რაღაცა 4 მოქმედებად.
მოქმედი პირნი:
ელდარი - ენერგიული ახალგაზრდა, გაჭირვებულთა შემწე
ქალბატონი მართა - ელდარის ახლობელი, ადამიანი დიდი სანაცნობო წრით
ქალბატონი მზია - კომპანია "მჟავე სამყაროს" წარმომადგენელი
ქალბატონი თამილა - დუქნის მეპატრონე
ნანი - ელდარის მეგობარი და თანამოაზრე
სოსო - ელდარის მეგობარი და თანამოაზრე
დაცვის ბიჭები
I მოქმედება
ქალბატონი მართას ოთახი. ტელეფონზე საუბრობენ ქლბატონი მართა და ქალბატონი მზია.
ქალბატონი მართა - გამარჯობა მზია, მართა ვარ, როგორ ხარ?
ქალბატონი მზია - უი მართუშკა შენა ხარ! ძლივს გიცანი, როგორა ხარ გოგო?
ქალბატონი მართა - არა მიშავს, ძველებურად. ხო იცი ოჯახი, ქმარი, შვილები... ეჰ!
ქალბატონი მზია - ხო გოგო მეც ეგრე ვარ, თან სამსახური და... მოკლედ ვწვალობთ რა.
მცირე პაუზა.
ქალბატონი მზია - რა ხდება შენსკენ, რა ამბებია?
ქალბატონი მართა - ხო გოგო, რაზე გირეკავ. ერთი ბიჭია ჩემი ბავშვების მეგობარია, ელდარი, ჰოდა მოკლედ ბავშვებს გადაუწყვეტიათ ვიღაც ობლებს დაეხმარონ და საახალწლო ნაძვის ხე მოუწყონ.
ქალბატონი მზია (ცალყბად) - დედა რა კარგია!
ქალბატონი მართა - თვითონ რაღაც ფული შეაგროვეს და ახლა კარდაკარ დადიან, იქნებ რამე საჩუქრებსაც მოუყარონ თავი. ეგრევე შენზე ვიფიქრე, შენ ხომ სადღაც კამფეტების ქარხანაში ხარ?
ქალბატონი მზია - კი ვარ, მარა...
ქალბატონი მართა - ბევრი არაფერი უნდათ, ცოტა კამფეტი რომ გაახერხო საჩუქრად, ძალიან კარგი იქნება.
მცირე პაუზა
ქალბატონი მზია - შეიძლება. მაინც რამდენი დაჭირდებათ?
ქალბატონი მართა - რავი რა უნდა დაჭირდეთ, რასაც მისცემთ ყველაფერზე მადლობელი იქნებიან.
ქალბატონი მზია - მოიცა, ხუთ წუთში დაგირეკავ, უფროსობასთან გავარკვევ.
15 წუთის შემდეგ
ქალბატონი მზია - ხო გოგო, ველაპარაკე უფროსს და კიო. უბრალოდ პატარა წერილით მოგვმართონო. რო ვართ ესა და ეს, ვაკეთებთ ამას და ამას და გვინდა ესა და ეს.
ქალბატონი მართა - დიდი მადლობა მზიკო, ვეტყვი და დღესვე მოიტანენ მაგ წერილს, ყოჩაღი ბავშვები არიან.
ქალბატონი მზია - კაი აბა მართუშკა, გავიქეცი, უამრავი საქმე მაყრია თავზე. მოკლედ ბავშვებს ხვალ ველოდები წერილით.
ქალბატონი მართა - დიდი მადლობა მზაი, აბა კარგად.
ქალბატონი მზია - კაი რის მადლობა, კარგად იყავი მართა. გურამი მომიკითხე.
ქალბატონი მართა - აუცილებლად. კარგად.
II მოქმედება
საახალწლო ნაძვის ხის დაწყებამდე 3 საათით ადრე. კომპანია "მჟავე სამყაროს" კარიბჭესთან. ელდარი და სოსო წერილით ხელში ტკბილეულის წასაღებად მოვიდნენ.
ელდარი - გამარჯობა, ჩვენ ქალბატონი მზიას ნახვა გვინდა.
დაცვის ბიჭი # 1 - გელოდებათ?
ელდარი - დიახ, იცის რომ უნდა მოვსულიყავით, წერილი გვაქვს გადასაცემი.
დაცვის ბიჭი # 1 - დატოვეთ და ჩვენ გადავცემთ.
ელდარი - არა, პირადად უნდა შევხვდეთ.
დაცვის ბიჭი # 1 - მოითმინეთ. (დაცვის ბიჭი # 2-ს) აი მზიას ნახვა უნდათ.
დაცვის ბიჭი # 2 - დაბარებული ხართ?
ელდარი - დიახ, გველოდება.
დაცვის ბიჭი # 2 ურეკავს მზიას და ტელეფონს ელდარს აძლევს.
ელდარი - (დაბნეულად) გამარჯობა ქალბატონო მზია. ჩვენ... გუშინ რომ დაგირეკათ მართამ... საქველმოქმედო აქციას ვაწყობთ ობოლი ბავშვებისათვის.
-
ელდარი - დიახ, ტკბილეულის წასაღებად მოვედით.
-
ელდარი - არა, ჩვენ მხოლოდ საინიციატივო ჯგუფი ვართ...
-
ელდარი - არა, ორგანიზაცია არ ვართ, უბრალო სამოქალაქო აქციაა.
-
ელდარი - დიახ, გასაგებია. კარგი, ერთ საათში მოვალ და მოვიტან. კარგად ბრძანდებოდეთ.
ელდარი (სოსოს) - ახლა გასული ვარ და ერთ საათში ვიქნებიო. თან ისე ვერ გაგატანთ ორგანიზაციის სახელით უნდა მოგვმართოთო. ბეჭედი და რამე.
სოსო - ეგენი გიჟები ხო არ არიან, საინიციატივო ჯგუფს საიდან ბეჭედი და რამე?!
ელდარი - არა უშავს, რამეს მოვახერხებ. ბიძაჩემს აქვს სააბაზანო ინვენტარის ფირმა და იმისი სახელით მივმართოთ. ეგ წერილი მოიტანეთ და ტკბილეულს უცებ გაგატანთო.
სოსო - კი მარა არ შეუძლიათ ერთი ყუთი კამფეტი ისე მოგვცენ? რა ამბავია ამდენი ფორმალობა. სად გავქვს მაგის თავიდან წერის დრო!
ელდარი - არა უშავს ამ წერილს ჩავასწორებთ და ეგაა. შენ წადი სხვა საქმეებს მიხედე, მე ამას მოვაგვარებ და ტკბილეულსაც შემოგაშველებთ.
ელდარი სოსოს ქალბატონი თამილას დუქანთან ტოვებს და თავად "მჟავე სამყაროში" გარბის.
III მოქმედება
ქალბატონი თამილას დუქანი. საახალწლო ნაძვის ხე ობოლი ბავშვებისათვის. სიცილი, მუსიკა, აურზაური.
ნანი - სადაა ელდარი ამდენ ხანს? დამთავრდება საღამო სადაცაა, კამფეტები კი ჯერაც არ მოუტანია.
სოსო - გზაში ვარო, დარეკა. სადაცაა იქნება.
ნანი - დროზე თორემ დარჩნენ ბავშვები ტკბილეულის გარეშე.
ქალბატონი თამილა - არა, ასეთი არაორგანიზებულობა არ გამიგია! რა არის ეს, ტკბილეული თქვენ არ გაქვთ, რაღაც ძველმოდურ მუსიკას უკრავთ და ლიმონათიც ვადაგასულს გავს. არ უნდა მომეცა საღამოს ჩემ დუქანში გამართვის უფლება!
სოსო - ამ ქალმა ხო ტვინი შეჭამა, არ შეიძლება ცოტა ხნით გაჩუმდეს!
ნანი - შენ ის უნდა გენახა წეღან რა დღეში ჩამაგდო. აი, ელდარიც მოვიდა.
სოსო (აფორიაქებული) - რა ქენი, სადაა კამფეტები.
ელდარი (განერვიულებული) - ჩათლახები არიან, არ გამომატანეს.
სოსო და ნანი - რატო რა ხდება?
ელდარი - მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გავაფორმოთ ისე ვერ გაგატანთო. მე ვუთხარი ბავშვები ახლა ელოდებიან მაგ ტკბილეულს, სანამ ჩვენ მაგას გავაფორმებთ საღამოც დამთავრდება და უკამფეტოდ წავლენ ობლები სახლშითქო. არაო, ისე ვერ გაგატანთო.
რა მექნა, ამოვიძუე კუდი და წამოვედი.
სოსო - ოხ მაგათი ...!!!
ნანი - უხ მაგათი...!!!
ქალბატონი თამილა - აი, ხომ გეუბნებოდით, ძალიან არაორგანიზებული ხალხი ხართ. ძალიან ბნელი საღამო გამოვიდა, ვინ უნდა ისიამოვნოს ამით?! მივქარე, რომ ჩემი დუქანი დაგითმეთ. მილიონი საღამო მოწყობილა აქ, მარა ასეთი უვარგისი არაფერი მინახავს. ასე არ შეიძლება ნაძვის ხის ზეიმის მოწყობა, თქვენ არ იცით...
სოსო - ჩასჩარეთ ამ ქლას პირში რამე და გააჩუმეთ.
IV მოქმედება
საღამო დამტავრდა, ბავშვები მიუსაფართა სახლში დაბრუნდნენ. მისავათებული ელდარი, სოსო, ნანი და მათი მეგობრები ჩუმად ალაგებენ ქალბატონი თამილას დუქანს.
ქალბატონი თამილა - ვინ მიზღავს ახლა იმ დაკარგულ ყანწს. რა უყურადღებო ხალხი ხართ! ამდენი ხართ და ვერც კი შეამჩნიეთ ისე გაქრა ყანწი კედლიდან.
ელდარი - დამშვიდდით ქალბატონო, თუ რამე დაიკარგა ჩვენ აგინაზღაურებთ. მაგაზე ნუ იდარდებთ.
ქალბატონი თამილა - არა, რად მინდა მე თქვენი მოტანილი! ჩემი ხელით მქონდა ის ყანწი ნაყიდი. რვა იყო და ახლა შვიდია. ვიღაცამ ცხვირწინ აგაცალათ, იმიტომ, რომ უყურადღებოები ხართ!
ნანი - კარგი რა ქალბატონო, რად უნდა მაგ თხის რქას მაგდენი ლაპარაკი, ხვალევე ახალს მოგიტანთ.
ქალბატონი თამილა - რას ქვია რად უნდა, თქვენ არ იცით ჩემი ქმარი რა დღეში ჩამაგდებს ამას რომ გაიგებს. არა ძალიან შემეშალა დუქანი რომ დაგითმეთ. თან რა უხარისხო საღამო იყო. მე ჯერ ასეთი არაფერი მინახავს...
ეშვება ფარდა. ფარდის უკნიდან კვლავ ისმის ქალბატონი თამილას ლანძღვა და სოსოს გმინვა:
ვინმემ გააჩუმეთ ეს ქალი, თორემ მე გავაჩუმებ!
დასასრული.
P.S.დღევანდელ მჟავე სამყაროში ყველაფერი მიღება-ჩაბარების აქტზეა დამოკიდებული. გაჭირვებაში მყოფს ხელს ისე ვერ გაუწვდი, თუ ბეჭედი, ბლანკი და ფაქსიმილია არ გაქვს მზად. ძნელია ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც სიკეთის დამადასტურებელი მოწმობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად სიკეთე.
თუმცა ახალი წელი მოდის და წუწუნი არ გვარგებს. ყველას ჯანმრთელობას, ხალისს და სიკეთის კეთების დაუოკებელ სურვილს გისურვებთ. ისეთი დროის დადგომას, როცა სიტყვას და განზრახვას ბეჭედზე და ბლანკზე დიდი ფასი ექნება. როცა ადამიანები ქვის სროლას გადაეჩვევიან.
მანამდე კი - ახალი წელი მოდის და მიღება-ჩაბარების აქტი გაამზადეთ, თორემ შეიძლება ისე არც მოვიდეს.
სიყვარულით
კოკოლოზა
No comments:
Post a Comment