ეს არის არაფორმალ ლიტერატორთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც მხოლოდ დაუთრგუნავ აზრსა და სიტყვის სილაღეს აღიარებს. გმობს კომფორმიზმსა და ფარისევლობას. ასაზრდოვე გონი ეკოლოგიურად სუფთა საკვებით!
Tuesday, August 4, 2009
მარტოობა
მარტოობა მრავალგვარი არსებობს: ფიზიკური, სულიერი, მორალური, სექსუალური, სოციალური და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი, მაგრამ სრულიად აუტანელია მარტოობა სავსე პლიაჟზეთმიანობის ნიშნით.
აქ კარგია. ლიტვის ერთი პატარა ქალაქია, იმდენად პატარა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი არ არის, სამაგიეროდ 2 იმხელა ჰიპერმარკეტია, მთელ საქართველოს რომ ეყოფა 2 დღე და კიდევ ნახევარი. არც ხალხია ბევრი, მაგრამ იმდენი კი არის, რომ მზიან დღეს პლიაჟი გაავსოს. ჰოდა, დადგება თუ არა ელეკტრენაიში ზაფხული, ლამაზ-ლამაზი და მაღალ-მაღალი ახალგაზრდობა ტბისკენ მიიჩქარის, რომ იცურაოს, გაირუჯოს და ... მოკელდ სტანდარტულად რა.
ბედის ირონიამ სწორედ ზაფხულში, საჭყუმპალაო დროს, გადმომაგდო ამ მხარეში. მეც შანსი ხელიდან არ გავუშვი და, როგორც ყველანაირი ჰიდროს მოყვარული, ტბისკენ გავეშურე. გავიხადე (აბა ჩაცმული ხომ არ ვიბანავებდი!) და ის იყო ზვირთებისთვის უნდა მიმეცა თავი (ეს ზვირთები მხატვრულობისთვის, თორე ტალღებს აქ რა უნდა, ერთი შლამიანი გუბურაა), რომ უხერხულმა დეტალმა გამაჩერა: ნაპირზე შეკრებილი დაახლოებით ასი მამაკაცის სხეულიდან ღერა-ღერა რომ გეგროვებინა ბალანი, საბოლოოდ ჯორჯ მაიკლის ბლანჟეც კი არ გამოგივიდოდა. მე კი, მოგესხენებათ (ან იქნებ არც მოგეხსენებათ), ტანზე სიმელოტეს სულაც არ ვუჩივი, მეტიც, ჩემი ხშირი თმის საფარი ტანსაცმელზე ეკონომიის საშუალებასაც კი მაძლევს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთადერთი თმიანი კაცი აღმოვჩნდი მთელ პლიაჟზე და თავი მარტოდ ვიგრძენი.
ვიცი, გამორჩეულობა კარგია, მაგრამ ადამიანი ხომ მუდამ თავისნაირს ეძებს, რომ მერე მისგან გამოირჩეს, მეც დავდივარ და ვეძებ ჩემნაირს. ხანდახან ვინმეს სამადლოდ ამოსულ ორ ღერ ბალანს რომ შევამჩნევ მკერდზე, მინდა მივვარდე და შევძახო "აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო შენა" - მეთქი, მარა ვერ გაიგებენ და მერე საერთოდ მარტოდ ვიგრძნობ თავს. რამდენიმე დღის წინ ერთი აქაური ბიჭი გავიცანი, ქართული გვარით. მამა საქართველოდან ჩამოსულა, ორ სხვადასხვა ქალთან, ორი შვილი გაუკეთებია (ეს რაც ვიცით) და უკანვე გაბრუნებულა. ჰოდა, ვიფიქრე: თუ მიშველის ისევ ეს მიშველის მეთქი, მაგრამ, ჩამივარდა კოვზი ნაცარში - დედის გენზე წასულა ოხერი; მოშვლეპილია საიუველირო მაღაზიის ვიტრინასავით.
დავივარ ასე ეულად პლიაჟზე და ვიქექავ ბანჯგვლიან ტანს მტრის გულის გასახეთქად, მტერს კი სულ ცალ ფეხზე კიდია.
სიყვარულით
კოკოლოზა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment