Thursday, October 8, 2009

ქართულ-ამერიკული ჰუმანიზმი

ენიმალ პლანეტს ვუყურებ ხშირად, განსაკუთრებით გველებზე მიყვარს გადაცემები. თუმცა, გველები იქით იყოს და ერთი ძალიან საგულისხმო რუბრიკა აქვს ამ არხს: "ცხოველების პოლიცია" ჰქვია. არა, ცხოველები არ არიან პოლიციელები და არც ცხოველებს იჭერენ. ძალოვანი სტრუქტურის ეს ნაწილი იმ უზნეო ადამიანების გამომჟღავნება-განეიტრალებაზე მუშაობს ვინც ჩვენ 4 (ან 2) ფეხა მეგობრებს ცუდად, არაჰუმანურად ექცევა.

მაგალითად შენ ხარ ერთი ხეპრე, უგულო და მახინჯი სულის (არა)ადამიანი. გყავს პირუტყვი - არც აჭმევ, არც ასმევ, დაბმული გყავს და გამხდარ გვერდებშიც უტყაპუნებ. ანაც ძალიანაც კარგი ხარ და არც უტყაპუნებ, უბრალოდ საშუალება არ გაქვს რომ რეგულარულად კარგი რაციონით კვებო და ცხოველსაც ნელნელა ნეკნები ეტყობა. ამის შესახებ იგებს შენი კულტურული, გულიანი და სულლამაზი მეზობელი, რეკავს ცხოველების პოლიციაში და ცოტა ხაში კარზე ფორმიანი ჰუმანისტი გიკაკუნებს. "კარი გააღეთ ეს მაიამის (ნიუ იორკის, ლოს ანჯელესის ან რომელიმე ა.შ.შ.-ს დიდი ქალაქის) ცხოველების პოლიციაა, თქვენ ეჭვმიტანილი ხართ ცხოველებთან სასტიკად მოპყრობაში, მიიღეთ გაფრთხილება!" - გესმის მბრძანებლური ხმა. რას იზამ? - უნდა მიიღო. თუ გაფრთხილება უკვე მიღებული გავქს, მაშინ ორდერი სიფათზე და ხელბორკილებით სასამართლოსაკენ ჰერი-ჰერი. იქ კიდე, ჰუმანისტი მოსამართლე რამდენს მოგცემს ღმერთმა იცის.

აქვე ჩნდება კითხვა: რა მოსდით მტარვალი პატრონისაგან გადარჩენილ პირუტყვებს? - ისინი სპეციალურ კლინიკაში მიჰყავთ და გულდასმით მკურნალობენ, შემდეგ კი მათთვის ახალი, ჰუმანისტი, პატრონის ძიებას იწყებენ. თუ იპოვნეს, საწყალ ოთხფეხებს (ანაც ორფეხებს) ნათელი მომავლის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ, თუ არა და იმ მიზეზით, აქაოდა ცხოველი ისეთი გაველურებულია, მისი სოციალიზაცია შეუძლებელიაო, წყნარ და უმტკივნეულო ევთნასიას უტარებენ (ევთანასია - უმტკივნეულო გზით ვინმეს ან რამეს მოკვდინება, სამუდამოდ დაძინება, სიცოცხლეს გამოსალმება, გაღმა გაყვანა, მიქელ-გაბრიელისთვის ჩაბარება და... ჯანდაბა...).

ალბათ, ერთხელ, ასე "გადარჩენილმა" პირუტყვმა ხმა რომ ამოიდგას და "გადამრჩენელს" შეჰბღავლოს: რად მკლავ შე ოხერო, რა დაგიშევე, ამისთვის გამოგლიჯე ჩემი თავი იმ ჩემ უღმერთო პატრონსო?! უკანასკნელი უპასუხებს: უტვინო! შენზე ვზრუნავ, გკლავ რომ ცუდად არ იცხოვროო.

ასე ესმით ა.შ.შ. - ს ცხოველების პოლიციაში ჰუმანიზმი და ზრუნვა. ასევე ესმით საქართველოს ადამიანების პოლიციაშიც.

სიყვარულით

კოკოლოზა

No comments:

Post a Comment