Monday, February 27, 2012

ცენზურა


ძველი იტალიური ფილმი “ჭირვეულის მორჯულება” ერთერთი იშვიათია იმ “კაპიტალისტური” სურათებიდან, რომელიც დიადმა საბჭოეთმა თავის ეკრანებზე დაუშვა. თუმცა, მთლად ასეც ვერ დაუშვებდა, ჯერ რამდენიმე “გარყვნილი” ეპიზოდი ამოჭრა, მაღალზნეობრივი საბჭოთა მაყურებლის მორალურ კოდექსს მოარგო და შემედგ მიაწოდა საზოგადოებას. ამ ამოჭრილი ეპიზოდების არსებობის შესახებ მხოლოდ 90-იანებში გავიგეთ, როცა ეკრანებზე სრული ვერსია გამოჩნდა. თურმე ფილმიდან ორი ეპიზოდი ამოუჭრიათ: ერთში ქალების ჩხუბია ასახული, მეორეში კი ორნელა მუტი მთლად შიშველი უგორდება ლოგინში ადრიანო ჩელენტანოს (ბედნიერი!). კადრში მთელი მშვენბითა და სისავსით ჩანს ულამაზესი ქალის მკერდი.
რა თქმა უნდა მსგავს “უმსგავსობას” საბჭოთა კულტურა ვერ დაუშვებდა, ფილმი დაკუწა და მაყურებელს სახალისო კომედია უჩვენა, ზედმეტების გარეშე.
თითქოს იმ დრომ ჩაიარა და მსგავსი რამ აღარ უნდა ხდებოდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა დროს აქვს თავის “ორნელა მუტის ძუძუები”. ამას წინათ საპატრიარქოს ტელევიზიით თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხე” გავიდა უცნაური რედაქციით: ოხროხინე მღვდლის ოქროს ეპიზოდები სადღაც გამქრალიყო. თვალებს არ დავუჯერე! ნუთუ ვინმემ ამ შედევრის დამახინჯება გაბედა, რათა სასულიერო პირის დისკრედიტაცია აერიდებინა თავიდან! ამით ხომ მან უფრო ავნო თავის თავს. თუ ასეთი მიუღებელი იყო, არ ჯობდა სულაც არ ეჩვენებინა ეს ფილმი? ის ხომ სწორედ იმაზე მოგვითხრობს, რომ ხანდახან მღვდლები, მამასახლისები და სხვანი საზოგადოების ავანგარდიდან, ცდებიან და დამკვიდრებული წესების ბრმად მიყოლით დიდ ბოროტებას ჩადიან.
ახლა იმას აღარ იტყვი, ქართეველ მოქეიფეებს რუსულ მუსიკაზე მოლხენა რომ აუკრძალა მთავრობამ!? თურმე ეს არაპატრიოტულია და სამშობლოს ღალატს უტოლდება. თურმე “ბელიე როზი”-ს მოსმენა რუსეთუმეობაა და ნინო ჩხეიძისა კაი ტიპობა.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში (რომელიც დაახლოებით 30 წელს მოიცავს) ფარდის მიღმა მუდმივად არის ვიღაც, ვინც თვლის, რომ აქვს უფელბა მასწავლოს როგორ ვიცხოვრო, რა კარგია და რა – ცუდი, რა სწორია და რა – არასწორი, რა მომეწონოს და რა – შევიძულო. დროებათა ცვალებადობის მიუხედავად, ეს ვიღაც არ იცვლება, მხოლოდ ადგილებსა და დარიგებებს იცვლის. ცდილობს მუდმივად ჩემ მორალურ აღზრდაზე იზრუნოს, თავად კი, საკუთარ ზნეობრიობაზე არასოდეს ფიქრდება.
რატომ არ შეიძლება, რომ ამ აღმზრდელის გარეშე ვიცხოვრო! განა უკეთესი მართლმადიდებელი არ ვიქნები, თუ თავად ავირჩევ მრწამსს და ოხროხინეს გაიძვერობა მუდამ შემახსენებს, რომ რწმენას უნდა გაუფრთხილდე, თორემ ცარიელი, სულიერებისგან დაცლილი ანაფორაღა შეგრჩება ხელში.
განა უკეთესი საბჭოელი არ ვიქნები, თუ ამას ვიღაც კი არ დამაძალებს, არამედ თავად მოვინდომებ. სადღაც მიმალული უჩინ-მაჩინი ორნელა მუტის ღირსებას კი არ დამიმალავს, არამედ ყველაფრის ნახვისა და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას მომცემს.
განა უკეთესი მოქალაქე არ ვიქნები, როდესაც საკუთარი გემოვნებით ავარჩევ მუსიკას, ტანსაცმელს, საჭმელს, პროფესიასა თუ მეუღლეს. როდესაც თავად გადავწყვეტ, რომ პატრიოტი ვარ და არა ვიღაცის დანამუსებით.
მგონი ასეა. და თუ ასეა, გამოდის, რომ ამ ქვყვანაში არ ჭირდებათ არც ნამდვილი მორწმუნეები და არც ნამდვილი მოქალაქეები, ისევე როგორც, არ ჭირდებოდათ საბჭოთა კავშირში.
იმიტომ, რომ ნაღდთან შენც ნაღდი უნდა იყო, ეს კი არ შუძლიათ.

სიყვარულით
კოკოლოზა

2 comments:

  1. კოკოლოზ, რა კაი ტიპი ხარ! :დ

    ნატვრის ხე სერიოზულად ამოჭრეს? o_O ოხროხინე მანდ ყველაზე მაზალო ვინმეა, ის მკერდმოშიშვლებული ქალი რომ ევასება. ეჰ, აფსუს :))

    ReplyDelete
  2. უცნაურია, არ მეგონა თუ ამ ბლოგს კიდე ვინმე კითხულობდა.

    ReplyDelete