Wednesday, August 19, 2009

სიზმრის ახსნა


უცნაურია, მაგრამ საქორწილო აქსესუარების მაღაზიაში ვიყავი. ერთმა მეგობარმა (ვიცი, მაგრამ არ ვიტყვი რომელმა) ფული იშოვა და უცბად ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, მეც სიამოვნებით შევყევი, რა არი ამაში უცნაური?. მაგრამ, თითქოს ერთი არ კმაროდა და ახლა მეორე მეგობარმა შემოაღო მაღაზიის კარი (არც მის ვინაობს გავამხელ) საქორწილო ბეჭდების საყიდლად და საკმაოდ მახინჯი სამკაული შეიძინა, თან ძალიან ამაყობდა შენაძენით. და წამოვიდა და წამოვიდა... მეგობრები და ნაცნობები ერთმანეთის მიყოლებით შემოდიოდნენ მაღაზიაში, რათა დამდეგი ქორწილისათვის თადარიგი დაეჭირათ, თითქოს ყველა ქორწილით იყო შეპყრობილი.
უეცრად ქუჩაში სასტიკი ჩხუბი ატყდა, გარეთ გავიხედე და ნაცნობი სურათი დავინახე: ქართველი ჯეელები ერთმანეთს ცხვირ-პირს უჩეჩქვავდნენ და ძმათა სისხლს ღვრიდნენ. სასწრაფოდ გასაშველებლად გავიქეცი, ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ ქართველი ჯეელი ვარ. ჩვენ სხვანაირად არ შეგვიძლია, ჩხუბის დროს ან ერთ მხარეს უნდა ვიყოთ ან მეორე, ანაც შუაში და მეტი მოგვხვდეს. მოკლედ, გავვარდი გასაშველებლად, მაგრამ ვინ გაცალა! სად იყო და სად არა, უბანში აგრესიულობითა და სიავით ცნობილი, უზარმაზარი ქოფაქკი - რექსი, გამოჩნდა მოსახვევში. არეული მონასტერი წამში დაიცალა, ქუჩაზე მხოლოდ მე და რექსი დავრჩით პირისპირ. ჩემგან განსხვავებით, რექსმა ძალიან კარგად იცოდა, როგორც უნდა ემოქმედა მოცემულ მომენტში: დამდეგი მსხვერპლშეწირვით აღფრთოვანებულმა ერთი შეჰყეფა და გამოექანა.
აკი ვთქვი არ ვიცოდი რა მექნა მეთქი და დაბნეულობით ისეთი რამ გავაკეთე, რისი გაკეთებაც საშიანო პირობებში (ანუ ცხადში) არაა რეკომენდირებული. უცნაური გარემოებით ხელში აღმოჩენილი პერანგი წინ გავწიე და მატადორივით ავუფრიალე რექსს. როგორც ჩანს ეს უკანასკნელი, უძლეველობას და შემზარავობას მიჩვეული, მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა და ისე შეშინდა, რომ გზიდან გადაუხვია და გვერდზე მდგარ შენობას შეუყვა ვერტიკალურად, ასე - კედელ-კედელ. ცოტა ხანი კი ვადევნე თვალი ზეაღმავალ ძაღლს, მაგრამ სადღაც მე-6, მე-7 სართულის დონეზე რომ აღმოჩნდა, ნერვულმა სისტემამ ვეღარ გამიძლო და გამეღვიძა.
კი დავსვამდი ახლა კითხვას, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს მეთქი, მარა ხართ ვინმე პასუხის გამცემი?! არა და არც მე ვარ. ამიტომ იყოს ისე, როგორც არის, სუფთა, აუხსნელი და არაინტერპრეტირებული, ჩემი არაცნობიერის არაჯანსაღი (ან ძალიანც ჯანსაღი) პროდუქტი.

სიყვარულით
კოკოლოზა

1 comment:

  1. Hey,
    like your Blog, hope you will continue it.
    Do me a favor and visit my
    Blog
    Make me happy, click my ad =)

    ReplyDelete