ჩემი და 13 წლისაა, მე - 26-ის, ის მურადაა, მე - კოკოლოზა, ის თანამედროვე, ექსპერიმენტულ, შსს-ს დაკვირვების ქვეშ მყოფ სკოლაში სწავლობს, მე 90-იანების უშუშო სკოლა დავამთავრე, ის გაჭირვებულ, მაგრამ ქაღალდზე დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, მე - ქაღალდზე დალხენილ, მაგრამ კოლონიზირებულ საქართველოს სსრ-ში. მე ამ სისულელეებს ვწერ, მან კი, ამ ცოტა ხნის წინ ასეთი რამ დაწერა:
კიბე
საუკეთესო წლები, გართობა, თავგადასავლები... ბავშვობა... ოქროს კულულები, ფიქრიანი თვალები, პატარა ხელისგულებში ჩარგული ვარდისფერი სახე, პირველი საფეხური...გრძელი, გრძელი კიბე, ფერები... შავი და თეთრი ერთმანეთს ებრძვის. მათ შორის უამრავი ფერია... საოცარი პალიტრა, გაოცება, შიში...ცისარტტყელაში მიაბიჯებ, კიბეს მიუყვები, ხან გაუბედავი ნაბიჯებით, ხან - გაბედულად... საით მიემართება, სად მიყავართ? ზევით ავდივართ, თუ ქვევით ვეშვებით? ვისი ნებაა - ჩვენი თუ უფლის? კითხვები... უამრავი კითხვა...რამდენ კითხვაზე არ მაქვს პასუხი... რამდენი საფეხურია? რომელ საფეხურზე შეგვხვდება ის, ვინც გვეტყვის: მეც შენნაირი ვარ! რა იქნება ბოლო საფეხურზე? ალბათ მოგონებები, სევდა, მონატრება...შორიდან მოსული ცივი ქარი აზრებს მტვერივით ფანტავს ჰაერში... საით მივაბიჯებთ? დედამიწა მრგვალია... ალბათ, კიბის ბოლოს დასაწყისს შეუერთდება იქ, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს.
მარიამ მურადაშვილი (კიმ ბაუერი)
აი ეს დაწერა ჩემმა დამ, ჩემზე უფრო ჭკვიანმა და პერსპექტიულმა, ჩემზე უფრო მონდომებულმა და მიზანდასახულმა. მე კი პანჩურებს ვურტყამ ხოლმე...
პანჩურებს აუცილებლად გავაგრძელებ, ეგ ხელს არაფერს უშლის.
სიყვარულით
კოკოლოზა
მომეწონა!
ReplyDelete