დღეს აღდგომაა და, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთ დღეებში, უცნაურმა სევდამ შემიპყრო. სევდამ კი არა, ფიქრმა - ღმერთსა და უღმერთობაზე.
დღეს დილით ფეისბუქზე რომ შევედი ძირითადად ორი ტიპის პოსტები (როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა) და კომენტარები დამხვდა.
ჩემი მეგობრების ერთი ნაწილი შეღებილი კვერცხებისა და გაცისკროვნებული პეიზაჟების სურათებს მთავაზობდა, მეორე კი პირველებს დასცინოდა და ათეიზმით იწონებდა თავს, შემდეგ პირველბი "ქართული ქრისტიანობისათვის" დამახასიათებელი სათნოებით მოიხსენიებდნენ მეორეებს და ა.შ. გაუთავებლად. სხვა რაღა დამრჩენოდა თუ არა ღმერთსა და უღმერთობაზე დაფიქრება.
არიან კი, ან ერთნი ან მეორენი, გულწრფელი და მართლა იმისა სწამთ რასაც საჯაროდ აცხადებენ? რატომ ცდილობენ ერთმანეთის დამცირების ხარჯზე გამოჩნენ კარგებად და არა თავის თავად? მრწამსის დეფიციტი ხომ არ აქვთ?
"მორწმუნეებს" შევეშვები, ჩემთვის მათი ამბავი უკვე გარკვეულია - მორალური პრინციპების სისუსტის, სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობისა და მოდურობის გამო თავს ეკლესიას აფარებენ და ამით ცდლობენ თავის "გაპრავებას" ხალხისა და ღმერის წინშე. ისინი უკვე აღარ არიან ჩემთვის საინტერესო, მათ შორის ნამდვილი, გულით ქრისტინი ვერ აღმოვაჩინე და უკვე იმედიც აღარ მაქვს.
არც "ურწმუნოები" მგონიან მთლად გულწრფელნი. მესმის, რომ საერთო რელიგიურ აჟიოტაჟზე პროტესტი უჩნდებათ და საზოგადოებას უნდათ აჩვენონ, რომ ისინიც მნიშვნელოვანნი არიან, მაგრამ, მგონი, ამას არასწორად აკეთებენ. ისეთ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რწმენის ჯერ კიდევ შერჩენილი, პატარა ნაწილაკი სინდისს უღრღნით და მის ამოშანთვას უხეში და ტლანქი მეთოდებით ცდილობენ. სინამდვილეში კი ღმერთის, სხვათა რწმენისა და ტრადიციების შეურაცხყოფით მხოლოდ საკუთარ თავს შეურაცხყოფენ. ისეთ ათეისტი მინდა გავიცნო, რომელიც, თავისი ურწმუნობით, თავს სხვაზე მეტად ან ნაკლბად კი არ იგრძნობს, არამედ - თანასწორად. ისეთი ათეისტი მინდა შემხვდეს, რომელიც სხვის მრწამსს პატივისცემით მოეკიდება, არც სხვას შეურაცხყოფს და თავის შეხედულებსაც ბუნებრივად შეინარჩუნებს.
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ კარზე მერძევე მოგვადგა. გავუღე, მივესალმე, შეჭმარიტადთქო ვუთხარი და, მის ბიზნეს პარტნიორს, ბებიაჩემს გადავულოცე.
ცოტა ხნის შემდეგ ბებიაჩემი შემოვიდა და ასეთი რამ მომიყვა: ეს ჩვენი მერძევე აზერბაიჯანიდან ჩამოსული მუსულმანური ოჯახიდან ყოფილა. 30 წლის წინ ქრისტიანად მონათლულა და, სანათესაოში დიდი უსიამოვნებების მიუხედავად, თურმე დღემდე ინარჩუნებს ამ მრწმასს.
წუხელ ეკლესიაში თუ იყავიო - უკითხავს ბებიაჩემს.
ეკლესიაში ვინ გამიშვებდა, ოჯახში უფლებას არ მაძლევენო. ერთხელ ჩემი ძმა ჩუმად გამომყვა და, რომ დამინახა ტაძარში შვედი, შავი დღე მაყარაო - უპასუხია ამ უცნაურ ქალბატონს.
ოჯახიც ამის გამო ვერ შევქმენი და მარტოდ დავრჩი, მაგრამ მწამს და რა ვქნაო - დაუმატებია ბოლოს.
ჩემი ფეისბუექლი მეგობრების ფონზე, რომლებიც რწმენის ან ურწმუნობის ხარჯზე პრობლემებს გაურბიან, ან სხვებზე საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას ცდილობენ, ამ ქალის მონათხრობი სრულიდ განსხვავბულად მომეჩვენა. მან ახალი მრწამსის მიღებასთან ერთად ახალი გასაჭირიც მიიღო, თან ისეთი ჩემ აქტიური ფეისბუქელების უმრავლესობას რომ არც დასიზმრებია - ოჯახისა და ნათესავების გადამტერება. არ ვიცი, რა წაუკითხავს ან რა გაუგია ქრისტიანობაზე ჩემს მერძევეს, რა დოგმებსა და მცნებებს იცნობს, მაგრამ მასში რაღაცის რწმენის სურვილი დავინახე და ესაა ყველაზე მთავარი. ასეთი უნდა იყოს მორწმუნე - საკუთარი ნებით უნდა სწამდეს და მის მრწამსს არასოდეს დაემუქრება საფრთხე. ძალით თეისტ-ათეისტები კი შინაგან წნეხს ვერ უძლებენ და თავის გასამართლებლად სხვბზე ილაშქრებენ.
ღვთისნიერობითა და უღვთოობით კეკლუცობამ ძალიან დამღალა, ალბათ ამ სიყალბის გამოა მსგავს დღესასწაულებზე უცანური სევდა რომ მიპყრობს ხოლმე. სევდა კი არა - ფიქრი.
სიყვარულით
კოკოლოზა
No comments:
Post a Comment