Thursday, June 18, 2009

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა


ჩემ ოთახში წვიმის წყალი ჩამოვიდა და ნოტიო გაჯის უაზრო სურნელი დგას. დგას და იდგეს, რას ვიზამ! სხვა რამ უფრო მაღელვებს - ოთახი, რომელშიც ვცხოვრობ, მძინავს და ამ სისულელეებს ვწერ, ხრუშჩოვის დროს აშენებული სახლის უნიჭო მიშენებას წარმოადგენს. ჯერ ხრუშჩოვკა რაა და ახლა მასზე მიშენებული სიმახინჯე. თუმცა, ერთია, როგორც ჩანს, ამ მიშენების ავტორი, (სულ მცირე - პრარაბი მაინც) საბჭოთა სისტემის დიდი მოძულე იყო და მისი შემოქმედებაც მსგავსი სულისკვეთებითაა განსმჭვალული. აღარ უნდა დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ მიშენებას კომუნისტურ შენობასთან ერთად ცხოვრება, ცდილობს გამოეყოს და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს დედამიწაზე, ან ეზოში მაინც. ამაში  რევოლუციურად განწყობილი ამინდიც ეხმარება და არ გამიკვირდება თუ ერთ მშვენიერ დილას, მეოთხე სართულის ნაცვლად, გარაჟების გვერდით გავიღვიძებ. თუმცა ამასაც არა უშავს, მთავრია საერთოდ გავიღვიძო.

ახლა ისევ წვიმს და ჩემი და ჩემი მიშენების გათავისუფლება კომუნიზმის მარწუხებიდან უფრო და უფრო რეალური ხდება. მერე როგორ ვიცხოვრებთ არ ვიცით, მაგრამ არც პირველნი ვიქნებით და არც უკანასკნელნი; რამეს მოვიფიქრებთ. ბოლო-ბოლო ეს ცხოვრება ხომ ასეა მოწყობილი - დიდი შენობები ინგრევიან და რჩებიან მხოლოდ მიშენებები.

მე რომ პოეტი ვიყო ალბათ ასე ვიტყოდი:

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,

დატბორა არემარეო,

რა ჩემ ყ..დ მინდა სახლ-კარი,

თუ შიგ ვერ შევეფარეო!

მაგრამ მე  არ ვარ პოეტი, ამიტომ ასე ვიტყვი: გაუმარჯოს იმ წვიმას, რომელიც ადამაინსა და მიშენებას თავისუფლებას მოუტანს!

სიყვარულით

კოკოლოზა

No comments:

Post a Comment