Tuesday, September 21, 2010

მუსიკალური ზასტოი

"თუმცა ბევრი რამე მქონდა, გული შენთან ყოფნას მთხოვდა..." მღეროდნენ ოდესღაც ლექს სენი და ვინმე თიკო. ეს იმ დორს იყო ადამიენბი ბნელი რომ იყვნენ და ყველაფერი უაზრო იყო დედამიწაზე, ანუ ვარდების რევოლუციამდე.
მაშინ ქართული ესტრადა ყვაოდა (ყვევებით იყო სავსე) და "იფურჩქნებოდა". საინტერესო კი ისაა, რომ მომღერლებზე მეტს ხმის ინჟინრები და რეჟისორები მუშაობდნენ, რომ როგორმე დანჯღრეული ნამღერიდან სიმღერა გამოედნოთ. იმ გამოდნობილს ახლა უკვე გამოსახულების ინჟინრები და რეჟისორები ჩაუსხდებოდნენ და კლიპს გამოაცხობდნენ. მერე ეს ყველაფერი ტელევიზორსა და რადიოში ტრიალებდა და სიახლეს მოწყურებული ქართველი მსმენელის "ლომკას" ხსნიდა.

ვინმემ რომ მთხოვოს იმ პერიოდის ქართული ესტრადა ერთი სიტყვით დაახასიათეო, არც დავფიქრდები: "ნაგავი" იყო.

იმას აღარ ვამბობ მერე ამ ნაგავს დარბაზებში რომ უკრავდნენ და მავანნი პირს რომ აყოლებდნენ. შემდეგ იგივე ნაგავი დისკების სახით რომ გამოდიოდა და დანჯღრეულად მომღერლები უცებ ვარსკვლავები რომ ხდებოდნენ.

მახოსვს გული მწყდებოდა, რომ პირის გამღებები ზეობდნენ, ნიჭიერ მუსიკოსებს კი ყველა კარს ცხვირწინ უჯახუნებდნენ. და მათაც მიწისქვეშა გდასასვლელებსა და ბაღებში უწევდათ დაკვრა, მხოლოდ ხანდახან თუ მიეცემოდათ სცენაზე ასვლის ბედნიერება. ნამდვილად უსამართლობა იყო. (მეც მიამიტი იდეალისტი ვიყავი)

ესტრადის თემატიკა ძირითადად წვიმა, ღამე და სიყვარული იყო. ქუჩის მუსიკოსებს კი უფრო ფილოსოფიურ–მეოცნებე ტექსტები ჰქონდათ. სიყვარულის თემა აქაც ჭარბობდა, მაგრამ უფრო სხვანაირი, უფრო სუფთა.

და მოვიდა რევოლუცია და განათადა! ნელნელა გაქრნენ პირის გამღები მომღერლები, კონცერტები შემცირდა და ბოლოს სულაც შეწყდა, ხმისა და გამოსახულების ინჟინრებს საქმე შემოაკლდათ. "ვაი მომღერლებმა" სხვა სფეროებს შეაფარეს თავი (ბიზნესს, პოლიტიკას, პადხალიმობას) და ქუჩის მუსიკოსების დროც დადგა: სცენები, სტუდიები და სამონტაჟოები მათ ხელში აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას, საქართველოში ვარდებთან ერთად მუსიკალური რევოლუციაც მოხდა.

ერთი შეხედვით, თითქოს რა უნდა ჯობდეს იმას, რომ ფსევდო მუსიკოსები აორთქლდნენ და გზა ნიჭიერებს დაეთმოთ? მაგრამ მეორედ თუ შეხედავ დაინახავ, როგორ დაივიწყეს მეოცნბე–ფილოსოფოსებმა სხვანაირი, სუფთა სიყვარული და პოლიციაზე ამღერდნენ, ანაც ჯარზე, ომზე, მეეზოვეებზე, მერებზე, გუბერნატორებზე, რეესტრზე, გზებზე, ხიდებსა და არარსებულ გმირებზე.

ვეღარ მღერიან ახალ წელსა და დათოვლილ დროზე, ეგ კი არა ვაშლის გამყიდველებზეც ვეღარ ძრავენ სიტყვას. აღარ ეწერებათ, მუზები დაეფანტნენ. ისეთი სიმღერის შექმნის აზრს ვეღარ ხედავენ, რომელიც ძლიერთ არ აამებს, დათოვლილი გზები კი ძლიერებს კიდიათ, მათ გუბერნატორები და რეესტრი უფრო აინტერესებთ.

ასე იქცნენ ქუჩის ნიჭიერი მუსიკოსები კარის უნიჭო მუსიკოსებად; უნიჭო პირის გამღებები კი – ნიჭიერ პადხალიმებად. შედეგად ის მივიღეთ, რომ დღეს ქართულ ესტრადაში აღარაფერი ხდება (ვერ ვიტყვი მოკვადათქო, ცოცხალი არც არასოდეს ყოფილა), საერთოდ არაფერი.

ესტრადის მოყვარულთა შორის არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ მაშინ, როცა პირის გამღები მომღერლები ჭარბობდნენ – მძულდნენ, მაგრამ ცოცხალი ვიყავი, ახლა კი მუსიკალურ სასაფლაოზე ვარ.

ო, როგორ მინდა, რომ საქართველოში კვლავ უამრავი უნიჭო ვარსკლვალი ამობრწყინდეს (ამის გარეშე გამორიცხულია) და მათ ფონზე ისევ გამოჩნდნენ გაჭირვებული მეოცნებე–ფილოსოფოსები, რომლებიც ამჯერად მაინც არ გამიცრუებენ იმედებს.



სიყვარულით

კოკოლოზა

Monday, September 13, 2010

საბჭოთა საქართველო


მე საბჭოთა საქართველოში დავიბადე და ვერც წარმომედგინა თუ ცოტა ხანში თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე გავხდებოდი. ისე თავისუფლებაზე, დემოკრატიასა და დასავლურ ღირებულებებზე ფიქრით დიდად არც ვიკლავდი თავს, უფრო "ტურბოსა" და "ფინალის" "ნაკლეიკები", ეზოში ტანტალი და თანატოლებთან თამაში მიზიდავდა. თავისუფლება (!) და დამოუკიდებლობა(!!) თითოქს თავისით მოვიდნენ ჩემ ცხოვრებაში და უცბად ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებად იქცნენ, თან ისე, რომ არც ერთის მნიშვნელობა მესმოდა და არც მეორის. მეც დავიწყე უფროსების მსგავსად (89 წლის 9 აპრილს სულ რაღაც 6 წლისა ვიყავი) უაზროდ დროშების ქნევა და "საქართველო, საქართველოს" სკანდირება, მეც შევიყვარე (და მერე გადავიყვარე) ზვიად გამსახურდია და მეც ვიგემე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მანამდე წარმოუდგენელი გემო.
ყველაფერი ეს შეუგნებლად და თავისთავად ხდებოდა, რწმენა კი მხოლოდ ერთი რამისა მქონდა (მერე რა რომ ბავშვი ვიყავი), რომ სამუდამოდ გავთავისუფლდით იმ საშინელი ბოროტებისგან რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა (რომელიც ასევე გაურკვეველი მიზეზებით იყო ბოროტება).
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხათრით უამრავი რამ ავიტანეთ, მეც და ამ ქვეყანამაც, სრულიად აუტანელიც კი. და აქ შიმშილსა და სიცივეზე არ მაქვს ლაპარაკი. ავიტანეთ სიბეჩავე და უძლურობა, მარტოობა და დიდი რაოდენობით დაღვრილი უდანაშაულო სისხლი. ეს ყველაფერი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გავაკეთეთ, ან დავიჯერეთ რომ ასე იყო.
ჩემმა მოზარდობამ ამ ატანის პირობებში ჩაიარა და ეს ჩემთვის უცხო ნამდვილად არაა. ბევრი რამის ატანა შემიძლია, მხოლოდ ერთი პირობით: უნდა მქონდეს რწმენა, რომ რაღაც ცუდს ვშორდები და უკეთესისკენ მივდივარ.
ამ წლების განმავლობაში უამრავი რამ გადავაფასე და გადავახარისხე. ერთ რამეში კი არასოდეს შემპარვია ეჭვი: საბჭოთა კავშირი ბოროტება იყო და მისგან თავის დახსნა უდიდესი ბედნიერებაა, რომელიც მაინცდამაინც თანამედროვეებს დაგვატყდა თავს. ჩემი ბავშვური რწმენა არ იყო მცდარი და ეს შემდგომ წლებში შეძენილმა ცოდნამაც დაადასტურა.
ამ რწმენას შეუძლია საიმედო მეგზური იყს კარგი ცხოვრებისაკენ, მაგრამ ერთი უშველებელი ნაკლიც აქვს: გაბეცებს და მოვლენებს საღად ვეღარ უყურებ,ოღონდ ცუდს გაშორდე და კარგისკენ მიდიხარ თუ არა აღარც აკვირდები.
ასე აღმოვჩნდით კომუნიზმს გამოქცეულები შოვინიზმ/ნაციონალიზმში, მერე იქიდან გაქცეულებმა უკანონობასა და ძალმომრეობაში ამოვყავით თავი, მერე კი თითქოს იმასაც გმოვექეცით და დღემდე მოვედით. დღეს ძალმომრეობა აღარაა უკანონო, ჩვენ ის კანონიერების მკაცრ ფარგლებში ჩასმით დავამარცხეთ, მას აღარ ჭირდება იყოს დასჯადი, თავისულად შეიძლება თავადვე იქნას გამოყენბული დასჯის საშუალებად. ეს კი სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირი.
შოვინიზმ/ნაციონალიზმისა და უკანონო ძალმომრეობის დროს ჭირდა ხიზილალა და ვიცოდით, რომ ახლო მომავალში არც იგეგმებეოდა ამ დელიკატესის (კვლავ) გამოჩენა ჩვენ მაცივრებში. ხიზილალა დღესაც ჭირს, მაგრამ მავანნი გვეუბნებიან, რომ იხ უკვე ჩვენ მაცივარშია. ეს კი სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირი.
ბევრს ჯერა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში განათებული გზების ჯამური სიგრძით, რომ ჩვენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები ნაგავსაყრელზე იკვებებიან, რომ ჩვენი მტრები ჩამოიშლნენ მაშინ, როცა ჩვენ ინტენსიურად ვაგრძლებეთ შენებას, რომ თუ მისი კუჭი ცარიელია ეს მხოლოდ მისივე უნიათობის ბრალია, ყოჩაღი უცნობი კი, რომელიც ტელევიზორში აჩვენეს, უკვე მესამე საკუჭნაოს ავსებს. ხალხს ჯერა, რომ კეთილდღეობა ზოგთან უკვე მოვიდა და ზოგთან ჰა ჰა და მოვა. ეს კი სვხა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირი.
შემიძლია სრულიად უმეცარი, მორჩილი და ძლიერთა ხელებში შემყურე ჩინოვნიკები გავიხსენო, ან ლტოლვილების ამოჩემებულ თემას გადავწვდე და თბილისიდან მათი ნახირივით გარეკვის ამბავიც მოვიგონო, თუ როგორ ჩვეულებრივად მიიღო ეს ყველამ. ხოლო ვინც საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება, ყურისძირში მოხვდა. ეს კი სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირი.
და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მასშტაბებს. კომუნისტები კლავდნენ – ნაციონალები –ნაკლებად, ისინი ციმბირში ასახლებდნენ – ესენი წეროვანში (რამდენადაც ციმბირი ჩვენი აღარაა), ისინი სისხლიან რეპრესიებს ატარებდნენ – ესენი უსისხლოს. მთავარი სახელმწიფოს დამოკიდებულებაა ადამიანის მიმართ. არა ხალხის, მასის ან ბრბოს, არამედ ცალეკეული, კონრეტული პიროვნების მიმართ. ეს დამოკიდებულება ან არ არსებობს ან არსებობს ძალიან დამახინჯებული ფორმით. ეს კი სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირი.
მე საბჭოთა საქართველოში დავიბადე და მცირე (უსიამოვნო) შესვენების შემდეგ, ისევ საბჭოთა საქართველოში აღმოვჩნდი.
ჩემმა ბავშვურმა რწმენამ მარცხი განიცადა. ეს კი სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა კავშირი.

სიყვარულით
კოკოლოზა

Sunday, September 12, 2010

ძვალი

ბევრმა რამემ შეიძლება შეურაცხყოს ადამიანი, ძალიან ბევრმა. ახლა ჩამოთვლა რომ დავიწყო უშველებელ სიას გავაშანშალებ, მაგრამ სია რად გვინდა ექსკურსიაზე ხომ არ მვიდივართ, ერთ მათგანზე გავჩრედები. რა შეიძლბა იყოს გადმოგდებულ ძვალზე მეტად შეურაცხმყოფელი? ძვალზე, რომელსაც კარგად მოქცევის შემთხვევაში დიდსულოვნად მოგვიგდებენ და მადლობასაც იქით ითხოვენ. ძვალზე, რომელსაც დიდი ხანი ელი და მიღებისთანავე ივიწყებ ყველა წარსულ წყენასა და ცემა–ტყეპასაც კი. ძვალზე, რომელიც არც გემოთი ვარგა და არც სურნელებით, მაგრამ უკეთესზე არც ოცნებობ.
ადამიანები ხშირად ცდილობენ ერთმანეთი სწორედ ასეთი ძვლების მოლოდინში ამყოფონ და გამოსდით კიდეც. ჩვენც ადამიანები ვართ და ისე აღმოვჩნდებით ხოლმე გადმოგდებული ძვლის იმედად, რომ თავადაც გვიკვირს. არადა ეს მაშინ ხდება, როცა თითქოს გაცილებით მეტს ვიმსახურებთ, მაგლითად უშველებელ ხორცის ნაჭერს, ან შნიცელს, სამაგიეროდ კი გამომხმარ ძვალს ვიღებთ, რომელიც უვარგისია და ყელში გვეჩხირება, მაგრამ მაინც ბედნიერები ვართ იმიტომ, რომ შეიძლება ესეც კი ვერ მიგვეღო.

უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მიმზიდველია ძლიერთა მიერ გადმოგდებული ძვალი, მით უმეტეს მაშინ, როცა დიდი ხანია არაფერი დაგიხრავს, მაგრამ ო, როგორი შეურცხმყოფელი. მთელი ცხოვრება ვცდილობ ამ ძვლებზე მაღლა დავდგე და როგორმე უარი ვთქვა მათზე: ან საუკეთესო მივიღო, ან სულაც არაფერი. ძირითადად სულაც არაფერს ვიღებ, მაგრამ მაინც ჯიუტად ვაგრძელებ ხორცის ნაჭრისათვის ბრძოლას. ამის გამო ხან ამპარტავანი ვჩანვარ, ხან ზედმეტად ამაყი, ხან პატივმოყვარე და ხანაც უბრალოდ დეგენერატი, მაგრამ გადმოგდებული ძვლით დაკმაყოფილებას ყველაფერი მირჩვენია.

აბა გაიხსენეთ რამდენჯერ წამოგიწყიათ ბრძოლა უსამართლობასთან (ლოკალურ უსამართლობას ვგულისხმობ და არა ზოგადსაკაცობრიოს), რამდენჯერ გადაგიწყვეტიათ, რომ სამართლიანობას მიაღწევდით და რამდენჯერ გაყიდულან შუა გზაში თქვენი უპრინციპო თანამოაზრეები სახრავ ძვალზე. ახლა კი დაფიქრდით თავად რამდენჯერ გაყიდულხართ.

რომ ვფიქრდები და ვითვლი საკუთარი თავი მძულს. მერე იმასაც ვხვდები, რომ ალბათ რამდენჯერმე ისე გავიყიდე ძვალზე, რომ თავად ვერაფერი გავიგე, თანამებრძოლი კი, ძალაუნებურად, მარტო დავტოვე ბრძოლის ველზე. ასეთ დროს სირცხვილი მჭამს: ნუთუ ძვალმა მაცთუნა?! ნუთუ ნებისყოფა არ მეყო, რათა ხორცისათვის ბოლომდე მებრძოლა?! ნუთუ არ იყო სხვა გამოსავალი?!

გამოსავალი ყოველთვისაა, უბრალოდ სიფხიზლე არ უნდა დაკარგო, რომ ერთ დღეს თავი გაყიდულ საქონელს შორის არ აღმოაჩინო.

ვგრძნობ, რომ, არცთუ მნიშვნელოვანი, მაგრამ მორიგი ძვალი ახლოვდება ჩემ ცხოვრებაში. უნდა გადავწყვიტო: ავიღო ძვალი და დავივიწყო რაც უწინ იყო, თუ უარი ვთქვა და ამაყად, ამპარტავნად და დეგენერატად გამოვჩნდე. ძნელი არჩევანია, ძალიან ძნელი. არც მშიერი დარჩენაა სასიამოვნო და არც დეგენერატად, მაგრამ ძვალი ხომ დიდი შეურაცხყოფაა, ძააალიან დიდი!

ასეთ ორჭოფობაში გავატარებ ალბათ მთელ ცხოვრებას ვიდრე თავად ძვლად არ ვიქცევი.


სიყვარულით
კოკოლოზა

Wednesday, September 8, 2010

გრძნობითა ვარ აღასავსე

გრძნობითა ვარ აღასავსე და მინდა ეს ვინმემ გაიგოს. ისიც კი არ ვიცი რამ აღმავსო ამ ოხერი გრძნობით: მეგობრის ახლადდაბადებულმა ბავშვმა, კამკამა ტბაში ცურვამ თუ რამდენიმე ჭიქა არაყმა. ამას დიდი მნიშვნელობა არცა აქვს ალბათ.
გრძნობით ვარ აღსავსე და ამ გრძნობას სადღაც უაზრობაში მივყავარ, სადღაც გამოუთქმელში. რომ გინდა შენ გრძნობებზე ილაპარაკო და სათქმელი კი ბევრი არაფერი გაქვს; ერთი ფრაზა გიტრიალებს თავში და სიტყვაც კი ვერ დაგიმატებია.

გრძნობით ვარ აღსავსე და ვნანობ, რომ გამზიარებელი არავინაა. შემეძლო "განვითარებული" ადამიანივით ფეისბუქისთვის მიმემართა და ჩემს პროფილზე მოურიდებლად დამეწერა "გრძნობით ვარ აღსავსე", მაგრამ მე ხომ ვიცი, ფეისბუქი როგორ აფერმკრთალებს გრძნობას და როგორ უტოვებს მხოლოდ სტატუსის სახეს. სტატუსს კი გამზიარებელი არ ჰყავს, არამედ მხოლოდ რამდენიმე უკბილო კომენტატორი.

მე კი გრძნობითა ვარ აღსავსე და არ მინდა მარტო დავიცალო ამ გრძნობისგან. არ მინდა ეს უცნაური მდგომარეობა საიდუმლოდ დავტოვო .თუმცა ალბათ მომიწევს, ამ შუა ღამისას სად იპოვი მოზიარეს?! დღისითაც კი სანთლითაა საძებარი.

არადა გრძნობითა ვარ აღსავსე. ასეთი რამ ხშირად ხდება, მაგრამ ძირითადად უცხოსათვის განდობის ცხოველი სურვილის გარეშე ჩაივლის ხოლმე. დღეს კი ყველაფერი სხვაგვარდაა, დღეს ჩემი გრძნობა საჯაროა, ვაი რომ ჯარი არაა არსად. ჯარი კი არა ერთი დაფეხვილი ეფრეიტორიც კი სანატრელია.

გრძნობითა ვარ აღსავსე და დაძინების გარდა სხვა ალტერნატივა არ მაქვს. უნდა ჩავახშო ჩემი მოზღვავებული გრძნობები და რუტინულ (თუმც არც ისე უსაიამოვნო) ძილს მივცე თავი, ისევე როგორც ჩემი დიადი და მრავალგზის ნადღეგრძელები სამშობლო აკეთებს აგერ უკვე N წელია. მეც ხომ მისი ნაწილი ვარ და თანაც საკმაოდ ბევრჯერ ნადღეგრძელები; ჩედმამიც ხომ იგივე მოთხოვნებია წაყენებული: დაივიწყე გრძნობები და დაიძინე! ამიტომ მეც მორჩილად, უკეთესი მომავლის იმედით, გრძნობებს თაროზე შემოვდებ და ტკბილი ძილით დავიძინებ, რომ ხვალ ხალხში არ შევრცხვე.

ეს ოხერ–ტიალი, გრძნობითა ვარ აღსავსე!
სიყვარულით

კოკოლოზა

Monday, September 6, 2010

დავიწყებული


პირველს რომ 5 დააკლდება დიდუბის მეტროს გამოსასვლელთან დაგელოდებივუთხარი მეგობარს და ტელეფონი გავთიშე.

ასე იწყება ეს ამბავი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადამხდა თავს და მას მერე თავიდან არ ამომდის. ისტორია სევდიანია, მაგრამ არც ისეთი, როგორსაც ყოველ დღე ვხვდები ამ უაზრო და უსახური ქალაქის ქუჩებში. ლტოლვილები რომ ნახირივით წაასხეს და სადღაც გადაკარგეს იმაზე სევდიანი ნამდვილად არაა, არც იმაზე ჩვენ რომ ამ ყველაფერს ვუყურეთ და ხმა არ ამოვიღეთ, იმასაც ვერ შეედრება გარე მოვაჭრეებს რომ დაერივნენ და პურის ფულის შოვნის ბოლო შანსიც მოუკლეს. არა, ამ ყველაფერს ჩემი ამბავი კონკურენციას ვერ გაუწევს, მაგრამ სევდიანობის პატარა კვალი მასაც ეტყობა.

შეთანხმებისამებრ პირველს რომ ხუთი აკლდა ადგილზე ვიდექი და მეგობარს ველოდი. შეიცვალა დიდუბის მეტროს შესასვლელგამოსასვლელი გვირაბი და მისი მიმდებარე ტერიტორია. აღარც პურისა და საეჭვო წარმომავლობის ძეხვის გამყიდველი ბაბუშკები ჩანდნენ არსად და არც დანებითა და სათვალით მოვაჭრეები. დაცარიელდა გვირაბი, მხოლოდ მეტროს მგზავრებიღა დარჩნენ შიგნით. და კიდევ რამდენიმე კაცი, რომლებიც მთელი დღე გვირაბის ბოლოს დგანან და ომახიანად გაჰყვირიან: "ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია გავიდა! ბათუმი, ქობულეთი, ურეკი აქეთ!"

მგზავრები შედი–გამოდიოდნენ, კაცბი ყვიროდნენ მე კი იდექი და მეგობარს ველოდი და უცებ... გვირაბიდან ნაცნობი მუსიკა მომესმა.. თან ისეთი, ამ მიდამოებში რომ ალბათ არასოდეს აჟღერებულა, მაშინაც კი დისკებისა და კასეტების გამყიდველებით რომ იყო სავსე აქაურობა. მუსიკა, რომელმაც, წლწბის წინ, პირველივე მოსმენისას მომაჯადოვა და მხოლოდ წლების შემდეგ, სრულიად შემთხვევით, გავიგე მისი სახელწოდება და შემსრულებელი.

და ახლა, პირველს რომ ხუთი წუთი აკლდა ჯო სატრიანის The Forgotten დიდუბის მეტროს სიღრმიდან მესმოდა. იქ, სადაც ჩვეულებრივ კლიენტბს სულ სხვა ჰანგებით იტყუებენ The Forgotten მეხის გავარდნასავით იყო, მით უმეტეს სეთ დროს, როცა ფოთლის ჩამოვარდნაც კი შიშის ზარს გვცემს.

ვითარებაში გასარკვევად გვირაბში შევედი და ერთი რამ უცხო ვიხილე: საშუალო ტანის, საშუალოდ ჩაცმული ახალგაზრდა კაცი გვირაბის ავში იდგა, აპარატურა გარშემო შემოუეწყო, გიტარა ჩამოეკიდა და მთელი გრძნობით ასრულებდა სატრიანის კომპოზიციას. თან ისე კარგად, დახვეწილად და თავისუფლად, რომ ცოცხალ შესრუელბაში ეჭვიც კი შეგეპარებოდა. მაგრამ ცოცხალი იყო, იქვე დიდუბის მეტროს ბნელ გვირაბში დაკრული. მე და რამდენიმე მგზავრი ერთმანეთს გაოცებული ვუყურებდით და ვცდილობდით შეცდომები დაგვეჭირა, ის კი არ ცდებოდა – მშვიდად და შეუდრეკლად უკრავდა, არც ემოცია ენანებოდა და არც ტექნიკაში ეშლებოდა რამე.

და იმ დორს, როდესაც მე და სხვა განდობილი მგზავრები ასე პრდაღებული მივჩერებოდით ხან მუსიკოსს და ხან ერთმანეთს, გვირაგბში უკმაყოფილო გამონათქვამები გაისმა. „სუფთა პანაშვიდის მუსიკაა რა!“, „სხვა ადგილი ვერ ნახა?!“ „რა უბედურებაა, როგორ აღრიალებს“ და მსგავსი.

გიტარისტი კომენტარებს არ უსმენდა და დაკვრას აგრძელებდა, ბოლომდე იხარჯებოდა. ამ დროს გვირაბის ბოლოდან მამაკაცის ძლიერი ხმა გავიგონეთ: „აე, ჩაუწიე ბიჭო!“ „გესმის შენა?! ჩაუწიე, დავყრუვდით!“ ერთი რო გაბედავს, მერე ყველა გულადდება, ჰოდა ერთმა რომ უღრიალა, მეორე სულაც მიეჭრა მუსიკოსს და გათიშვა მოსთხოვა, მერე იმას მსუქანი პოლიციელიც დაემატა და ამრევი გიტარისტი გააჩუმეს. გაიმარჯვა კეთილგონიერებამ და ჰარმონიამ, დიდუბის მეტროს გვირაბში კვლავ წესრიგი დამყარდა, კვლავ გააგრძელეს მგზავრებმა ძველებბურად შესვლა–გამოსვლა და პანაშვიდის მუსიკაც აღარავის აწუხებდა.

ამასობაში მეგობარიც მოვიდა და ჩვენ გზას გავუდექით, ზურგს უკნიდან კი ნაცნობი ხმა (რომელმაც პირვველმა უღრიალა) ნაცნობ სიმღერას მრეროდა: "ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია გავიდა! ბათუმი, ქობულეთი, ურეკი აქეთ!"

სიყვარულით

კოკოლოზა