Monday, March 9, 2009

უშანგი

როცა უშანგი პირველად ვნახე, ძალიან ახალგაზრდა იყო და ჯერ კიდევ ფერიდე ერქვა. მხოლოდ მერე გადაწყვიტა თავი ენებებინა დიასახლისობისათვის და ბიზნესში ეცადა ბედი.
ვერაფერს გაიგებ ფერიდეს უშანგად გარდაქმნაზე: ზეციური ჩარევა მოხდა, პათოლოგია, თუ კუზანოვმა იმუშავა, არავინ იცის.
ჰოდა, მოდი, ამ ამბავს გამოვტოვებ, იმიტომ, რომ არ მინდა ვინმეს რაიმე დავაბრალო, ერთი კი ცხადია, როცა პირველად ვნახე ფერიდე იყო, ახლა კი უკვე წამოზრდილს რომ ვუყურებ, აშკარად უშანგია.
ფერიდე უცნაურად დაბადებულა, თურმე მის ჩასახვმადე 3 თვით ადრე დედამისს ლანას შემთხვევით სვაროვსკის ბეჭედი გადაუყლაპავს და ვერაფრით გამოუძვრენიათ უკან. შეეგუენ თურმე ლანა და ხოსე ამ დანაკარგს და განაგრძეს ცხოვრება (არავინ იცოდა, თუ რატომ ერქვა ფერიდეს მამას, ზემო მაჩხაანში დაბადებულ კაცს, ხოსე).
დაფეხმძიმდა ლანა და როცა დრო და წესი მოვიდა ფერიდემაც ამ ქვეყანას მოუკაკუნა.
მშვენიერი ბავშვი დაიბადა, 53 სმ. 3,2 კგ. ჯანმრთელი და ლამაზი. მაგრამ, ჰოი საოცრებავ, მარჯვენა ხელის შუა თითზე ზუსტად ის ბეჭედი ეკეთა, რომელიც დედამ ერთი წლის წინ გადაყლაპა. გაიხარა ოჯახმა - თან შვილი თან ბეჭედი, მეტი რა გინდა, რომ ინატრო. თავიდან იფიქრეს რინგო დავარქვათო, მაგრამ მერე ისევ ფერიდე არჩიეს.
იზრდებოდა ფერიდე და გარდა იმისა რო ბეჭდით დაიბადა არაფერი საინტერესო მასში არ იყო.
რეცხვა, დაგვა და საჭმლის კეთება ადრეულ ასაკში ისწავლა და აქტიურადაც მისდევდა ამ საქმეს.
ერთხელ ფერიდეს სახლის წინ, ქვეყანაში ერთადერთმა ფემინისტურმა ორგანიზაციამ "ჭაში ჩავარდნილი ქალები" ჩამოიარა. მშრომელი გოგო რომ დაინახეს, ფემინისტებმა მაშინვე მისი დამუშავება დაიწყეს და ჟურნალები და ბროშურები დაუტოვეს, რომ გაცნობოდა და ცხოვრების პრიორიტეტები შეეცვალა.
დაიწყო კითხვა ფერიდემ და მალე მიხვდა, რომ სულ არაა ვალდებული ოღრაში ხოსეს ნასკები რეცხოს და თავისუფლად შეუძლია თავისი შექმნას რამე.
იმ ღამით თვალი არ მოუხუჭავს, მარა ვერაფერი გაბედა, მეორე დილით კი დაიგულა თუ არა მშობლები შორს, ბარგის ჩალაგებას მიჰყო ხელი. თავიდან ტანსაცმელი ჩაალაგა, მერე ორიოდ საყვარელი ნივთი, მერე კი სარეცხი ფხვნილი და "Fairy"-ც რო ჩადო, გაიფიქრა - "კაცო აქედან ამას გავურბივარ და თან რაღატო მიმაქო" ბოლოს გაბრაზდა, ის ერთი დახეული ჩანთაც დატოვა და გზას გაუდგა.
აქ მისი ამბავი წყდება, სად წავიდა და როგორ არავინ იცის, ისიც რაც მოგიყევით მეჯართე ჩიტიასგან ვიცი. ჩიტია მაშინ ფერიდეზე იყო შეყვარებული და სულ უთვალთვალებდა. ამიტომ მისი მონაყოლი სიმართლედ უნდა ჩაითვალოს.
გავიდა წლები და ხოსეს და ლანას ქალაქს ერთი კაცი მიადგა. ჯმუხი, შავგვრემანი, ხმელი და საკმაოდ ჯანიანი, თან რაღაც პორტფელით ხელში. პატარა ქალაქი იყო და ყველა დაინტერესდა, ვინააო. უცნობი ხალხს უშანგის სახელით გაეცნო. და თქვა, ბიზნესმენი ვარო. მერე იმასაც დაპირდა თქვენ ქალაქს ავაყვავებო და ახლადშეძენილ სახლში ცხოვრება დაიწყო. თან თავის ბიზნეს გეგმებს ახორციელებდა სხვადასხვა სფეროებში.
ქალქამა მართლაც აყვავება დაიწყო და მალე Elit Electronics - ის მაღაზიაც კი გახსნეს, რომელსაც მალე Beko - ც მოყვა, აღარაფერს ვამბობ ბანკებზე, რომლებიც ყველა კაკლის ქვეშ იყო გახსნილი.
ასე მოვედით დღემდე, ვუყურებ უშანგის და მე, მხოლოდ მე, ვარ დარწმუნებული, რომ ეს ის ფერიდეა ბეჭედი რო ამოაყოლა მუცლიდან და 15 წლისა სადღაც გაუჩინარდა.
დარწმუნებული ვარ და ვცდილობ ხალხიც დავარწმუნო, მაგრამ არავინ მიჯერებს, ქალაქის მერზე ასეთებს როგორ ამბობო. ბევრი ვეცადე და ბოლოს აქ ამოვყავი თავი, ხანდახან ექიმები ერთ ხელს შემიხსნიან ხოლმე და თუ ეს ხელი მარჯვენაა - ვწერ.
ჩემი ოთახის სარკმლიდან უშანგის კაბინეტის აივანი ჩანს, რომელიც მდინარეს დაჰყურებს. დილაუთენია გამოვა ხოლმე ჰაერზე, გაიხედავს, გამოიხედავს და როცა დარწმუნდება, რომ არავინ უყურებს, ერთ კოლოფ სარეცხის ფხვნილს და ერთ ფლაკონ "Fairy"-ს აგდებს წალში.
მოსახლეობას კიდე, უკვირს, ამ მყრალ მდინარეში ბანაობის მერე, ასეთი სუფთები და ქათქათები რატომ ვართო.

სიყვარულით
კოკოლოზა

No comments:

Post a Comment