Wednesday, July 22, 2009

ვილნიუსში


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ოთახში შევედი და, არც მეტი, არც ნაკლები, ტრაკი დავინახე. ეს ხომ შოკი იყო, მაგრამ ამაზე უფრო დიდი შოკი მაშინ მივიღე, როცა იმ ტრაკს სახეც მოყვა. არადა იქ არც ის ტრაკი უნდა ყოფილიყო და არც ის სახე. ერთი უწყიანრი პორტუგალიელის ნაცვლად, მის ლოგინში, შიშველი ჩინელი დამხვდა. ჰაიო, სადღაც ჰაერში დაიძახა, გადაბრუნდა და ისევ უკანალი მომიშვირა. ვაი მეთქი , ერთი ამომხდა და ფიქრს მივეცი თავი: წესით ამ ლოგინში პორტუგალიელ ჰერბერტოს უნდა ეძინოს, ახლა კი შიშველ ჩინელს ძინავს; ჰერბერტოს რამდენიმე დღის წინასწარ აქვს გადახდილი და ღამე მეგობრებისგან რომ დაბრუნდება და მაო ძედუნს აღმოაჩნეს თავის ლოგინში, ალბათ მისი ევროკავშირული გული ამ დარტყმას ვერ გადაიტანს და მოკვდება მეთქი. შემეცოდა ჰერბერტო, კაი ბიჭია არადა.
ჰოსტელის ადმინისტრატორის ბრალი არმოჩნდა ყველაფერი: ჰერბერტო წასული ეგონა და ჩინელი იმიტომაც შემოუშვა ჩვენ ოთახში. ადმინისტრატორს მკაცრი დირექტივა მივეცი გაფრთხილების გარეშე ჰერბერტო ოთახში არ შემოუშვა მეთქი და დასაძინებლად წავედი. ღამით ჰერბერტოც მოვიდა და რომ არა ჩემს მიერ მიღებული ზომები, ჩემ ოთახში, უსიამოვნო ევრაზიული კონტაქტი შედგებოდა.
მეორე დღეს ჩინელმაც გაიღვიძა და ხმაც გაგვცა. ჰონგ კონგიდან აღმოჩნდა, სახელიც ძალიან პატრიოტული ჰქონდა - ჰონგი ერქვა და საერთოდ, ძალიან სასიამოვნო პიროვნება იყო (ყოველ შემთხვევაში, პირველი შთაბეჭდილება გააქარწყლა).
ბევრი ვისაუბრეთ მე, ჰერბერტომ და ჰონგმა იმ საღამოს. პოლიტიკიდან დაწყებული ქალიშვილობის ინსტიტუტით დამთვარებული უამრავ თემას მოვედეთ და მეორე დილით მეგობრებად დავიშალეთ.

მორალი: ყველაფერი ცუდი არაა, რაც ტრაკიდან იწყება.

სიყვარულით
კოკოლოზა

Wednesday, July 15, 2009

სიბერე


ეს ლექსი 2005 წლის 16 ივლისს, ჩემ 23-ე დაბადების დღეზე დავწერე. არც დაბერებას ვგრძნობდი და არც უმწეობას, უბრალოდ, საქმე არ მქონდა და დავწერე. რამ მაიძულა და ეს თემა რად ავირჩიე, მაგაზე ფსიქოლოგებმა იმტვრიონ თავი, მე უბრალოდ აქ დავაგდებ (ეგდოს რა, პურსა მთხოვს თუ წყალს!), რათა გამვლელ -გამომვლელს ფეხებში წამოედოს.


ხვალ ჩემი დაბადების დღეა, არც დაბერებას ვგრძნობ და არც უმწეობას, უბრალოდ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ გამვლელ-გამომვლელს წამოვედო ფეხებში.


სიბერე

სამას სამოცი და კიდევ ოთხი
დღე გაქვს საჩუქრად, რომ იყო კარგად,
მეხუთე დღე კი იმისთვის დგება,
მორიგი წელი აგკიდოს ბარგად.

ბარგიც იზრდება, რაც უფრო მეტჯერ
გახდები სამას სამოცდა ხუთის
ამ ბარგს ინახავ, თუმც ერთ ლამაზ დღეს
შენც შესანახი გახდები ყუთის.

ტვირთის სიმძიმით მოიდრიკები,
კბილი, ჭამის დროს, ჩაგრჩება პურში
და ერთ დროს ლომგულს, შენივე კატა,
დაუძლურებულს ჩაგაჯვამს ყურში.

სიყვარყლით
კოკოლოზა

Monday, July 6, 2009

კიბე


ჩემი და 13 წლისაა, მე - 26-ის, ის მურადაა, მე - კოკოლოზა, ის თანამედროვე, ექსპერიმენტულ, შსს-ს დაკვირვების ქვეშ მყოფ სკოლაში სწავლობს, მე 90-იანების უშუშო სკოლა დავამთავრე, ის გაჭირვებულ, მაგრამ ქაღალდზე დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, მე - ქაღალდზე დალხენილ, მაგრამ კოლონიზირებულ საქართველოს სსრ-ში. მე ამ სისულელეებს ვწერ, მან კი, ამ ცოტა ხნის წინ ასეთი რამ დაწერა:

კიბე

საუკეთესო წლები, გართობა, თავგადასავლები... ბავშვობა... ოქროს კულულები, ფიქრიანი თვალები, პატარა ხელისგულებში ჩარგული ვარდისფერი სახე, პირველი საფეხური...გრძელი, გრძელი კიბე, ფერები... შავი და თეთრი ერთმანეთს ებრძვის. მათ შორის უამრავი ფერია... საოცარი პალიტრა, გაოცება, შიში...ცისარტტყელაში მიაბიჯებ, კიბეს მიუყვები, ხან გაუბედავი ნაბიჯებით, ხან - გაბედულად... საით მიემართება, სად მიყავართ? ზევით ავდივართ, თუ ქვევით ვეშვებით? ვისი ნებაა - ჩვენი თუ უფლის? კითხვები... უამრავი კითხვა...რამდენ კითხვაზე არ მაქვს პასუხი... რამდენი საფეხურია? რომელ საფეხურზე შეგვხვდება ის, ვინც გვეტყვის: მეც შენნაირი ვარ! რა იქნება ბოლო საფეხურზე? ალბათ მოგონებები, სევდა, მონატრება...შორიდან მოსული ცივი ქარი აზრებს მტვერივით ფანტავს ჰაერში... საით მივაბიჯებთ? დედამიწა მრგვალია... ალბათ, კიბის ბოლოს დასაწყისს შეუერთდება იქ, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს.

მარიამ მურადაშვილი (კიმ ბაუერი)

აი ეს დაწერა ჩემმა დამ, ჩემზე უფრო ჭკვიანმა და პერსპექტიულმა, ჩემზე უფრო მონდომებულმა და მიზანდასახულმა. მე კი პანჩურებს ვურტყამ ხოლმე...

პანჩურებს აუცილებლად გავაგრძელებ, ეგ ხელს არაფერს უშლის.

სიყვარულით

კოკოლოზა