Saturday, December 10, 2011

მიშა, დამიბრუნე მეგობრები!












მიშა!
კარგი მეგობრები მყავს: საინტერესო, თბილი, გულიანი, მგრძნობიარე და გვერდში დამდგომი. ყველა ჭკვიანი არაა, არც ლამაზი და არც მდიდარი, ზოგი ისეთია ზოგი ასეთი, მაგრამ ყველას ერთ რამ აერთანებს: ისინი კარგი ადამიანები არიან. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მათთან თავს კარგად ვგრძნობ. უფრო სწორად ვგრძნობდი...
ძალიან მენატრებიან, თითოეული მათგანი საოცრად აკლია ჩემ ცხოვრებას და ძლივს ვიკავებ თავს რომ არ დავურეკო, შევხვდე და მათი კამპანიით დავტკბე. არა, თვითგვემისკენ არ მაქვს მიდრეკილება და არც ამის ნიშნებს ვამჩნევ საკუთარ თავს, უბრალოდ ვიცი, რომ კიდეც რომ დავურეკო ან შევხდე მათი კამპანიით ვერ დავტკბები - ისინი მიშისტები არიან. ზოგი ცხადად და აშკარად, ზოგი გაუმხელელად, ზოგი ინდიფერენტულობასა და აპოლიტიკურობას ამოფარებული, ზოგი შუშების ლაპლაპით დაბრმავებული, ზოგი შენი ბოდვით გაბრუებული, ზოგი კარგ ხელფასს დახარბებული და ზოგიც ცუდი ხელფასის დაკარგვით შეშინებული. მე მათ ყველას ერთ ქვაბში ვხარშავ, რადგანაც ვთვლი რომ განსხვავებულ ქვაბებს არ იმსახურებენ.
ვიცი რასაც იტყვი: ვაი შენს პატრონს! შენ მეგობრებთან ურთიერთობა არ შეგეძოს ჩემი რა ბრალიაო. ამ სიტყვების წამკითხავნი კი დააყოლებენ: პოლიტიკის გამო მეგობარს მარტო იდიოტი თუ მოიმდურებსო.
მაგრამ მიშა, შენ არ ხარ პოლიტიკა, უკვე ადამიანიც აღარ ხარ, ჩემ მეგობრებს მიშა კი არ მოსწონთ, არამედ მიშიზმი საკუთარ თავში; თვითკამყოფილება იმით, რომ რაღაც დიადის და ბრწყინვალის შექმნაში იღებენ მონაწილეობას.
მიიღონ, რა მოხდა მერე, თითქოს არაფერი ცუდი ხომ?! მაგრამ უბედურებაც ესაა: ამ დიადისა და ბრწყინვალის შექმნით დაბეცებულნი ყველაფერ დანარჩენზე თვალს ხუჭავენ და იმ დაწყევლილ ფერხულში ერთვებიან, რომელსაც ასეთი მოდმებით გვთავაზობ ყოველდღურად და ყოველწამიერად.
ჩემ კარგ მეგობრებს არ უნდათ იფიქრონ იმაზე, თუ რატომაა ამდენი ხალხი შენით უკმაყოფილო, არც იმაზე ფიქრობენ, რომ შეიძლება ერთ დღეს ისინიც უკმაყოფილოთა სიაში აღმოჩდნენ, არც ის ადარდებთ, რომ მათი აშენებული დიადი და ბრწყინვალე რაღაცის ნიშნებიც კი არ ჩანს ჯერ. ჩემ კარგ მეგობრებს სულ ფეხებზე კიდიათ ის ფაქტი, რომ თუ სასწაული მოხდა და მათი ბედნიერება მაინც აშენდა - სხვის უბედურებაზე იქნება აგებული; და რომ, არ არსებობს ხალხის ბედნიერება, თუ ადამიანი არაა ბედნიერი. ჩემი კარგი მეგობრები სუსტები არიან, რომ მსგავს რაღაცეებზე იფიქრონ, განა არ შეუძლიათ, გონებაც ყოფნით და ცოდნაც, უბრალოდ თვალდახუჭლი უკეთ გრძნობენ თავს და ტყუილად გახელით თავს არ იწუხებენ, რადგან ასე უფრო კომფორტულია.
სხვა საკითხებში ისეთივე ჯიგრებად დარჩნენ, როგორც შენამდე იყვნენ, უბრალოდ მე ვეღარ ვხედავ მათ სიჯიგრეს, რადგანაც მეც სუსტი ვარ და დაბრმავებული. არ შემიძლია ისეთ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, ვისთვისაც ადამიანი ღირებულებას არ წარმოადგენს. მიშიზმისთვის კი ეს ღრებულება უცნობია.
მაშ სამუდამოდ დავკარგე ეს მეგობრები? მუდამ ამ ერთ ქვაბში მოიხარშებიან? - იმედი მაქვს რომ არა. იმისთვის, რომ ჩემი იმედი გამართლდეს აუცილებელია, რომ მიშიზმი გაქრეს, განელდეს მაინც. საზოგადოებამ და თითოეულმა ადამიანმა განსაჯოს და გაასამართლოს ეს მავნე ჩვევა და ვერდიქტი გამოუტანოს მას - "მოიკვეთოს"! ამ ვერდიქტმა ჩემი კარგი მეგობრები უნდა მიახვდროს, რომ რაღაც ძალიან ცუდის ნაწილი იყვნენ, ოღონდ უნდა მიახვედროს და არა დააძალოს (მაშინ ეს ხალხი მიშისტობას კი შეეშვება, მაგრამ ვერდიქტისტი გახდება).
ვიცი, ზედმეტი თავდაჯერებულობით ვლაპარაკობ მათ მცდარობასა და ჩემ სიმართლეზე, მაგრამ ჩვენი კვლავ დამეგობრების სხვა გზას ვერ ვხედავ და ეს ის საკითხია რაშიც სულაც არ ვარ სუსტი - მზად ვარ ყველასა და ყველაფერზე უარი ვთქვა, თუ ვთვლი, რომ ის ბოროტებას ემსახურება ან თუდაც მხოლოდ იწონებს.
ამიტომ მიშა, გთხოვ და მოგიწოდებ: გაქრი და განიავდი შენი მიშიზმიანად და დამიბრუნე ჩემი კარგი მეგობრები. მომეცი საშუალება თთოეული მისთვის განკუთვნილ ქვაბში დავაბრუნო და მათთან ლაღობით დავტკბე. ვერ ხედავ, რომ ხელს გვიშლი მეგობრობაში, შეგვეშვი რა!!!

P.S. ალბათ, რაღაც დროის მერე, როცა მიშიზმი გაფერმკრთალდება , ან სულაც გადაშენდება, ამ ჩანაწერს შევხედავ და საკუთარ ფეხმოუდრეკლობაზე გამეცინება (ნეტა მალე მოვიდეს ეს დრო), მანამდე კი - "აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს".

სიყვარულით
კოკოლოზა

Tuesday, November 15, 2011

ვარიაციები თემაზე

ეს შედევრი ბათუმში დადგეს (თუ დაყარეს). კვერცხებზე შემდგარი შლოპანცები ზუსტად რას ნიშნავს, ალბათ საუკუნეების შემდეგ გახდება ცნობილი, ახლა კი მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. მეც გადავწყვიტე თანამედროვე ხელოვნების ამ ნიმუშის რამდენიმე სავარაუდო მნიშვნელობა შემოგთავაზოთ.

1. ესაა ეპატაჟი, თუმცა რაზე და ვიზე არც თავად ავტორმა იცის და არც მისმა ბელადმა. ერთმა სიმთვრალეში დააბრეხვა - მოდი შლოპანცის ძეგლი დავდგათო, მეორემ - ვინც არაო, პირველმა - ცანცარაო. და დადგეს.

2. სკულპტურა ამბობს: თქვენ ყველანი კვერცხები ხართ და მიშას შლოპანცის ლანჩადაც არ ღირხართ, როცა მოუნდება მაშინ გაგსრესთ, ამიტომ ჭკუით იყავითო.

3. ან კიდევ, ჩვენ ისევ კვერცხები ვართ და როგორც კრუხი იფარავს თვაის შვილებს ფრთების ქვეშ, ასევე მიშა გვიფარავს ყველას შლოპანცის ქვეშ.

4. ესაა საქართველოს აყვავების ორი მთავარი მიმართულება: სოფლის მეურნეობა, რომლის სიმბოლოდაც კვერცხი შეიძლება ჩაითვალოს და ტურიზმი, რომელსაც შლოპანცი განასახიერებს.

5. თაისუფლად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს კომპოზიცია მიშას ისტორიულ მნიშვნელობაზეც მიუთითებს: ქრისტეფორე კოლუმბის შემდეგ მიშა პრველია ვინც კვერცხის ფეხზე დაყენება შეძლო, თან ისე, რომ დიდი მოგზაურისგან განსხვავებით არც კი გაუტეხია, მან ეს შლოპანცის მეშვეობით მოახერხა.


6. მიშას შუძლია იყოს კვერცხივით ნაჭუჭში ჩაკეტილიც და შლოპანცივით ღია და მსუბუქიც.

7. ჩვეულებრივ, ცხოვრებაში კვერცხი შლოპანცზე მაღლაა, (გინდა საბუდარში იდოს, გინდა მაგიდაზე, გინდა კუჭში და გინდაც სადმე სხვაგან) მაგრამ ხანდახან პირიქითაც ხდება ხოლმე და მიშას ეს ყოველთვის ახსოვს.

8. დილემა ქათამი იყო პირველად თუ კვერცხი მიშამ უკვე გადაჭრა: პირველად იყო შლოპანცი და მისგან წარმოიშვა კვერცხი.

9. შევარდნაძის დროს ისეთი გაჭირვება იყო, რომ ხალხი უკვერცხო ტორტს აცხობდა, მიშას ზეობისას კი იმდენი კვერცხი გვაქვს შლოპანცებსაც კი კვერცხით ვამზადებთ.

10. ყველა ხელოვანს აქვს თვითგამოხატვის უფლება, თუ ის მიშასთან ახლოა. მაგ ორიდან რომელია კვერცხი და რომელი შლოპანცი, თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია.

ამბობენ რამდენი ადამიანიცაა იმდენი აზრიაო. ერთი ვარ და უკვე 10 ვარიაცია შემოგთავაზეთ თემაზე "შლოპანცი და კვერცხები". თქვენც იფიქრეთ, იქნებ ერთად ჩავწვდეთ კომპოზიციის აზრს. ხელოვნებაც ხომ ზუსტად ესაა: ხალხი უნდა დააფიქროს.


სიყვარულით


კოკოლოზა

Saturday, October 29, 2011

ჩემი ღვთისნიერი საქართველო

ორიოდ წლის წინ მეგობრის ქორწილში ვიყავი. ჩვეულებრივი ქორწილი იყო: სუფრა, საჭმელები, დამკვრელები, საგანგებოდ გამოპრანჭლი და იდუმალი პრინცის მომლოდინე ქალწულები და ნაკლებად ქალწულები, იდუმალ პრინცობას შეფარებული ოღრაშები და მრავალი სხვა რამ თვალსაჩინო. თუმცა ერთი რამ კი ნამდვილად უჩვეულო და ახალი აღმოჩნდა ჩემთვის (ეტყობა იმიტომ, რომ იშვიათად დავდივარ ქორწილებში): ახალგაზრდა, სიძის მეგობარი, თამადა თითქმის ყველა სადღეგრძელოში ახსენებდა ე.წ. "ზეციურ საქართველოს". თუ წინაპრების, წასულების და, ჯანდაბას, ბებია-ბაბუების სადღეგრძელოებზე კიდევ ასატანი იყო, მავანმა თამადამ სიძე-პატარძლის, სიცოცხლისა და მსგავსი "პოზიტიური" სადღეგრძელოებისასაც რომ იგივე გაიმეორა - ცოტა შევფიქრიანდი.
- თითქოს ახალგაზრდა კაცია, ჯანი არ აკლია და ფერი, მთელი ცხოვრება წინა აქვს, სააქაოთი უნდა ტკბებოდეს, ეს კიდე სადღაც ჰოპოთეტურად არსებულ "ზეციურ საქართველოს" მისტირის! - გავიფიქრე შეცბუნებულმა.
ერიჰაა, დავახვიო აქედან, თორე დღესვე რომ მოინდომონ ამ ჩემისებმა ზეციურ საქართველოში გამგზავრება, რაღა მეშველება! უამრვი საქმე მაქვს მიწიერ საქართველოში დასასრულებელი და ჯერაც არდაწყებული - ერთი ესეც ვთქვი და ზეაღმავალი კამპანია დავტოვე.

მას მერე ვაკვირდები ქართველების ზესწრაფვას და სულ ახალ-ახალ აღმოჩნებს ვაკთებ. მაგალითი გინდა? ა ბატონო: ადრე რომ დაგეცემინებინა რას გეტყოდნენ? - ჯანმრთელობა! სიცოცხლე! ჯანი!გაზრდა! ცხვირის გაზრდა ყურებამდე! ჩაჯმა! და ვინ მოსთვლის კიდევ რას. დღეს კი დაცემინება არ მაქვს დამთავრებული, რომ ყველა მხრიდან მესმის - ღვთის წყალობა!

ღვთის წყალობის საწინაღმდეგო კი არ მაქვს რამე, მხოლოდ ის მაკვირვებს როდის და რატომ გახდა ეს უღმერთო ხალხი ასეთი ღვთისმოსავი. ასეთი რა გადატრიალდა ჩვენ კავკასიურ ტვინებში, რომ უცბად ყველაფერი ღვთიური, ზეციური და წმინდა გახდა? რამდენადაც ვხედავ 10 მცნება ჯერ კიდევ არაა ამ ქვეყანაში აქტუალური, არც რამე გამოცხადებისა და სასწაულის მაგვარი გვქონია ახლო წარსულში და, მით უმეტეს, არც ჭეშმარიტი მორწმუნენი მომრავლებულან. აბა რა ჯანდაბამ მოანდომა ამ ხალხს ღმერთი, უფრო სწორად რაღაც ღმერთის სუროგატი, ე.წ. სასრგებლო ღმერთი, რომელიც მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ როცა მიჰქარავ შეგინდოს, გაგწმინდოს და მეორედ მიქარვის საშუალება მოგცეს. მერე ეს ცოდვებიც ჩამოგაწეროს (ჩამოყაროს მრიცხველივით) და მორიგი შეცოდებისთვის მოგამზადოს.

ესაა საზოგადოება, სადაც ქრისტეს სიტყვებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს ვიდრე პირადი მოძღვრის ამავე სიტყვების ინტერპრეტაციას. ყველაფერი დასაშვებია თუ "მამაომ" კურთხევა მოგცა და გზა და მარჯვენა დაგილოცა. ღვთისმოშიშ ქართველებს კი ეს ძალიანაც აწყობთ: აპრავებენ თავის სიბინძურეებს "ჯიგარ მამაოებთან" და ყველა კმაყოფილია, განსაკუთრებით კი - ღმერთი.

როგორ მინდა ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანის პოვნა. კაცისა (ან ქალის), რომელსაც რწმენა დაამშვენებს, რომლისთვისაც რჯული პოპულიზმისა და პრანჭიაობის საგანი არ იქნება, რომელიც ქრისტეს (ან მუჰამედის, ან ბუდას) სახით სულიერად ცხოვრების გზას დაინახავს და არა გზას სადღაც არსებული უკეთესი სამყაროსაკენ, სადაც შანსი გაქვს შეჭამო, დალიო და მოიხმარო ყველაფერი, რაც აქ ვერ მოასწარი. ერთი ისეთი ადამიანი მაჩვენა, რომელიც თავისი მრწამსით დატკბება არა მაშინ, როცა თავზე წვეთებს დააპკურებენ და ეტყვიან კრავივით უცოდველი ხარო, არამედ მაშინ, როცა, საკუთარ საქციელზე, კმაყოფილი იტყვის - სწორად და მართლად მოვიქეციო. მოკლედ, ისეთი ადამიანი მინდა, რომელიც ღმერთსა და მის მცნებებს ჯერ საკუთარ თავში იპოვნის და შემდეგ სხვაგან.

უჰ, ძალიან გავუბერე აი! მარა ნიჩევო, ამ წვიმიან შაბათ საღამოს რა უნდა ქნას კაცმა ღმერთსა და უღმერთობაზე ფიქრზე უკეთესი?! მეც ვაგდივარ უსაქმოდ და ვფიქრობ ღვთის წყალობაზე, რომელსაც ყოველი დაცემინებისას მარგუნებენ მოყვასნი; იმაზე, რაც, წესით, ღმერთმა უნდა მოგვცეს, თუ იგივე მოყვასთა სიტყვებს დავუჯერებთ; იმ ყველაფერზე, რაც ღმერთის ნებაა და იმაზე, რაც არა ჩვენ, არამედ ღმერთმა უნდა გააკეთოს.

ღმერთმა ქნას გააკეთოს!


სიყვარულით

კოკოლოზა


Friday, October 14, 2011

წუხელ



- ხმა ამოიღე ვირიშვილო, ვერა ხედავ ვერ ვიძინებ, ერთი გვერდი მაინც დამაწერინე - კაი ხნის დუმილის შემდეგ შევუკურთხე ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარ, გაღრეჭილ მუზას.
- მე რა დაგაწერინო, შე ტუტუცო, რომელი შთაგონების წყარო მე მნახე?!
- აბა აქ რას მოეთრეოდი, ან რისი მუზა ხარ?!
- ისე მოვედი სანახავად. შეგატყვე რო არ გეძინებოდა და გავიფიქრე ნაღდად მუზის მოლოდინშია, მორიგი შედევრის შექმნა უნდათქო.
- მერე როდემდე უნდა იჯდე მანდ! ახლოს მოდი და რამე საინტერესო მოვიფიქროთ ერთად, ნუ გეშინია არ ვიკბინები.
- ზუსტად მაგ ჭკუაზე ვარ, ახლოს მოვიდე და შენ ჩაგივარდე კლანჭებში, მერე ხვეწნას დამიწყებ რამე დამაწერინეო, მე კიდე სად მაქ მაგის თავი.
- უხ, ვინც შენ მუზობა დაგაბრალა, თავი აქ წასაჭრელი! ერთი ჩვეულებრივი ხულიგანი ხარ!
- რაც ალხანა ის ჩალხანაო, ხო გაგიგონია. მაინც რა გინდა, მწერლობა გადაწყვიტე?
- არა კაცო, რა მწერლობა. სად შემიძია მაგდენი. მწერლობისთვის სამი ძირითადი თვისება მაკლია: განათლება, სიბეჯითე და ტალანტი.
- აბა რაღა გაქ შე საცოდავო?
- რა და ერთი შტერი მუზა მყავს გადაკიდებული, მოვა ხოლმე ჩამოჯდება ფანჯრის რაფაზე და მეღრიჯება. მერე მეც ვყვები პროვოკაციას და ჩემ საამაყო ბლოგზე ვწერ რაღაც სისულელეებს.
- შენ კი წერ, მარა ვინმე თუ კითხულობს?
- ვისთვისაც ვწერ ისინი კი კითხულობენ და მეტი არც მინდა.
- ვინაა ის ბედნიერი, ვის უძღვნი შენ უკვდავ ქმნილბებეს?
- ლაზღანდარობას მოეშვი, თორე წამოვიდა ქოშები კბილებში! ერთი-ორი მეგობარი კითხულობს შიგადაშიგ, სამსახურის მერე, განტვირთვის მიზნით. თითომ თუ თითო გაიღიმა უკვე კაია.
- ტიტანურ მიზნებს შეჭიდებიხარ, ვამაყობ შენით!
- ნუ მეკაიფები, თორე დავკეტავ მაგ ფანჯარას და დარჩები გარეთ. მერე წადი და ეძებე მეორე ჩემნაირი იდიოტი, შენ რომ მოგისმენს.
- კარგი ჰო, ნუ ცხარობ... კი მარა, თუ ორი კაცისთვის წერ და ის ორი კაცი კითხულობს კიდეც, რაღად ხარ უკმაყოფილო?
- რად და ამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ იმ ორ კაცსაც ვეღარ ვაღიმებ. დავმძიმდი და უინტერესო გავხდი. სილაღე დავკარგე და ვითომ სერიოზული რაღაცეების წერა დავიწყე.
- ეგ კი მართალია. რა შენი საქმეა დაჩაგრული ომის ვეტერანები, დარბეული მიტინგები და ზოგადსაკაცობრიო გასაჭირი.
- გეტყობა იმ ორ კაცში, ჩემ ბლოგს რომ კითხულობს, ერთი შენა ხარ.
- ხანდახან თვალს გადავავლებ ხოლმე, საქმე როცა არ მაქვს. ისე გეთანხმები, ამ ბოლო დროს ნამეტნი დამძიმდი. სადაა ის სიმსუბუქე, რომლითაც ვილნიუსში ნანახ ტრაკზე, ან ქალწულების ხიდიდან ფენაზე წერდი?!
- რა ვიცი, რაღაცა მთრგუნავს და ტრაკებზე და ქალწულებზე ვეღარ ვფიქრობ. უფრო სერიოზული თემები მაწუხებს და იმათზე ვწერ ხოლმე. რაც გამოდის შენც კი ხედავ...
- ხოოო, ლიტერატურის სახელმძღვანელოში მაგით ვერ მოხვდები.
- მუზა კი არა მაიმუნი ხარ!
- არც შენ მყავხარ სერვანტესი.
- სერვანტესობას ვინ ჩივის, შენ ვერ მოგიშორე და ეს მაწუხებს.
- მე ყურადღებას ნუ მომაქცევ, ჩემთვის ჩამოვჯდები ხოლმე აგერ, რაფაზე. შენ კი დაიძინე და უფრო რაციონალურ რაღაცეებზე იფიქრე.
- ძნელია, ეს ოხერი. განსაკუთრებით მაშინ, მთელ დღეს უსაქმოდ რომ ვატარებ. საღამოს ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ძილი არ მეკუთვნის, თითქოს ვიღაცის ძვირფასი დრო გავფლანგე და ახლა მშვიდად დაძინების უფლება არ მაქვს.
- ნამეტანი სენტიმენტალური ხარ შენ, ძამია!
- კახელი კაცის მუზა როდის აქეთ უქცევს იმერულად?
- კახელი, თორე შენც ქვევრის რეცხვაში გხდება სული, თბილისს არ გაცდენილხარ. ქარხნის პურზე და კარაქზე გაზრდილი ქალაქელი სირისტიანი ხარ.
- ეგ კი გეშლება: მე რო ვიზრდებოდი კარაქი ჭირდა და ძირითადად მარგარინს გეახლებოდი.
- ჰოდა მუზაც მარგარინივით გყავს: მთლად კარაქივით ხარისხიანი ვერაა, მარა შიმშილს მაინც გიკლავს.
- რაც აქ ხარ, ასეთი ჭკვიანური ჯერ არაფერი გითქვამს. ყოჩაღ.
- მადლობა, შენგან ვსწავლობ. მაშ, რას აპირებ ახლა: ძველებურ სალაღობო სტილს დაუბრუნდები თუ დასერიოზულება გაქვს გადაწყვეტილი?
- გააჩნია, მე და შენ როგორ მოვიქცევით. ხო იცი ამ საქმეში მარტო არ ვარ. რო ჩამომჯდარხარ მანდ და მეღრიჭები ყველის ვაჭარივით, მე თუ დამერხა, შენც თან მომყვები.
- მე რაღატო?
- თუ ძველი სილაღე ვერ დავიბრუნე, წერასაც შევეშვები, ჰოდა, წერას თუ შევეშვი შენ რაღაში მჭირდები, რამეს მაინც გავდე!
- კარგი ერთი, ნუ მემუქრები, შენნაირს მილიონს ვიშოვი.
- მე გამიფრთხილბებიხარ და დანარჩენი შენ იცი...ძამია!
- კარგი გავითვალისწინებ. ალბათ, ხვალ რო გაიღვიძებ, ამ ჩვენ საუბარს შენ გენიალურ ბლოგზე მოათავსებ.
- ეჭვიც არ შეგეპაროს! უკეთესს ვერაფერს მთავაზობ და მთლად მშრალზე ხო არ დავრჩები.
- რაც გინდა ის ქენი, ოღონდ იმით მაინც მეცი პატივი, რო არაფერი დაამახინჯო. შენი ამბავი რო ვიცი გააბუქებ და მონსტრად გამომიყვან.
- მონსტრად არა ბელზებელად. მე არ ვიცი რაცა ხარ! რაღა უნდა გავაბუქო, ან დამახინჯება რაში გჭირდება, ისედაც გონჯი ხარ.
- ახლა უკვე ზედმეტი მოგდის ძმაო, წავედი მე, არ გამოდის შენთან ნორმალური ლაპარაკი.
- ეჰ, რა დრო დამიგა, შენნაირიც რო მაგას მეტყვის. კაი წადი და შეეცადე შემდეგშიც ასეთი ცარიელი თავით არ მოხვიდე, სირცხვილია მაინც.
- ეჰ, სადაც შენი დაიკვეხნო, იქ ჩემიცა თქვი. წავედი მე.
და წავიდა.


სიყვარულით
კოკოლოზა

Wednesday, October 5, 2011

მარტოობის ასი დრელი

ელიავას ბაზრობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, თბილისის სახეა. სულაც არაა აუცილებელი სახე ლამაზი და მომხიბვლელი იყოს: რაც ტვინსა და კუჭში ხდება, სახეც იმას გამოხატავს. დღეს ე.წ. ელიავას მუშები მთელ დღეს იღბლიანი ლატარიის ბილეთის ლოდინში ატარებენ, ის კი არ იციან, საქართველოს ლატარიის კომპანია ვის ხელშია. დგანან საწყალი მუშები და ხან სად ჩაარჭობენ ტროტუარში BOSCH-ის დრელს და ხან სად. დახვრეტილია მთელი ტროტუარი, მომგებიანი ბილეთს კი ათასში ერთხელ თუ გამოაქროლებს ქარი, ისიც ძალიან პატარა მოგებით.
იმედია ოდესმე ყოველი მათგანი ისეთ ბილეთს იპოვნის, რომელიც ამ ცივსა და უაზრო ადგილს დაატოვებინებს და სახლში დააბრუნებს. ისტორიას კი ტროტუარზე დარჩენილი უამრავი ხვრელი შემორჩება.

თუმცა შეიძლება ასეც მოხდეს:

გავა წლები და ბაბუის მხრებზე წამოსკუპული პატარა მიშიკო იკითხავს:
-ბაბუ, ამ სასიარულოს (ტროტუარს) ნახვრეტები რატო აქვს?
სანდომიანი გარეგნობის, ჭაღარაშერეული კაცი გაკვირვებით მიაშტერდება ტროტუარს, კისერზე შემოსმულ შვილიშვილს ხელს გაუშვებს და ჩაფიქრდება...
-აქ, ბაბუ - პაუზის შემდეგ გაუბედავად დაიწყებს მოხუცი - დიდი ხნის წინ ცუდი ბიძიები იკრიბებოდნენ და მათ შემდეგ დარჩა ეს ნახვრეტები. მარა შენ ნუ შეგეშინდება, ის ბიძები აქ აღარასოდეს დაბრუნდებიან.
- რატო იკრიბებოდნენ, ბაბუ?
... რატო და... უსაქმურები იყვნენ და ცუდ საქმეებს შვრებოდნენ.
-რას, ბაბუ?
...რას და... ტროტუარს ხვრეტდნენ, აქაურობას ანაგვიანებდნენ, ქუჩაში ლუდს სვამდნენ და, აი იქ, ხიდის ქვეშ ფისი-ფისის შვრებოდნენ. შენსავით ლამაზად და კოხტად კი არ იცოდნენ საჭირო ოთახში შესვლა... წამოდი შოკოლადს გიყიდი - შესთავაზებს ბაბუა და გაწითლდება.
 თითქოს შოკოლადი მისი უსაყვარლესი სჭმელი არც იყოს, მიშიკო ყურსაც არ ათხოვებს ბაბუის შეთავაზებას და გამოკითხვას განაგრძობს:
- სად წავიდნენ ის ბიძიები, ბაბუ?
- ადრეც ხომ მოგიყევი, ჩვენი ქალაქი  როგორი ბინძური და ულამაზო იყო, ასეთი ბრჭყვიალა და ლამაზი კი არა ახლა როა, ჰოდა როცა ხალხი მიხვდა, რომ ეს ბიძიები ქალქს აუშნოებდნენ და აჭუჭყიანებდნენ, პატრულმა დაიჭირა და ციხეში ჩასვა.
- ბაბუ და, ვინ მიხვდა რო ცუდები იყვნენ?
- ვინ და... ქალაქში ყველა მიხვდა. არა, ჯერ ჩვენი პრეზიდენტი მიხვდა, აი ტელევიზორში როა ხოლმე მოხუცი კაცი, შენი სეხნია. ჰოდა ჯერ ის მიხვდა და სხვებსაც მიახვედრა, მერე ყველამ  პატრულს თხოვა ეს ხალხი მოგვაშორეთო.
- და მერე ყველა დაიჭრეს?
- არა, ყველა არა. ზოგი სახლში გაიქცა.
- ... სახლი თუ ქონდათ აქ რატო იდგნენ და ფისის რატო შვრებოდნენ?
- ხო გითხარი კაცო, ცუდები და ბინძურები იყვნენთქო, შემეშვი ახლა! - მოთმინებას დაკარგავს ბაბუა.
- პატარა მიშიკო ცოტა ხნით მიყუჩდება, მაგრამ როგორც ყველა ცნობისმოყვარე ბავშვი, დიდ ხანს ვერ მოითმენს და გამოკითხვას განაგრძობს:
- და სახლში რო წავიდნენ რა ქნეს?
- ვინა ბაბუ? - იკითხავს სულ სხვა ფიქრებში წასული ბაბუა.
- აი, ცუდი ბიძიები, ეს ნახვრეტები რო გააკეთეს სასიარულოზე.
- შენ კიდე მაგაზე ფიქრობ, მაიმუნო შენა! - უფრო რბილად დატუქსავს ბაბუა საყვარელ შვილიშვილს.
-...
- რა და სისუფთავე ისწავლეს და წესიერები გახდნენ.
- სხვები არ გახდნენ წესიერები?
- სხვები აბა როგორ გახდებოდნენ წესიერები, ხო გითხარი ციხეში ჩასვევსთქო.
- და როცა ციხეში აღარ იყვნენ?
- არ ვიცი ბაბუ, აბა საიდან ვიცი მე მაგდენი! აქ აღარ დაბრუნებულან.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ, სიჩუმეს ისევ ბავშვი დაარღვევს:
- ბაბუ მე რო დიდი ვიქნები და ქუჩაში ლუდს დავლევ, მეც ციხეში ჩამსვამენ?
- ქუჩაში ლუდის დალევა არ შეიძლება, მაგის გულისთვის დაგსჯიან.
- და ფისი რო ვქნა?
- აუცილებლად დაგსჯიან მაგაზეც.
- და რო ვიყვირო და ვიხტუნაო?
- არ შეიძლება ბაბუ, სხვებს შეაწუხებ ეგრე.
- და ციხეში რო არ ჩამსვან რა უნდა გავაკეთო?
- კარგი ბიჭი უნდა იყო, არ უნდა იცელქო, უნდა ისწავლო, მშობლებს უნდა დაუჯერო, მანდატურებსაც და პატრულებსაც.
- რო არ დავუჯერო?
- დაგაპატიმრებენ.ბაბუ - ბაბუა შვილიშვილს მხრებიდან ჩამოსვამს და ლოყაზე აკოცებს - ხო იქნები დამჯერი და სამაგალითო?
-  არა ბაბუ, მე ახლა წავალ, ხიდის ქვეშ ფისი უნდა ვქნა, შენ კედე აქ დამელოდე და დამჯერი იყავი - უპასუხებს მიშიკო.

სიყვარულით
კოკოლოზა


Monday, September 26, 2011

ლიმონათი

"დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, მაგრამ ყველაფერს 
მაინც ერთი ჭიქა ლიმონათი მირჩევნიაო". 
ჩემი ბავშვობის დროინდელი გამოთქმა


დღეს უცნაურ ფაქტს ჩავუფიქრდი: რამდენი ხანია არავის დაბადების დღეზე არ ვყოფილვარ. სადღეობოდ ბუნებაში გასვლას ან ბილიარდის თამაშს კი არ ვგულისხმობ -  ნამდვილ, ქართულ, სახლში გადახდილ დაბადების დღეს. სუფრაზე ხაჭაპური როა, შემწვარი წიწილა, ე.წ. ვინეგრეტი და ლიმონათი. ეს ლიმონათი რაღაც განსაკუთრებული რამეა, ღვინისა და სხვა ალკოჰოლის არსებობის მიუხედავად, ლიმონათს მაინც იმდენივეს ვსვამ რამდენსაც ბავშვობაში, თუ მეტს არა. დავისხამ ხოლმე ლიმონათის ჭიქაში (რო იცოდე როგორ მიყვარს, როცა ლიმონათისთვის ცალკე ჭიქა მხვდება მაგიდაზე) და ვწრუპავ, თან ვფიქრობ: რა ჯანდაბად გინდა რო იჭყიპები, ამხელა კაცი ხარ, ალკოჰოლი დალიე, დათვერი, გაერთე! მარა ვერ ვეშვები, მაინც ვსვამ და ვსვამ.
ჰოდა, ასეთი დაბადების დღე მომენატრა. თავიდან ყველა რო უარობს გიტარას და მერე ხელიდან რომ ვეღარ გამოგლეჯ, დავიწყებული და დანაფტალინებული, მაგრამ მაინც მშობლიური სიმღერების კორიანტელი როა და მშობლები რომ შემოდიან შვილების ბულბული მეგობრების მოსასმენად. სადაა ასეთი დაბდღეები? ნუთუ აღარავინ იხდის? თუ იხდიან და მე არ მპატიჟებენ? იქნებ ბევრ ლიმონათს რომ ვსვამ მაგიტომაც არ მპატიჟებენ? რამდენი კითხვაა და რა ცოტა პასუხი...
ხანდახან ისიც გამივლევს ხოლმე თავში: ნუთუ ესაა ევროპიზაცია? თუ დასავლეთში ინტეგრაციამ ვინეგრეტი და ლიმონათი უნდა წამართვას, ბოდიში, მაგრამ მე - პას! ამბობენ "გათანამედროვებულ" ცხოვრებაში ოჯახური დაბდღეების დრო აღარ დარჩაო. სამაგიეროდ რესტორანში გაევროპელებული მუცლის ხანგრძლივად ამოსაყორად ყველა იცლის. კაფეში ერთ ჭიქა საეჭვოდ ნატურალურ წვენზე ნახევარი დღის გადატარებაც არაა უცხო. თუ გაჭიანურებული კვებისა და  სკამის გასათბობად ისევე გვცალია, როგორც ადრე, მაშ ჩემმა ლიმონათიანმა დღეობებმა რაღა დააშავეს? რად გაქრნენ? იქნებ მართლა ძველებურად იხდიან და მე აღარ მპატიჟებენ?! არა, ამაზე ფიქრიც არ მინდა, შეუძლებელია! რაღა მე? რა დანაშაულისთვის? ისევ კითხვები...
მართალი ხარ - დეგენერატი ვარ. რაღა დროს ლიმონათი, ვინეგრეტი და დანაფტალინებული სიმღერებია! ახლა სხვა დროა, სხვა სასმელებით, სიმღერებითა და გაგებით. მიუხედავად ამისა, მე მაინც ლიმონათიანი დაბადების დღე მენატრება. ისიც განა ბევრჯერ და ხშირხშირად, არა - 6 თვეში ერთი სრულიად საკმარისია, ქეიფები და ღრეობები ისედაც მალე მბეზრდება, თუმცა მხნეობის შესანარჩუნებლად მათ არსებობას მნიშვნელოვნად მივიჩნევ.
მოკლედ, დავამთავრებ თორემ, რაც მეტს დავწერ, მით უფრო სულელად წარმოვაჩენ თავს.თუმცა ეს ბლოგიც ხომ ამ საქმს ემსახურება: ჭკვიანი სულელად უნდა წარმოაჩინოს და სულელი - უფრო სულელად. მე მზად ვარ სულელის ეს საპასუხისმგებლო ტვირთი ბოლომდე ვზიდო, ოღონდ შენ ხანდახან მაინც გადაიხადე ხოლმე ლიმონათიანი დაბადების დღე და ნურც ჩემი დაპატიჟება დაგავიწყდება.

სიყვარულით
კოკოლოზა

Monday, June 27, 2011

ერთ რიგით რიგში


- ჩადი ახლა რენტგენზე, ორი სართულით დაბლა, სურათები გადაიღე და უკან ამოდი: ვნახოთ ერთი რა გჭირს - მითხრა ჩემმა სიმპათიურმა ექიმმა და მიმართვა მომაწოდა.

ძლივს ჩავბობღდი ჩემი დანჯღრეული ფეხით ორი სართულით ქვემოთ და რენტგენის კაბინეტს დავუწყე ძებნა. არასოდეს გაგიჭირდება მისი პოვნა, თუ ერთი მარტივი ჭეშმარიტება იცი - რენტგენის კაბინეტი ისაა, რომლის გარშემოც ყველაზე მეტი ხალხი ტრიალებს. ამ პრინციპით უცბათ მივაგენი დანიშნულების პუნქტს და ჯადოსნური სიტყვებიც წარმოვთქვი: "ბოლო ვინაა?"
ბოლო ერთ პაშპაშა ქალბტონი აღმოჩნდა და მას შემდეგ კუთვნილი ადგილი დავიკავე.
დრო გადიოდა, რიგი კი - არა. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენ მზიან სამშობლოში, რიგში რიგითობის პრობლემა დადგა. ვინ ვის წინაა? ვინ ვისზე ადრე მოვიდა? ლაბორატორიის რიგში თუ 38 იყო, იმავე რიგის 33-ს როგორ დაასწრო ამ რიგში ჩადგომა? როგორ გეკადრება? რეებს ბედავ? საიდან ჩამოეთრიე? გეტყობა რაცა ხარ! (ეს კითხვა არაა, მაგრამ წინა კითხვების ლოგიკური გაგრძელება კი ნამდვილად არის).
ასე ატყდა ერთი შეხედვით მშვიდსა და უწყინარ რიგში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა (არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ავადმყოფი, დავრდომილი, ინვალიდი და უმწეო იყო, როცა საქმე კაბინეტში ურიგოდ შესვლას შეეხებოდა). ბრძოლის მთავარი მონაწილები ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი - ქალები იყვნენ. კაცები კი გვერდიდან, მოწიწებით ვუცქერდით ამ მღელვარებას.
ბოლოს, როცა მივხვდი, რომ საქმე არც თავისით მოგვარდებოდა და არც საწყალი დაცვის თანამშრომლების ძალისხმევით, ქალბატონებს წინადებით მივმართე:
- ქალბატონებო! - დავიწყე მკაფიო, მაგრამ მშვიდი ხმით - მოდი ცივილიზებულად მოვიქცეთ, რახან ასე ვერაფერს ვარკვევთ, ფურცელზე ჩამოვწეროთ სია და იმის მიხედვით შევიდეთ.
ქალბატონები იძულებული გახდნენ დამთანხმებოდნენ (ამაზე პროგრესული ჯერ არაფერი თქმულა იმ რიგში) და მიყუჩნდნენ. გახარებულმა დაცვის თანამშრომელმა უცებ გვიშოვა ფურცელი და კალამი და სიის შედგენას შევუდექით. თავიდან ეს საქმე ერთმა ქალბატონმა ითავა, მაგრამ სხვა ქალბატონებს მის მიმართ აშკარა უნდობლობა დაეტყოთ და იძულებული გავხდი, მე შემესრულებინა ეს საპატიო მისია. რიგის რამდენიმე პრობლემურ ადგილზე შევთანხმდით და სიაც შედგა. სკამების სიმცირის გამო, იატაკზე ვიჯექი და ვინც კი ახალი მოდიოდა, ჩემ "კაბინეტში" ვიწვევდი სიაში ჩასაწერად.
მდგომარეობა განიმუხტა, ვნებათაღელვა უეცრად გაქრა, ხალხი ხუმრობისა და ამბების გაზიარების ხასიათზე მოვიდა. სიამაყით ავივსე, ეს ხომ ჩემი დამსახურება იყო.
ისეთი სიმშვიდე დადგა, რომ ერთმა კაცმა შემომჩივლა კიდეც: 'რად გააჩერე კაცო?! ეჩხუბათ, ცოტას გავერთობოდით მაინცა. ერთხელა ვნახე ავტობუსის მძღოლის ცოლისა და საყვარლის ჩხუბი დიდუბეში, მაგარი რამე იყო, აი!"
რიგი ძალიან ნელა მიდიოდა, სია კი იზრდებოდა და იზრდებოდა.
რიგი გრძელია, შვილო? - მკითხა მოხუცმა ქალმა
- კი ბებო, გრძელია.
- და ნელა მიდის?
- ძალიან ნელა.
- დაღამდება?
- რა ვიცი ბებო, აქამდე ყოველ დღე ღამდებოდა და დღეს რაღა ღმერთი გაუწყრება.
ასეთ საუბრებში გაიარა ორსაათნახევარზე მეტმა. კაბინეტის დახურვამდე ერთი საათიღა რჩებოდა. ხალხმა იგრძნო, რომ ბევრი ჩვენგანი დღეს სანატრელი სურათის გადაღებას ვეღარ მოასწრებდა. ზოგი დანებდა და სახლში წავიდა, ზოგმა კი (სიის ბოლო ნომრებმა) უწესოდ თამაში არჩია და აყალამაყალიც თავიდან დაიწყო.
ერთი ასაკოვანი ქალბატონი მოვიდა და მითხრა მე სიცხიანი ვარ და შესვლა სხვებზე ადრე მეკუთვნის, ამიტომ სიაში წინ წამწიეო. მეორე (ის მძიმე შემთხვევა იყო) კარის წინ ზაქივით ჩადგა და ყვირილი მორთო მე დილიდან აქა ვდგევარ და ახლა ჩემი ჯერიაო. თქვენ მე უპატრონო ხომ არ გგონივართ, აგერ ნახავთ თუ არ შევალო. მერე მეც მომიბრუნდა, შენი ბრალია - გვიან მოსულები ჩემ წინ ჩაწერე სიაშიო.
ატყდა ისევ ჩხუბი და საქმის გარჩევა. ვიღას ახსოვდა შენი სია და პროგრესული მიდგომა. ქვეყანა ისევ ქაოსმა და აგრესიამ მოიცვა.
ბედად ჩემი ჯერიც მოვიდა. 5-ის ნახევარზე, როგორც იქნა, შევედი (5-ზე იკეტებოდა). კარს იქიდან პროგრესული ახალგაზრდის გარეშე დარჩენილი მანდილოსნების სასტიკი ბრძოლის ხმა შემოდიოდა. საწყალ დაცვის თანამშრმლს ხმაზეც კი ეტყობოდა, რომ სიმწრისაგან ოფლში იყო გალუმპული.
ჩემი დანჯღრეული ფეხი (და ხელი) გააშქეს და დახურვამდე 5 წუთით ადრე კაბინეტიდან გამოვედი. ექიმებს გაძლება ვუსრვე, ახლად შეძენილ მეგობრებს - წარმატება და სახლისკენ წავლასლასდი.
ეს ამბავი იმად მოვყევი, რომ ფეხი მაქვს დანჯღრეული, ვწევარ და სხვა უკეთესი საქმე ვერ მომინახავს.

სიყვარულით
კოკოლოზა

Thursday, May 26, 2011

კედელი


პინკ ფლოიდის გენიალური "კედელი" უცნაურად იწყება: მხოლოდ დაკვირვებული მსმენელი თუ შეამჩნევს ალბომის პირველ ბგერებთან ერთად გაჟღერებულ უცნაურ სიტყვებს ...we came in?, ამ ფრაზას განსაკუთრებული მნიშნელობა არ აქვს, ვიდრე კონცერტის ბოლოს, მეორე ფრაზას არ მოისმენ, - isn't this where... შეერთებით ასეთი წინადადება
გამოდის: isn't this where we came in? რაც დაახლოებით ასე ითარგმნება "განა ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ?". "კედელში" დასმული პრობლემები სრულიადაც არაა ჩვენთვის უცხო: ცხოვრების განმავლობაში დათრგუნული და შეშინებული ადამიანის (ან ჯგუფის) მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ხალხთან ძალადობის ენით საუბარი ერთერთია ამ საერთო პრობლემებს შორის.

ამ ხალხმა წუხელ კიდევ ერთი მიტინგი დაარბია, დარბევის დამკვიდრებული ტრადიციების სრული დაცვით და ალაგ-ალაგ იმპროვიზირებით. პირველი რაც ამ დროს თავში მომივიდა სწორედ ეს ფრაზა იყო - განა ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ?მით, რომ, ამ თავსხმა წვიმაში, გემრიელად ვარ მოკალათებული ლოგინში, როცა სხვები ასფალტზე ყრიან და თავში კეტები ხვდებათ, ხომ არაფეს ვაშავებ? არის თუ არა ჩემი ბრალი, რომ თანამოქალაქეების ნაწილს შავი დღე ადგას? იქნებ მეც იქ უნდა ვიყო? ან იქნებ, არც ისინი უნდა იყვნენ იქ და ჩემსავით ბალიში ამჯობინონ? და საერთოდ, ვინ არიან ისინი და როგორ მოხდა, რომ ისინი გარეთ აღმოჩნდნენ, მე კი - არა?

მომიტნგეების ქუჩაში დგომის პერიოდში ყველაფერი გაკეთდა მათი უარყოფითი მხრიდან წარმოსაჩენად. არც მთავრობამ დააკლო მცდელობას, არც ოპოზიციამ და არც მედიამ და არც საზოგადოებამ. ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, რომ ამ "ბინძური", "ლოთი", "ნარკომანი" და "უსაქმური" ხალხისადმი სოლიდარობის გრძნობა არ გაგვჩენოდა და არც მათი ცხვირ-პირის მტვრევაზე დაგვწყვეტოდა გული. მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ მაწუხებდა ერთი "მარტივი" კითხვა: მაინც რით ვარ მათზე უკეთესი? უსამართლობა მათზე ნაკლებად არ მახრჩობს; ცვლილებები მეც ძალიან მინდა; არც ხელისუფლების გამოსწორების იმედი მქვს, მათი არ იყოს. მაშ რაღათი ვჯობივარ, თუ ისინი ბრძოლას მაინც ცდილობენ, მე კი მხოლოდ აღშფოთებით შემოვიფარგლები? მხოლოდ იმით, რომ მე სუფთა ვარ და ისინი ბინძური? იმით, რომ ისინი არაპოპულარულ ლიდერებს უდგანან გვერდით, მე კი - არა?

რაც არ უნდა იყოს მათთვის უმაღლესი ღირებულება: დემოკრატიიდან დაწყებული, ფულით ან 200 ლარიანი სამსახურით დამთავრებული, ისინი ამისთვის იბრძვიან, მე კი ჩემი ღირებულებებისთვის - არა. მაშ რითღა ვარ უკეთესი?

ჩემი და უამრავი ჩემნაირის სიჩუმის მიზეზი ისაა, რომ დასაკარგი მეტი გვაქვს, ვიდრე ქუჩაში შეკრებილ ბინძურებს. თავის გაფუჭებისა გვეშინია და მიზეზად ხალხის, პოლიტიკოსების, მოთხოვნებისა და ლოზუნგების მიუღებლობას ვაცხადებთ. ხოლო როდესაც ჩვენი დრო მოვა ქუჩაში გამოსვლისა (და ის აუცილებლად მოვა), ახლა ჩვენ ვიქნებით ბინძურნი და სხვებისათვის მიუღებელნი. ალბათ ეს ეგოიზმი უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ დღემდე ვერაფერი შევქმენით როგორც სახელმწიფომ და ყველა ხელისუფლება დაუკრეფავში გადავუშვით.


სამწუხაროა ამის აღიარება, მაგრამ სავარაუდოდ, ხალხი მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება ამ ეგოიზმისაგან, როცა კმაყოფილი აღარავინ დარჩება და გამოსავალს მხოლოდ ბრძოლაში დაინახავს. ბრძოლაში სულაც არ ვგულისხმობ ტყვიების ან ქვების სროლას, ჩვენ შორის უამრავი ადამიანია, რომელიც ამაყად აცხადებს, რომ აპოლიტიკურია და კარგი სახელმწიფო ისაა, სადაც ყველა თავისი საქმეს აკეთებს. ალბათ ნაბიჯების წინ გადადგმას მაშინ დავიწყებთ, როცა მივხვდებით, რომ აპოლიტიკურობა არ ნიშნავს გულგრილობას და "თავის საქმეთა" ნუსხას თანამოქალაქეებისადმი თანაგრძნობასაც დავუმატებთ.

დღეს საქართველოში არ არის კადაფის რეჟიმი, მაგრამ შანსი აქვს ასეთად ჩამოყალაიბდეს. ეს შანსი საზოგადოების აქტიურობის უკუპროპორციულია და სხვა ვერც ვერაფერი გაზრდის ან შეამცირებს. დღევანდელ რეჟიმს ალბათ "დემოკრატიით უხარისხოდ შენიღბული, უხარისხო დიქტატურა" ჰქვია და სანამ "შეუნიღბავ და ხარისხიან დიქტატურად" გადაქცეულა, თითიეულ მოქალაქეს მოგვიწევს რაღაცეებზე დაფიქრება და იმ კედლის დანგრევა, რომელიც სხვებისაგან გამოსაყოფად აღვმართეთ.

სიყვარულით
კოკოლოზა

Monday, April 4, 2011

ქაჯები


უსაქმურობა რაზე არ დაგაფიქრებს ადამიანს. როგორც წესი, როცა უსაქმოდ ვუზივარ კომპიუტერს და ამ ბლოგზე რამის დაჯღაბნას ვაპირებ, პირველი ყოველთვის დებორა მახსენდება, როგორც ჩანს ეს ქალი მთელი ცხოვრება გამყვება და ვერასოდეს მოვიშლი მისადმი სიძულვილნარევ სიყვარულს.
თუმცა არ შეიძლება სულ დებორაზე წერო, რაღაცით უნდა გაიმრავალფეროვნო აზროვნება. ამიტომ გადავწყვიტე ქაჯებზე ვიფიქრო და ვწერო კიდეც. რუსთველისეულ ქაჯებზე, იმ საცოდავ არსებებზე ტარიელმა და მისმა დამქაშებმა რომ ამოწყვიტეს და მათი ქონება გაანიავეს.
რა ვიცით ქაჯების შესახებ? ბევრი არაფერი, მხოლოდ ის რასაც საეჭვო რეპუტაციის ქალი ფატმან-ხათუნი გადმოგვცემს:

ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი
კაცნი, გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი,
ყოველთა კაცთა მავნებნი, იგი არვისგან ვნებულნი;
მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

იქმან რასმე საკვირველსა, მტერსა თვალთა დაუბრმობენ,
ქართა აღსძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,
ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,
სწადდეს - დღესა ბნელად იქმან, სწადდეს - ბნელსა ანათლობენ.

ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,
თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი".

როგორც ფატმანის მონათხრობიდან ჩანს, საკმაოდ განვითარებული ხალხია. საომარ საქმეში, მეცნიერებასა და ალქიმიაში დახელოვნებული, თანამედროვეებთან შედარებით - წინ წასულნი. სადმე არის ნახსენები, რომ განსაკუთრებით ცუდები არიან? ან ვინმეს უმიზეზოდ ერჩიან? - არა!
მით უმეტეს ქალისგან, რომელმაც ერთ საყვარელს მეორე მოაკვლევინა, აქაოდა ქმარმა არაფერი გაიგოსო, ქაჯების ამორალურობაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, უზრდელობაა. (ისე ფატმანი, მიუხედავად არცთუ მაღალი ზნეობრივი პრინციპებისა, მაინც დადებით პერსონაჟად ჰყავს რუსთველს გამოყვანილი და ეს ალბათ მე-12 საუკუნის ქართული ფემინიზმის ჩანასახია, რომელმაც დღემდე ვერ მოაღწია.)
მაშ რას ერჩოდნენ ქაჯებს? ხალხი თავისთვის ცხოვრობდა ყველასგან განცალკევებით, ალბათ არ უნდოდათ ჩამორჩენილ მეზობლებთან ურთიერთობა.
ვიღაცა იტყვის - ნესტან-დარეჯანი რომ მოიტაცესო! თავად განსაჯეთ: ქაჯები ბნელი ღამით მინდორ-მინდორ მიდიოდნენ და ვიღაც უცნობი მხედარი გადაეყარათ, რომელმაც ჯერ ტყუილების კორიანტელი დაააყენა ხოლო, როცა მიუხვდნენ, რომ ქალი იყო - ღნავილი მორთო.

კვლა ვჰკითხეთ: "გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა,
ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?"
მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა.
რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა!

ქაჯებს თან შეეცოდათ, თან დაეჭვდნენ და თანაც მიხვდნენ რომ მეფეს გაახარებდნენ მისი მიყვანით. (ლამაზი ქალის სახლში ყოლა ყველა მეფეს უნდა; განა ახლაც ასე არაა?), ამიტომ მოკიდეს ხელი და წაუცუნცულეს მბრძანებელს, რომელმაც უმალვე უფლისწულის ცოლობა შესთავაზა და ვინაიდან ნესტანი ხმის ამომღები არ იყო (მარტო ზლუქუნებდა) დუმლი თანხმობის ნიშნად მიიჩნია. ტექსტში არსად არაა ნახსენები, რომ მშვენიერმა ასულმა ერთხელ მაინც ცადა აეხსნა ქაჯებისთვის ესა და ეს ვარ, ამისა და ამის საცოლე და გამიშვითო. მარტო იჯდა, ღნაოდა და სუიციდური აზრები უტრიალებდა თავში.
არც ტარიელი მოიქცა ღირსეულად: ერთხელ მაინც ცადა ქაჯებთან მოლაპარაკებას? ერთხელ მაინც შესთავაზა საცოლე დამიბრუნეთ და კაი პური ვჭამოთ ერთადო? არა! მიადგა ჯარით (რომელიც მისიც კი არ იყო), თან ისეთ დროს მეფე და მთავრობა სატირალში რომ იყო წასული და ძლიერი და განვითარებული ქალაქი გაანადგურა. ქაჯები ხომ სულ ცალ-ცალკე გაჟუჟა, დანებების საშუალებაც არ მისცა, ფრიდონის ხალხიც ხომ შეახოცა და მთელი სიმდიდრეც გაზიდა. ეგ თუ კაი კაცი იყო და ქალის გულისთვის წამოიწყო ამხელა საქმე, იმ თვალ-მარგალიტს რაღას ეზიდებოდა!

სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა;
ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა, მაგრა ერთ-კერძ უხაროდა;
მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დაჰრჩომოდა,
რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვით ვით ითქმოდა!

მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები;
სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები,
თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები.

როგორ ქართულად ჟღერს არა?! - უტვინო გოგოს გულისთვის კაცები ერთმანეთს ხოცავენ. რამდენ ასეთ ტარიელს მოუკლავს "ქაჯი" "ნესტან-დარეჯანის" გულისთვის ჩემ და თქვენ გარშემო? - ბევრს.
და საერთოდ, დღეს ჩვენთან ძალიან ხშირია "ქაჯების" ანუ უცხოსა და გაუგებარის წინააღმდეგ ბრძოლა. დაინტერესება, გაცნობა და დაფიქრება ყველას ეზარება - ქაჯია ე.ი, მტერია, მტერია ე.ი. უნდა განადგურდეს.
ვართ ასე, ქაჯებთან ყოველდღიური ბრძოლის რეჟიმში და ციხეების ნგრევა-ძარცვაში. ეს ოხერი ნესტან-დარეჯანი კი არა და არ ილევა.

სიყვარულით

კოკოლოზა

Tuesday, March 1, 2011

სტანისლავსკი


დღეს გაზაფხულის პირველი დღეა, იმ გაზაფხულისა, რომელსაც მერე ზაფხული უნდა მოჰყვეს და ჩემ ცხოვრებას აზრი დაუბრუნოს, ვიდრე შემოდგომა არ მოვა, რომელსაც აუცილებლად ზამთარი მოყვება და ჩემ ცხოვრებას კვლავ წაართმევს აზრს.
ევროპელი მეგობრები მედავებიან პირველი კი არა 21 მარტია გაზაფხულის პირველი დღეო და ამას გაუგებარი მიზეზებით ხსნიან. კი მაგრამ რის მაქნისია პირველი მარტი და მისი მომდევნო 20 დღე თუ გაზაფხული 21-ში მოვიდა?! არა ძმაო, ამ ევროპელებს ვერა აქვთ ყველაფერი წესრიგში.
თუმცა ეს ისე, შესავლისათვის. ამ წვიმიან დღეს სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი. წელიწადის დროებივით ცვალებადსა და კანონზომიერზე.
თეატრის ნიუანსებში ცუდად ვერკვევი, მაგრამ მგონი სტანისლავსკის სიტყვებია: თუ წარმოდგენის დასაწყისში კედელზე თოფი ჰკიდია, სპექტაკლის ბოლოს მან აუცილებლად უნდა გაისროლოსო. რატომ ბოლოს? აბა ადრე რომ გაისროლოს და ყველა დახოცოს მერე პიესას ვინღა ჩაამთავრებს! მაშ თავიდანვე რატომ ჰკიდია? იმიტომ, რომ მაყურებელს სულ რაღაცის მოლოდინი ჰქონდეს, იმედი მაინც.
ბოლო დღეებია ვცდილობ ეს თეორია თანამედროვე საქართველოს მოვარგო და რაღაც არ გამომდის. არათუ თოფი, ჯერ ის კედელიც კი ვერ მიპოვნია, რომელზეც შეიძლება იარაღი აღმოჩნდეს. რომელ მოქმედებაში ვართ ახლა და როდისაა სპექტაკლის ბოლო? ვინ გაისვრის და საით?
ვფიქრობ ამ ყველაფერზე და ჩემ სიბეცეს განვიცდი. ამდენი ხანია ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ასეთი უბრალო რაღაცეების დანახვაც კი ვერ ვისწავლე. არადა გამოცდილება ხომ სხვა არაფრისა მაქვს: მთელი ჩემი ცხოვრება ხან ერთი თოფი ისვრის ყველა მიმართულებით და ხან მეორე.
ასეა თუ ისე ყველა თოფი რომელიც დაჟანგებას გადაურჩება ადრე თუ გვიან გაისვრის და გული მიგრძნობს ეს გარდაუვალია.
შეიძლება ვინმემ უკვე დამასწრო, მაგრამ სტანისლავსკის ამ ფორმულის ვარიაცია მეც შევქმენი: თუ ეპიზოდის დასაწყისში ეკრანზე დიდი, მბზინავი ვიტრინა ჩანს, ეპიზოდის ბოლოს ის აუცილებლად უნდა ჩაიმსხვრეს. აი აქ კი ყველაფერი გაცილებით იოლია. ამ ბოლო დროს ვიტრინებით, მინებით, შუშებითა და აბაჟურებით ისე აივსო ეს ქალაქი, რომ სულ რომ უწყინარი არსება იყო, მაინც ხელი მოგექავება შურდულის ასაღებად.
ჯერ მარტო ორთაჭალის ახალ ხიდს (რომელსაც სიყვარულით ოლვეის ულტრას უწოდებენ) იმდენი ჩასალეწი მინა აქვს, რომ ალბათ ადგილობრივი ჯეელები სურვილით ფრჩხილებს იკვნეტენ.
ახლა ეს დავწერე და დავფიქრდი ზედმეტად დესტრუქციული ხომ არ ვარ მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი რომ არა, ზედმეტად არა. თეორიის თანახმად ხომ ეკრანზე გამოჩენილი მბზინავი ვიტრინა უნდა ჩაილეწოს, ეს ხიდი კი სწორედ ასეთი ვიტრინაა. მსხვილი ხედით, მუდმივ განმეორებადი, რეჟისორის საამაყო კადრი. ეს და სხვა ვიტრინები, რომლებიც მთელი ფილმის განმავლობაში დიდი სიხშირით ჩნდებიან ცისფერ ეკრანზე, ჩასამსხვრევად არიან განწირულნი.
და თუ ეს ასე არ მოხდა, არც ფილმი ვარგებულა, არც რეჟისორი და არც მაყურებელი. ჟანგიანი თოფი და მთელი ვიტრინა - რა შეიძლება იყოს ამაზე სევდიანი და მოსაწყენი?!

P.S. წერის დასრულებიდან ორიოდ საათში გავარკვიე, რომ თოფის ფორმულა სტანისლავსკის კი არა ჩეხოვის ყოფილა, მაგრამ გადავწყვიტე აღარაფერი შემეცვალა. ჩემი უმეცრებაც ხომ ამ ბლოგის ნაწილია და დამალვა მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა.

სიყვარულით
კოკოლოზა

Tuesday, January 4, 2011

"გმირთა ვარამი"


მოშიმშილე ომის ვეტერანებს, იმავე ომში დაღუპულ მეომართა მორთულ-მოკაზმულ მემორიალთან რომ აპატიმრებენ მხოლოდ ერთს შეიძლება ნიშნავდეს: სახელმწიფოს მკვდარი ჯარისკაცი ურჩევნია ვალმოხდილს. ამ ქმედებით ქვეყანა ჯარსიკაცს ეუბნება: შინ დაბრუნებას ჯობდა შენც ომში მომკვდარიყავი, გმირი დაგერქმეოდა და შენი სახელიც ოქროს ასოებით ამოიტვიფრებოდა ამ მარმარილოსა და იმ უცნაურ, ფერად ობელისკზე. ახლა კი ერთი უბადრუკი, გატეხილი და გამოუსადეგარი არსება ხარო.
ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ამას მთავრობა კი არ ეუბნება, ან პოლიცია, ანაც რაიონის გამგებელი, არამედ მთელი ქვეყანა, ყოველი ჩვენგანი. დაპატიმრებულთა გვერდში არ დგომით ჩვენ დამპატიმრებლებს ვუდგავართ გვერდში. ალბათ იმიტომ, რომ ეს უფრო იოლი და კომფორტულია.
ჩვენც მკვდარი ჯარისკაცი გვირჩევნია ვალმოხდილს და მარმარილოს დაფაზე მოხვერდილებს მეტ პატივს ვცემთ, ვიდრე ამ ქვეყნად დარჩენილ, სიცოცხლით დაწყევლილ გმირებს.
არ შემიძლია იმსი მტკიცება, რომ გმირთა მოედანზე მოშიმშილე ვეტერანები მართლაც გმირები იყვნენ, არც ის ვიცი ვის რა ღვაწლი მიუძღვის სამშობლოს წინაშე, ერთი კი ნამდვილად შემიძლია ვთქვა: რომ "გამართლებოდათ" და ისინიც ბრძოლაში დახოცილიყვნენ, დღეს უთუოდ თბილისის ერთერთ ცენტრალურ მოედანს დაამშვენებდნენ მათი სახელები. ამიტომ თეორიულად ისინიც გმირები არიან.
რომ არა ჩვენი გულგრილობა და ეს მრუდე სიყვარული არარსებულისადმი, ვერავინ გაბედავდა ვეტერანთა ხელის ხლებას და ალბათ ვეტერანიც არ იქნებოდა ამდენი ამ ქვეყანაში.
საქართველომ არ იცის ადამინის, სიცოცხლის ფასი, მხოლოდ მკვდრის პატივისცემა შეუძლია, ისიც იმიტომ, რომ ეს ძალიან ადვილია. ამიტომაცაა, რომ ამ ქალაქში, გმირთა მოედანზე ცოცხალი გმირებისათვის ადგილი არ არის, მკვდრებისათვის კი ახალ-ახალი მემორიალები კეთდება.
2008 წლის ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელზე უკვე ეკლესიები შენდება, გადარჩენილებს კი სასამართლოში უწევთ თავის მართლება, რომ ლაჩრები არ არიან.
ძნელია გმირობა, განსაკუთრებით საქართველოში.

სიყვარულით
კოკოლოზა