Wednesday, July 22, 2009

ვილნიუსში


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ოთახში შევედი და, არც მეტი, არც ნაკლები, ტრაკი დავინახე. ეს ხომ შოკი იყო, მაგრამ ამაზე უფრო დიდი შოკი მაშინ მივიღე, როცა იმ ტრაკს სახეც მოყვა. არადა იქ არც ის ტრაკი უნდა ყოფილიყო და არც ის სახე. ერთი უწყიანრი პორტუგალიელის ნაცვლად, მის ლოგინში, შიშველი ჩინელი დამხვდა. ჰაიო, სადღაც ჰაერში დაიძახა, გადაბრუნდა და ისევ უკანალი მომიშვირა. ვაი მეთქი , ერთი ამომხდა და ფიქრს მივეცი თავი: წესით ამ ლოგინში პორტუგალიელ ჰერბერტოს უნდა ეძინოს, ახლა კი შიშველ ჩინელს ძინავს; ჰერბერტოს რამდენიმე დღის წინასწარ აქვს გადახდილი და ღამე მეგობრებისგან რომ დაბრუნდება და მაო ძედუნს აღმოაჩნეს თავის ლოგინში, ალბათ მისი ევროკავშირული გული ამ დარტყმას ვერ გადაიტანს და მოკვდება მეთქი. შემეცოდა ჰერბერტო, კაი ბიჭია არადა.
ჰოსტელის ადმინისტრატორის ბრალი არმოჩნდა ყველაფერი: ჰერბერტო წასული ეგონა და ჩინელი იმიტომაც შემოუშვა ჩვენ ოთახში. ადმინისტრატორს მკაცრი დირექტივა მივეცი გაფრთხილების გარეშე ჰერბერტო ოთახში არ შემოუშვა მეთქი და დასაძინებლად წავედი. ღამით ჰერბერტოც მოვიდა და რომ არა ჩემს მიერ მიღებული ზომები, ჩემ ოთახში, უსიამოვნო ევრაზიული კონტაქტი შედგებოდა.
მეორე დღეს ჩინელმაც გაიღვიძა და ხმაც გაგვცა. ჰონგ კონგიდან აღმოჩნდა, სახელიც ძალიან პატრიოტული ჰქონდა - ჰონგი ერქვა და საერთოდ, ძალიან სასიამოვნო პიროვნება იყო (ყოველ შემთხვევაში, პირველი შთაბეჭდილება გააქარწყლა).
ბევრი ვისაუბრეთ მე, ჰერბერტომ და ჰონგმა იმ საღამოს. პოლიტიკიდან დაწყებული ქალიშვილობის ინსტიტუტით დამთვარებული უამრავ თემას მოვედეთ და მეორე დილით მეგობრებად დავიშალეთ.

მორალი: ყველაფერი ცუდი არაა, რაც ტრაკიდან იწყება.

სიყვარულით
კოკოლოზა

No comments:

Post a Comment