედა. მის მოსასმენად მარტო მისი ტყის ბინადარნი კი არა ცხრა მთას იქიდანაც კი მოდიოდნენ მხეცები. როცა ბულბული გალობდა ამხელა აურაზაურა ტყე ჩუმდებოდა და სმენად იქცეოდა, არაფერი გამოგვეპაროსო. ტყე ამაყობდა ბულბულით და მგოსანსაც ძალიან მოსწონდა ეს საქვეყნო ყურადღება.
გადიოდა დღეები, თვეები, წლები და ბულბულის სიმღერა არავის ბეზრდებოდა. სადაც არ უნდა წასულიყო ყველგან მოწიწებითა და პატივისცემით ხვდებოდნენ. თუმცა რა მოწიწება და პატივისცემა - თაყვანს სცემდნენ, აღმერთებდნენ. ბულბულიც სიამოვნებით ისმენდა ქათინაურებს და უხილავი შარავანდედით მოსილი დაფრინავდა ხიდან ხეზე, ტევრიდან - ტევრში, ჭალიდან - ჭალაში.
ერთ შავ დღეს დიდი უბედურება დაადტყდა სამხეცეთს. ტყეში ადამიანები გამოჩნდნენ. ისინი სისასტიკითა და უგულობით გამოირჩეოდნენ. ხეებს ჭრიდნენ, ბალახს თელავდნენ, ყვავილებს აჩანაგებდნენ, ცხოველებს იჭერდნენ, ან სულაც ხოცავდნენ და პირუტყვთა ტკბილ თანაცხოვრებას ანგრევდნენ. დიდმა შიშმა და უნდობლობამ დაისადგურა ტყეში. ცხოელებს სულ დამალვასა და თავის გადარჩენაზე უწევდათ ფიქრი, სულ იმას ცდილობდნენ სოროებსა და ფუღუროებში შეყუჟულიყვნენ, რომ უნებლიედ ორ ფეხზე მოარულ ურჩხულებს არ გადაყროდნენ სადმე. ადამიანი ყველაზე დიდი ბოროტება იყო მხეცებისათვის.
ცხადია, ჩვენი ბულბულიც იძლებული გახდა თავისი ღვთაებრივი ხმა გაეკმინდა და პაწია სიცოცხლის შენარჩუნებაზე ეზრუნა. მაგრამ ბულბულს ძალიან უყვარდა სიმღერა, მსმენელთა აღფრთოვანებაც ენატრებოდა და შარავანდედიც, ამიტომაც მისმა მოთმინებამ დიდ ხანს ვერ გაძლო.
ერთხელაც, მაისის ერთ საოცარ დილას, ბულბული სამალავიდან ამოძვრა და ერთ ლამაზ ტოტზე შემოსკუპდა. მარტო კი არ შემოსკუპდა, პირი მოაღო და თავისი შაქრიანი ხმა ამოუშვა. მთელი სულითა და გულით მღეროდა. უწინ თვალის დახამხმებაში შემოუსხდებოდნენ ხოლმე ცხოველები გარშემო და ტყე სმენად იქცეოდა, მაგრამ ახლა ის დრო აღარ იყო, გარშემო ადამიანი იყო და იქ ცხოველს აღარ დაედგომებოდა, ამიტომ არავინაც არ გამოჩნდა. იმღერა ცოტა ხანს ბულბულმა და მიხვდა, რომ მსმენელის გარეშე კაპიკი იყო მისი სიმღერის ფასი, ვინ გაიგებდა, რომ კარგად მღეროდა თუ არავინ მოუსმენდა. დიდ ხანს იფიქრა და იყოყმანა მგოსანმა, მაგრამ ბოლოს მაინც გაბედა: იმ დარბაზს მიაშურა, სადაც მსმენელები არ იმალებოდნენ - ადამიანების ბანაკს.
ერთი გამოსაჩენი ადგილი მოძებნა, ტოტზე შემოჯდა და სიმღერა დაიწყო. არაჩვეულებრივმა ბგერებმა მართლაც მიიქციეს ადამიანის ყურადღება. ყველა გაინაბა, ყველას მოეწონა, ყველა აღფრთოვანდა. ბულბულს ისევ აღმერთებდნენ, ისევ სცემდნენ თაყვანს და ისევ შარავანდედი ედგა.
მას შემდეგ ბულბული ყოველ დღე შემოჯდებოდა ხოლმე პირველად არჩეულ ტოტზე და მღეროდა, ადამიანები კი უსმენდნენ და ეტრფოდნენ, ის კი არა ყოველ მოსვლაზე ათასნაირ სასუსნავსა და ძღვენს ახვედრებდნენ.
ასე იქცა ცხოველბის მგოსანი ადამიანების მგოსნად. ძველი თანამოძმეები სულაც გადაავიწყდა. ხანდახან თუ მოკრავდა ხოლმე თვალს შიშით დამფრთხალ თაგუნას, ან შიმშლით გაძვალტყავებულ მელაკუდას. უი, ეს რა დღეში ყოფილანო, გასცრავდა ხოლმე წამით, მაგრამ მერე თავს დაიმშვიდებდა: საკუთარი სიმიხდალის და უნიათობის გამო არიან ასეო.
ასე აღმოჩნდნენ ბულბული და დანარჩენი ცხოველები ერთმანეთის გვერდიგვერდ, მაგრამ სხვადასხვა სამყაროებში. მგოსნის სიმღერა მხეცებს აღარ წვდებოდა გულში, პირუტყვთა გასაჭირი კი ბულბულისათვის იყო გაუგებარი.
- და მერე იცი რა მოხდა?! - თხრობას შეწყვეტდა ხოლმე დედა - აბა თუ გამოიცნობ!
მაგრამ გიორგის უკვე ეძნა ხოლმე, ყოველთვის ეძინა, ისე გაიზარდა ვერც ერთხელ ვერ მოისმინა უცნაური ბულბულის ზღაპარი ბოლომდე.
- ეჰ - იტყოდა ხოლმე დედა სევდანარევი ღიმილით, ბავშვს კიდევ ერთხელ აკოცებდა ღაჟღაჟა ლოყაზე და ფეხაკრეფით გადიოდა ოთახიდან.
დღეს გიორგი უკვე დიდი კაცია, მოხუცი დედა დღესაც ძლიერ უყვარს და ბავშობის წლებიც ტკბილად აგონდება, მაგრამ უცნაური ბულბულის ზღაპრის დასასრული დღესაც არ იცის.

სიყვარულით
კოკოლოზა