ამას წინათ უცნაურმა აზრმა გამიელვა თავში.
რა უაზროდ ვცხოვრობ! – გავიფიქრე – ცოლი მე არ მყავს, შვილი, მანქანა, არც რამე ბიზნესი მაქვს, არც ფული და ერთი ნათესავიც კი არ მყავს მთავრობაში, ვერც მუდმივი სამსახურით დავიკვეხნი და ვერც ბინით მშენებარე კორპუსში.
ეს ყველაფერი გონებაში რომ ჩამოვთვალე, ახლა იმაზე დავფიქრდი ვარ თუ არა ამის გამო უბედური და განმაცვიფრებელი პასუხი მივიღე – არა. მივხვდი, რომ ამ დილემას ჩაღრმავების გარეშე ვერ გადავჭრიდი და ანალიზის მეთოდს მივმართე. ჩამოთვლილთაგან ცალ-ცალკე განვიხილე თითოეული სიკეთე და რა იქნებოდა ეს ყველაფერი რომ მქონდეს.
დავუშვათ მყავს ცოლი: საღამოს, დაღლილ-დაქანცული და ნერვებაშლილი შინ ვბრუნდები და რას ვხედავ: ეს ჩემი კნეინა წამოგორებულა დივანზე, “პროფილს” უყურებს და ცრემლებს აღვარღვარებს.
რა მოგივიდა ადამიანო, რა გატირებს? – ვეკითხები შეშინებული.
ისიც მპასუხობს, რომ მავანმა წამყვანმა, მავან გადაცემაში, მავანი გაუბედურებული ადამიანი მოიყვანა და აყოლებს როგორ დაკარგა დედა, მამა, და-ძმა, სახლი, კარი, ხელი და ფეხი.
შენი ჭირიმე, რამე მსუბუქზე გადართე, გასაჭირი ჩვენიც ბევრი გვაქ – ვეხვეწები მეუღლეს.
ისიც პულტს იღებს და “იმედზე” რთავს, სადაც მავან ნანუკას მეეზოვეები ჰყავს მოწვეული და საქარველოს ჰიმნს ამღერებს ნიკა მემანიშვილის არანჟირებით, დირიჟორობითა და სოლირებით.
არა, ცოლი არ მინდა.
დავუშვათ მყავს შვილი: საღამოს ისევ მისავათებული და განერვიულებული ვბრუნდები შინ იმ მოლოდინით, რომ ოჯახში მაინც ვპოვებ სიმშვიდეს. კარებს ვაღებ თუ არა ჩემი ხუთოსანი შვილი კისერზე მახტება და მახარებს, რომ დღეს ისტორიაში მორიგი ფრიადი მიიღო. თურმე სხაპასხუპით მოყვა საქართველოს ისტორიის უმნიშნელოვანესი მონაკვეთი ჩაის დალევიდან ჩოლოქის გადაკვეთამდე.
არა, არც შვილი მინდა.
დავუშვათ მყავს მანქანა: ვაჩერებ გასამართ სადგურთან და ზრდილობიან “ზაპრავშიკს” ვთხოვ ძლივს შეგროვებული 4 ლარის ბენზინი ჩამისხას. ისიც პისტოლეტს ავზში ჰყოფს და ღვთაებრივ სითხეს უშვებს. ვიცი, რომ სითხის ფასი რეალურზე ბევრად მეტია, ისიც ვიცი, რომ იმ ბენზინიდან რაც 4 ლარად მეკუთვნის ნაწილი შლანგში რჩება. ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვამტკიცებ, ან რომც დავამტკიცო რა ხეირი, ჰა ჰა ზაპრავშიკი გავლახო, თანაც, სანამ მე ცემა-ტყეპით ვიქნები გართული, “სიტი პარკი” ჩემ მანქანას საჯარიმო სადგომზე წააცუნცულებს. ამიტომ ხმას ვიკმიდავ და კუდამოძუებული ვტოვებ სადგურს.
მოაშორეთ, მანქანა არა..!
დავუშვათ მაქვს ბიზნესი: ერთ დღესაც ჩემთან მოდის მავანი ფინანსური პოლიციიის თანამშრომელი და მეუბნება, რომ თუ არ მინდა კოლეგებთან ერთად მეწვიოს, გლდანი-ნაძალადევის, (ან ისანი-სამგორის) ნაციონალური მოძრაობის ოფისის ბიჭებს ყოველდღე უნდა დავუფინანსო საუზმე, სადილი და ვახშამი. ვიცი, რომ მის კოლეგებს ისევ ნაცმოძის დაპურება ჯობია და სასოწარკვეთილი ვთანხმდები.
არა ძმაო, ბიზნესი ჩემი საქმე არაა.
დავუშვათ მქვს ფული: ერთ დღეს მირეკავენ და მიწვევენ ექსკურსიაზე რომლიმე შუშებიან შენობაში, სადაც მამცნობენ, რომ მავან მომღერალ საბრინას ძლიერ უნდა საქართველოში ჩამოსვლა და გლდანის პარკში სოფო ნიჟარაძესთან ერთად სიმღერა. მე ვხვდები, რომ ასეთი კეთილშობილური საქმის არდაფინანსება ჩემგან, რბილად რომ ვთქვათ, უკულტურობა იქნება და ხელის კანკალით გამოვდივარ რამდენიმე ნატანჯ მილიონს.
არა, მილიონერი ვერასოდეს გავხდები.
დავუშვათ მყავს ნათესავი მთავრობაში: საღამოს არაქათგამოცლილი ვბრუნდები სახლში და ტელვიზორს ვრთავ. იქ კი ჩემი ნაქებ-ნადღეგრძელები ნათესავი, რომელიც გუშინ საქართველოს სადღეგრძელოზე გულზე მჯიღებს ირტყამდა, მიყვება, თუ რამხელა წინ გადადგმული ნაბიჯია ნაგვის გადასახადის დენის გადასახადზე მიბმა. და რომ ამან ისე გაამართლა, ახლა საჭიროა ზედ ჰაერის, მდინარეების და მთა-ბარის გადასახადებიც მივაკეროთ.
ეგეთი ნათესავი..! ჩემიც და სხვისიც.
დავუშვათ მაქვს სამსახური: კეთილსინდისიერად დილით მივდივარ და შრომისათვის ვემზადები. უცებ, უფროსი კაბინეტში მიბარებს და მეუბნება, რომ შემიძლია სამსახურში სიარულით თავი აღარ შევიწუხო. ასევე განმიმარტავს, რომ თუ მიზეზი მაინტერესებს იმ აქციის ორგანიზატორს უნდა ვკითხო, რომლის ფარგლებშიც გუშინ გუდიაშვილის სკვერის დასაცავად ვიბრძოდი.
არა, სამსახური ნერვებს დამაწყვეტს.
დავუშვათ მაქვს ბინა მშენებარე კორპუსში: ერთ მშვენიერ დღეს მივდივარ ჩემი მომავალი სახლის სანახავად და უკვე მე-8 სართულამდე ასული კორპუსის ნაცვლად მხვდება ხუთი ხელოვნური ბუჩქი და შუშის შენობა. საქმეში გარკვეული პირები კი მამშვიდებენ, რომ თითო ბინა მინიმუმ ხუთ კაცზე მაინც იყო გაყიდული და დიდად გული არ უნდა დამწყდეს.
არა, მშენებარე ბინა უპერსპექტივოა.
ჰოდა, ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, მივხვდი, რომ ტყუილად ვერჩი ამ ჩემ ცხოვრებას – ძალიანაც ბედნიერი ვარ.
სიყვარულით
კოკოლოზა
No comments:
Post a Comment