ელიავას ბაზრობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, თბილისის სახეა. სულაც არაა აუცილებელი სახე ლამაზი და მომხიბვლელი იყოს: რაც ტვინსა და კუჭში ხდება, სახეც იმას გამოხატავს. დღეს ე.წ. ელიავას მუშები მთელ დღეს იღბლიანი ლატარიის ბილეთის ლოდინში ატარებენ, ის კი არ იციან, საქართველოს ლატარიის კომპანია ვის ხელშია. დგანან საწყალი მუშები და ხან სად ჩაარჭობენ ტროტუარში BOSCH-ის დრელს და ხან სად. დახვრეტილია მთელი ტროტუარი, მომგებიანი ბილეთს კი ათასში ერთხელ თუ გამოაქროლებს ქარი, ისიც ძალიან პატარა მოგებით.
იმედია ოდესმე ყოველი მათგანი ისეთ ბილეთს იპოვნის, რომელიც ამ ცივსა და უაზრო ადგილს დაატოვებინებს და სახლში დააბრუნებს. ისტორიას კი ტროტუარზე დარჩენილი უამრავი ხვრელი შემორჩება.
თუმცა შეიძლება ასეც მოხდეს:
გავა წლები და ბაბუის მხრებზე წამოსკუპული პატარა მიშიკო იკითხავს:
-ბაბუ, ამ სასიარულოს (ტროტუარს) ნახვრეტები რატო აქვს?
სანდომიანი გარეგნობის, ჭაღარაშერეული კაცი გაკვირვებით მიაშტერდება ტროტუარს, კისერზე შემოსმულ შვილიშვილს ხელს გაუშვებს და ჩაფიქრდება...
-აქ, ბაბუ - პაუზის შემდეგ გაუბედავად დაიწყებს მოხუცი - დიდი ხნის წინ ცუდი ბიძიები იკრიბებოდნენ და მათ შემდეგ დარჩა ეს ნახვრეტები. მარა შენ ნუ შეგეშინდება, ის ბიძები აქ აღარასოდეს დაბრუნდებიან.
- რატო იკრიბებოდნენ, ბაბუ?
... რატო და... უსაქმურები იყვნენ და ცუდ საქმეებს შვრებოდნენ.
-რას, ბაბუ?
...რას და... ტროტუარს ხვრეტდნენ, აქაურობას ანაგვიანებდნენ, ქუჩაში ლუდს სვამდნენ და, აი იქ, ხიდის ქვეშ ფისი-ფისის შვრებოდნენ. შენსავით ლამაზად და კოხტად კი არ იცოდნენ საჭირო ოთახში შესვლა... წამოდი შოკოლადს გიყიდი - შესთავაზებს ბაბუა და გაწითლდება.
თითქოს შოკოლადი მისი უსაყვარლესი სჭმელი არც იყოს, მიშიკო ყურსაც არ ათხოვებს ბაბუის შეთავაზებას და გამოკითხვას განაგრძობს:
- სად წავიდნენ ის ბიძიები, ბაბუ?
- ადრეც ხომ მოგიყევი, ჩვენი ქალაქი როგორი ბინძური და ულამაზო იყო, ასეთი ბრჭყვიალა და ლამაზი კი არა ახლა როა, ჰოდა როცა ხალხი მიხვდა, რომ ეს ბიძიები ქალქს აუშნოებდნენ და აჭუჭყიანებდნენ, პატრულმა დაიჭირა და ციხეში ჩასვა.
- ბაბუ და, ვინ მიხვდა რო ცუდები იყვნენ?
- ვინ და... ქალაქში ყველა მიხვდა. არა, ჯერ ჩვენი პრეზიდენტი მიხვდა, აი ტელევიზორში როა ხოლმე მოხუცი კაცი, შენი სეხნია. ჰოდა ჯერ ის მიხვდა და სხვებსაც მიახვედრა, მერე ყველამ პატრულს თხოვა ეს ხალხი მოგვაშორეთო.
- და მერე ყველა დაიჭრეს?
- არა, ყველა არა. ზოგი სახლში გაიქცა.
- ... სახლი თუ ქონდათ აქ რატო იდგნენ და ფისის რატო შვრებოდნენ?
- ხო გითხარი კაცო, ცუდები და ბინძურები იყვნენთქო, შემეშვი ახლა! - მოთმინებას დაკარგავს ბაბუა.
- პატარა მიშიკო ცოტა ხნით მიყუჩდება, მაგრამ როგორც ყველა ცნობისმოყვარე ბავშვი, დიდ ხანს ვერ მოითმენს და გამოკითხვას განაგრძობს:
- და სახლში რო წავიდნენ რა ქნეს?
- ვინა ბაბუ? - იკითხავს სულ სხვა ფიქრებში წასული ბაბუა.
- აი, ცუდი ბიძიები, ეს ნახვრეტები რო გააკეთეს სასიარულოზე.
- შენ კიდე მაგაზე ფიქრობ, მაიმუნო შენა! - უფრო რბილად დატუქსავს ბაბუა საყვარელ შვილიშვილს.
-...
- რა და სისუფთავე ისწავლეს და წესიერები გახდნენ.
- სხვები არ გახდნენ წესიერები?
- სხვები აბა როგორ გახდებოდნენ წესიერები, ხო გითხარი ციხეში ჩასვევსთქო.
- და როცა ციხეში აღარ იყვნენ?
- არ ვიცი ბაბუ, აბა საიდან ვიცი მე მაგდენი! აქ აღარ დაბრუნებულან.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ, სიჩუმეს ისევ ბავშვი დაარღვევს:
- ბაბუ მე რო დიდი ვიქნები და ქუჩაში ლუდს დავლევ, მეც ციხეში ჩამსვამენ?
- ქუჩაში ლუდის დალევა არ შეიძლება, მაგის გულისთვის დაგსჯიან.
- და ფისი რო ვქნა?
- აუცილებლად დაგსჯიან მაგაზეც.
- და რო ვიყვირო და ვიხტუნაო?
- არ შეიძლება ბაბუ, სხვებს შეაწუხებ ეგრე.
- და ციხეში რო არ ჩამსვან რა უნდა გავაკეთო?
- კარგი ბიჭი უნდა იყო, არ უნდა იცელქო, უნდა ისწავლო, მშობლებს უნდა დაუჯერო, მანდატურებსაც და პატრულებსაც.
- რო არ დავუჯერო?
- დაგაპატიმრებენ.ბაბუ - ბაბუა შვილიშვილს მხრებიდან ჩამოსვამს და ლოყაზე აკოცებს - ხო იქნები დამჯერი და სამაგალითო?
- არა ბაბუ, მე ახლა წავალ, ხიდის ქვეშ ფისი უნდა ვქნა, შენ კედე აქ დამელოდე და დამჯერი იყავი - უპასუხებს მიშიკო.
სიყვარულით
კოკოლოზა
No comments:
Post a Comment