Friday, June 19, 2009

ფორტეებზე ვჭრაჭუნობთ



დღეს ოპერაში ვიყავი ყანჩელის კონცერტზე. რა თქმა უნდა უბილეთოდ შევედი და ჩაცმულიც არაშესაბამისად ვიყავი. მიუხედავად ყოველივე ამისა, თავხედურად პარტერის ცენტრში დავიკავე ადგილი და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი, პათეტიკური, პროგრამის კითხვა დავიწყე. თან იმას ვფიქრობდი ამ კითხვაში რომ დამინახავენ იქნებ აგდება მოერიდოთ მეთქი, მაგრამ 21-ე საუკუნეში აღარავის აღარაფერი ერიდება, მით უმეტეს ბილეთიენბს უბილეთოების მოსროლა.

მართლაც, ცოტა ხანში, ორმა გაფურჩქვნის ასაკში მყოფმა, ქალბატონმა ზრდილობიანად დამითხოვა დაკავებული სავარძლიდან. ყანჩელისა რამე გაეგებათო ვერ იტყოდი, მაგრამ ბილეთი ნამდვილად ჰქონდათ. იქვე გადავჯექი გვერდითა რიგში და კვლავ ძველი ტაქტიკით გავაგრძელე პროგრამის კითხვა. არც ამან მიშველა - კვლავ გაფურჩქვნის ასაკში მყოფმა გოგონამ ამაგდო (ვერც მასზე იტყოდი, რომ ვიოლინოს  ჩელოსაგან განსხვავება შეეძლო, მაგრამ ბილეთი მასაც ჰქონდა). 

ავდექი და დაბნეული ავიტუზე შუა დარბაზში. ამ დროს (ღმერთიც გაახარებს) ძველმა კოლეგებმა მომაწვდინეს ხმა ერთერთი აივნიდან და თავისთანაც დამპატიჟეს.

სიამოვნებით ვეწვიე, მათაც ერთი ჭრაჭუნა სავარძელი მომაგებეს და კონცერტიც დაიწყო.

გაიტრუნა დარბაზი. ვისაც ყანჩელის ნაწარმოებები მოსმენილი აქვს, ეცოდინება თუ როგორ უყვარს ამ კაცს ჩუმი და წყნარი მუსიკა, აი ისეთი ბუზის გაფრენაც რომ ისმის მუსიკის პარალელურად. მე კიდე ისეთი ღრჭიალა სავარძელი შემხვდა მთელი კონცერტი ჰუსარივით გაჯგიმული ვიჯექი, რომ ხალხის რისხვა არ დამემსახურებინა. თან იშვიათ ფორტეებს ველოდებოდი რომ ოდნავ მაინც გავმოძრავებულიყავი, ცხვირის მოფხანისაც კი მეშინოდა. (არადა, ეს ოხერი, ერთი კოლოფი ტაოტი სულ ეყოფა მთელ ოპერას). ასე ჩაიარა მთელმა წარმოდგენამ: სულგანაბული ვუსმენდი და ფორტეებზე ვჭრაჭუნობდი.  

კონცერტის შემდეგ გარეთ გამოვედი და მაშინღა მივხვდი, რომ ადამიანებიც ასე ვართ:ცხოვრების დიდი ნაწილი ჩუმადა ვართ და მხოლოდ ფორტეებზე ვჭრაჭუნობთ.

ფორტე: (მუს.) ხმამაღლა, ძლიერად

სიყვარულით

კოკოლოზა

No comments:

Post a Comment