Thursday, January 12, 2012

სინანული

სტუდენტი ვიყავი. ნამდვილი ცხოვრება ახალი დაწყებული მქონდა. ფერების გარჩევას ვიწყებდი, საგნებზე საკუთარი აზრი მიყალიბდებოდა, ბოროტისა და კეთილის განსხვავებას ვცდილობდი. მოკლედ, პიროვნებად ვყალიბდებოდი.
იმ უამრავი ადამიანიდან, რომლებიც მაშინ გავიცანი, უმეტესობამ ჩაიარა და დაიკარგა, ზოგი ცოტა ხანს გაჩერდა და მერე დაიკარგა, ზოგი დიდ ხანს გაჩერდა და ბოლოს მაინც დაიკარგა, ზოგი კი დღემდე ჩემ გვერდითაა და ცხოვრებას მიიოლებს (ხანდახან მირთულებს კიდეც).
უნდა ვაღიარო, რომ არც ერთ ჩავლილ ადამიანზე არ მწყდება გული, როგორც ჩანს მათი ადგილი არ იყო ჩემ ცხოვრებაში. მხოლოდ ერთი მშვიდი ახალგაზრდა კაცი არ იშლება ჩემი მეხსიერებიდან, ერთი დამწყები მუსიკოსი. სულ რამდენჯერმე შევხვდი, ვერც საერთო ნაცნობების სიმრავლით დავიკვეხნიდით და არც რამე განსაკუთრებული საერთო თავგადასავალი გვქონია, რომელიც ჩვენ გზებს დააახლოვებდა, მაგრამ წლები გავიდა და მას, მხოლოდ მას, ერთგავრი სინანულითა და სევდით ვიგონებ.
ერთერთი შეხვედრისას (მახსოვს, კონსერვატორიის წინ შევხვდი შემთხვევით) ცოტა ვისაუბრეთ და დამშვიდობებისას რვეულის ყდაზე თავისი ნომერი მიმიწერა.
ბათუმელი ვარო, მითხრა, თბილისიში მარტო ვცხოვრობო. დამირეკე და ვიმეგობროთო - ზუსტად ეს სიტყვები მითხრა თუ არა, არ მახსოვს, მაგრამ რატომღაც ვიგრძენი (შეიძლება შევცდი), რომ ამ ადამიანს მეგობარი და სამყაროს გამზიარებელი აკლდა.
დაგირეკავთქო - ვუთხარი და დავიკარგე. აი ისე, ჩემი ნაცნობების უმეტესობა როგორც დაიკარგა ჩემი ცხოვრებიდან. სტუდენტი ვიყავითქო, ხომ ვთქვი. ქარაფშუტა და ჩერჩეტი. გადამავიწყდა, გავერთე, ფეხებზე დავიკიდე და აღარ დავურეკე.
მას მერე წლები გავიდა, ალბათ 10 მაინც, და ამ დროის განმავლობაში, რაც უფრო ვიზრდებოდი და ჭკუაში ვვარდებოდი, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ არდარეკვა ერთერთი იმ შეცდომათაგანი იყო, რომელიც ბავშვური სისულელით დავუშვი. ადამიანის ნდობასა და გამოწვდილ ხელს ყურადღება არ მივაქციე, წავუყრუე, ზურგი შევაქციე. ეს ცუდი საქციელია.
დღეს კი ვრწმუნდები, რომ ძალიან კარგ ადამიანთან მეგობრობის შანსი გავუშვი ხელიდან, უსაშველოდ მდიდარი შინაგანი სამყაროს მქონე კაცთან. ეს ახალგაზრდა კაცი შესანიშნავი მუსიკოსი და უნიჭიერესი კომპოზიტორი ზვიად ბოლქვაძეა.

სიყვარულით
კოკოლოზა

No comments:

Post a Comment