Sunday, October 25, 2009

ამხანაგ ვარლამს


ვნერვიულობ! მინდა, გავიგო რა ხდება ამ, მართლაც, "წიხლხვედრ" ქვეყანაში და ვერ გამიგია. ასეთი რა ნიადაგი ან ჰაერია საქართველოში, რომ ერთს უკვდავებას ჩუქნის დანარჩენებს კი ნაადრევად აგვამებს.  

ქურდები ქურდობენ, ბოზები ბოზობენ, მკვლელები კლავენ... ა რაზვე ეტა ნარმალნა?!" - დასვი ერთხელ კითხვა. არა ჩემო ვარლამ - ნინარმალნა, მარა შენი არსებობაც რომ ნინარმალნა! არადა, არ გინდა სიკვდილი. ეგ რა არი, ისიც კი არ გინდა, რომ ცოტა ხნით ჩრდილში გადგე და სხვასაც აცალო მზეზე გათბობა. არ მიდიხარ ჩემო ვარლამ და აბა როგორ იქნება ნარმალნა.

რაც დავიბადე შენი ხსენება მესმის და შენი საგმირო საქმეებიც გარშემო დამტრიალებენ. ის კი არა, ჩემი მშობლებიც ასე დაიბადნენ და მათი მშობლებიც. მოგვიანებით კი მიხვდნენ, რომ ნინარმალნა, მაგრამვერარაფერს გახდნენ: ჯერ იარაღით გებრძოლეს - აჯობე, მერე ჭკუით - იქაც აჯობე, მერე ცოტანი რომ დარჩნენ - ირონიას მიმართეს და თითქოს რაღაც დაგაკლეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზეც აღმოგაჩნდა იმუნიტეტი და ისევ აქ ხარ.

ასეთი რა იცი, ვარლამ ჩემო, ჩვენ რომ ვერაფრით გვისწავლია?! ასეთი რა ნაკითხ-ნასწავლი ხარ, რომ შენი მჯობი ვერ გამოვზარდეთ ვერავინ?! ვერ გერევით ჩემო ვარლამ. არც ჭკუა გვყოფნის სამაგისოდ და არც ე.წ. ადამიანური რესურსები, არც ფული და არც ნებისყოფა. 

ვაღიარებ, მაგარი ხარ, ნიჭიერი და უკვდავი, ყველას გვაჯობე და ყველა დაგვაჩოქე. ვაღიარებ და მაინც გთხოვ - მოკვდი რა! მოკვდი და გეფიცები დაგმარხავ. ოღონდ შენ მოკვდი და იმ სიღრმე საფლავს გაგითხრი, ნავთობზე დაბლა აღმოჩნდე იქნება. ოღონდ ისე კი ნუ მოკვდები, რომ ვინმეს თავი მოაკვლევინო, ან თავად მოიკვდინო თავი და ისევ მოგვატყუო. ამას კარგი არაფერი მოაქვს, ასეთ შემთხვევებში მერე ისევ ცოცხლდები ხოლმე. იქნებ მოგეხერხებინა და ბუნებრივი სიკვდილით მომკვდარიყავი, აი ისე, რომ ბერდებიან და კვდებიან. მოკვდი რა! რა იცი, იქნებ გულიც დაგვწყდეს და გამოგიგლოვოთ კიდეც.

მოკვდი რა! შენ ოღონდ მოკვდი..!

სიყვარულით

კოკოლოზა

No comments:

Post a Comment