Thursday, March 5, 2009

15 მიზეზი

დღეს, 2008 წლის 1 სექტემბერს, უცნაური და ძალიან სევდიანი დღე იყო ჩემ ცხოვრებაში, არადა უამრავი თანამემამულისთვის ეს თითქმის უბედნიერესი დღე იყო. დღეს ქართველები ქუჩებში გამოვიდნენ და ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ქალაქები, სოფლები და დაბები გაივსო ხელჩაკიდული ხალხით. ყველა ბედინიერი იყო და ყველა ერთიანობას გრძნობდა. რუსეთმა ვერ დაგვაჩოქა და ვერც დაგვაჩოქებსო, აი ეს უხაროდათ. კიდე ის აღაფრთოვანებდათ, ასე ერთად ქართველები კაი ხანია არ ვმდგარვართო. მარა, ეს ოხერი, სიტყვა არავის დაცდა იმაზე, თუ საერთოდ რა შემთხვევბში ვდგავართ ხოლმე ერთად ქართველები. ეს მაშინ ხდება როცა ერთად დგომის მეტი აღარაფერი გვრჩება. ქართველები ყოველთვის სხვადასხვა გზას ვირჩევთ, როცა ამის საშუალება გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ სხვისი გავლილი და გაკეთებული არ გავიმეოროთ. არავის თავში არ მოსვლია ეთქვა, რომ როცა მშვიდობაა ქვეყანაში და თავზე არავინ გვაცლის სარატოვის ქარხანაში სპეციალურად ქართველების სახელზე დამზადებულ ბომბებს, მაშინ არასოდეს ერთად არა ვართ. ერთად ბრძოლა შეგვიძლია მხოლოდ მაშინ როცა ყოფნა არყოფნის საკითხი წყდება. ვერაფრით ვერ გავერთიანებულვართ მაშინ, როცა ყოფნასა და კარგად ყოფნას შორისაა ასარჩევი. დროშის ტრიალი კარგად ვიცით, დანისაც, ენის – ამათზე კიდე უკეთესად და როცა საქმე ტვინის ტრიალზე მიდის, რატომღაც სულ სხვადასვა მხარეს ვატრიალებთ ხოლმე. ამ ბოლო დროს კი ჩემ ქვეყანას უცნაური რამ შევატყე. თურმე ისე შეგვიყვარდა ეს ოხერი დემოკრატია, რომ მისი სახელით ჩადენილ ყველანაირ სისასტიკეს მივესალმებით. თუ საქართველოში ცხოვრობ და მთავრობამ ბიზნესი, სახლი, მანქანა, ცოლი ან სიცოცხლე წაგართვა, იცოდე, რომ ეს დემოკრატიისთვის იყო საჭირო, გახსოვდეს, რომ შენ არაფერი ხარ როცა საქმე დემოკრატიას შეეხება და ისიც არ დაგავიწყდეს, რომ თუ დღეს გვერდებში ხელჯოხი მოგხვდა, ეს შენივე სიკეთისათვის გაკეთდა, რათა ეს ხელჯოხი ხვალ არ მოგხვედროდა! როგორც ჩანს საბჭოთა კავშირი ის საშინელი სახადია, რომელის კვალიც ადამიანს და ქვეყანას სიკვდილამდე მიყვება. საბჭოეთში ვიცოდით, რომ ვისაც ხვდებოდა მართალი საქმისთვის ხვდებოდა, მარა ხმის ამოღებას ვერ ვბედავდით, დღეს კი მრავალი ადამიანისთვის მართალი ისაა ვინც ურტყამს. და საერთოდ, ეს ურთიერთრტყმის პროცესი, საკმაოდ საინტერესო და ტევადია. დღეს არავის არავისთვის დაურტყამს, რამდენადაც ვიცი, მაგრამ ჯობდა დაერტყა და 3000 (თუ მეტი) დაღუპული ადამიანის გვერდით ზეიმი კი არ გაემართა. რას ვზეიმობთ, რომელ გამარჯვებას? იმას, რომ მიწები დავკარგეთ? რომ ქვეყანა ათასი მამაძაღლით აგვევსო? რომ ძმები და დები დაგვეხოცა? რომ ყველა სკოლა და საბავშვო ბაღი, ბავშვების მაგივრად ლტოლვილებს მასპინძლობს? რომ პრეზიდენტი იმდენად ეკონომიური და ადვილად შესანახი გვყავს, რომ შეუძლია მთელი თვე ჰალსტუხი წოვოს და არ მოშივდება? რომ ბორჯომში მალე მინერალური წყლის ნაცვალდ ნახშირი ამოვა? რომ ერთი კაციჭამია ქვეყანა ჩვენ მიწაზე დანადგარებს ამონტაჟებს რათა მეორე კაციჭამის თვითმფრინავები ჩამოუყაროს? კითხვას იმდენს დავსვამ რო, შენი მოწონებული, მარა პასუხს თუ მივიღებ რომელიმეზე, ეგაა მთელი ამბავი. ამიტომ რიტორიკული კითხვების დასმას მირჩევნია, რიტორიკული პასუხები გითხარათ და მათი მიგნებით თავი მოვიწონო.

მაშ ასე:

15 მიზეზი თუ რატომ არ გვაქვს საზეიმოდ საქმე:

1. 150 კაციან პარლამენტში 120 კაცი ერთ პარტიას ეკუთვნის და დანარჩენები კი საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის ძველ ოცნებას იხდენენ.
2. საგარეო საქმეთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრები პოლიტიკაში მხოლოდ იმიტო მოხვდნენ, რომ ავთო ცქვიტინიძემ დაიწუნა მოდელებად.
3. მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში არ ეშინია, მაშინაც კი, როცა დანარჩენი დედამიწა კანკალებს.
4. საქართველოში მართლმადიდებლური ღირებულებების მთავარი დამცველი და გუშაგი გიორგი თარგამაძეა.
5. ერთადერთი ტელევიზია სადაც განსხვავებული აზრი შეიძლება მოისმინო, უბნის ტელევიზია “კავკასიაა”.
6. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არჩევიდან ერთ საათში თანამდებობას ტოვებს, ხოლო ჩვენი პროფესიონალური გუნდები მეთევზეთა და ბუღალტერთა გუნდებთან აგებენ.
7. შუა თბილისში ჯერ კიდევ დგას სოციალისტური შრომის სამგზის გმირის, ვინმე შჩოლკინის თუ შჩელკინის ბიუსტი.
8. რუსების მიერ ჩამოყრილი რაკეტებიდან არეცერთი არ დაეცა გორის ცენტრში მდგარ სტალინის ძეგლს.
9. პრეზიდენტი სიღნაღსა და კიევს შორის მერყეობს, ხოლო საქართველოს ისტორია მისთვის ვარდების რევოლუციიდან იწყება.
10. უზრუნველყოფილ მოქალქეებს სჯერათ რომ დემოკრატია კარგ ხელფასს ნიშნავს.
11. კორპუსები ისე ახლოს შენდება ერთმანეთთან, რომ მალე საკაბელო ტელევიზია აღარ გახდება საჭირო.
12. ფეხბურთის ყურება მხოლოდ დიმა ობოლაძის კომენტარითაა შესაძლებელი (ნეტარ არიან ყრუნი ყურითა).
13. საცურაო აუზში თვიური აბონემენტი სამი მასწავლებლის თვიურ ხელფასს უდრის.
14. ამ ქვეყანაში საფლავებსაც კი ღობეებს უკეთებენ.
15. და ბოლოს მე ისევ უმუშევარი ვარ.

სიყვარულით

კოკოლოზა

No comments:

Post a Comment