Friday, June 19, 2009

ფორტეებზე ვჭრაჭუნობთ



დღეს ოპერაში ვიყავი ყანჩელის კონცერტზე. რა თქმა უნდა უბილეთოდ შევედი და ჩაცმულიც არაშესაბამისად ვიყავი. მიუხედავად ყოველივე ამისა, თავხედურად პარტერის ცენტრში დავიკავე ადგილი და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი, პათეტიკური, პროგრამის კითხვა დავიწყე. თან იმას ვფიქრობდი ამ კითხვაში რომ დამინახავენ იქნებ აგდება მოერიდოთ მეთქი, მაგრამ 21-ე საუკუნეში აღარავის აღარაფერი ერიდება, მით უმეტეს ბილეთიენბს უბილეთოების მოსროლა.

მართლაც, ცოტა ხანში, ორმა გაფურჩქვნის ასაკში მყოფმა, ქალბატონმა ზრდილობიანად დამითხოვა დაკავებული სავარძლიდან. ყანჩელისა რამე გაეგებათო ვერ იტყოდი, მაგრამ ბილეთი ნამდვილად ჰქონდათ. იქვე გადავჯექი გვერდითა რიგში და კვლავ ძველი ტაქტიკით გავაგრძელე პროგრამის კითხვა. არც ამან მიშველა - კვლავ გაფურჩქვნის ასაკში მყოფმა გოგონამ ამაგდო (ვერც მასზე იტყოდი, რომ ვიოლინოს  ჩელოსაგან განსხვავება შეეძლო, მაგრამ ბილეთი მასაც ჰქონდა). 

ავდექი და დაბნეული ავიტუზე შუა დარბაზში. ამ დროს (ღმერთიც გაახარებს) ძველმა კოლეგებმა მომაწვდინეს ხმა ერთერთი აივნიდან და თავისთანაც დამპატიჟეს.

სიამოვნებით ვეწვიე, მათაც ერთი ჭრაჭუნა სავარძელი მომაგებეს და კონცერტიც დაიწყო.

გაიტრუნა დარბაზი. ვისაც ყანჩელის ნაწარმოებები მოსმენილი აქვს, ეცოდინება თუ როგორ უყვარს ამ კაცს ჩუმი და წყნარი მუსიკა, აი ისეთი ბუზის გაფრენაც რომ ისმის მუსიკის პარალელურად. მე კიდე ისეთი ღრჭიალა სავარძელი შემხვდა მთელი კონცერტი ჰუსარივით გაჯგიმული ვიჯექი, რომ ხალხის რისხვა არ დამემსახურებინა. თან იშვიათ ფორტეებს ველოდებოდი რომ ოდნავ მაინც გავმოძრავებულიყავი, ცხვირის მოფხანისაც კი მეშინოდა. (არადა, ეს ოხერი, ერთი კოლოფი ტაოტი სულ ეყოფა მთელ ოპერას). ასე ჩაიარა მთელმა წარმოდგენამ: სულგანაბული ვუსმენდი და ფორტეებზე ვჭრაჭუნობდი.  

კონცერტის შემდეგ გარეთ გამოვედი და მაშინღა მივხვდი, რომ ადამიანებიც ასე ვართ:ცხოვრების დიდი ნაწილი ჩუმადა ვართ და მხოლოდ ფორტეებზე ვჭრაჭუნობთ.

ფორტე: (მუს.) ხმამაღლა, ძლიერად

სიყვარულით

კოკოლოზა

Thursday, June 18, 2009

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა


ჩემ ოთახში წვიმის წყალი ჩამოვიდა და ნოტიო გაჯის უაზრო სურნელი დგას. დგას და იდგეს, რას ვიზამ! სხვა რამ უფრო მაღელვებს - ოთახი, რომელშიც ვცხოვრობ, მძინავს და ამ სისულელეებს ვწერ, ხრუშჩოვის დროს აშენებული სახლის უნიჭო მიშენებას წარმოადგენს. ჯერ ხრუშჩოვკა რაა და ახლა მასზე მიშენებული სიმახინჯე. თუმცა, ერთია, როგორც ჩანს, ამ მიშენების ავტორი, (სულ მცირე - პრარაბი მაინც) საბჭოთა სისტემის დიდი მოძულე იყო და მისი შემოქმედებაც მსგავსი სულისკვეთებითაა განსმჭვალული. აღარ უნდა დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ მიშენებას კომუნისტურ შენობასთან ერთად ცხოვრება, ცდილობს გამოეყოს და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს დედამიწაზე, ან ეზოში მაინც. ამაში  რევოლუციურად განწყობილი ამინდიც ეხმარება და არ გამიკვირდება თუ ერთ მშვენიერ დილას, მეოთხე სართულის ნაცვლად, გარაჟების გვერდით გავიღვიძებ. თუმცა ამასაც არა უშავს, მთავრია საერთოდ გავიღვიძო.

ახლა ისევ წვიმს და ჩემი და ჩემი მიშენების გათავისუფლება კომუნიზმის მარწუხებიდან უფრო და უფრო რეალური ხდება. მერე როგორ ვიცხოვრებთ არ ვიცით, მაგრამ არც პირველნი ვიქნებით და არც უკანასკნელნი; რამეს მოვიფიქრებთ. ბოლო-ბოლო ეს ცხოვრება ხომ ასეა მოწყობილი - დიდი შენობები ინგრევიან და რჩებიან მხოლოდ მიშენებები.

მე რომ პოეტი ვიყო ალბათ ასე ვიტყოდი:

ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,

დატბორა არემარეო,

რა ჩემ ყ..დ მინდა სახლ-კარი,

თუ შიგ ვერ შევეფარეო!

მაგრამ მე  არ ვარ პოეტი, ამიტომ ასე ვიტყვი: გაუმარჯოს იმ წვიმას, რომელიც ადამაინსა და მიშენებას თავისუფლებას მოუტანს!

სიყვარულით

კოკოლოზა

Tuesday, June 2, 2009

ოაზისები


როდესაც თბილისში წვიმს, თბილისშივე, შარდენის ქუჩზე, დარია და ზღვის ნაზი სიო უბერავს, თან მოაქვს წყალმცენარეთა უჩვეულო სურნელი და ალბატროსების შორეული ხმაური.
ასეთია შარდენის ქუჩა. იქ არც ომის გმინვა აღწევს და არც უბედურთა კვნესა; მეტიც, თუ როგორმე იქმდე მიაღწიე, უსამართლობისაგან ყელში გაჩხერილი ბურთიც კი სადღაც ქრება და რჩება მხოლოდ კმაყოფილება, პირველ რიგში საკუთარი თავით.
შარდენზე ყველა ლამაზია, ყველა... მინდოდა მეთქვა ბრწყინავს მეთქი, მაგრამ არა - ყველა პრიალებს. თვით ყველაზე დაუვარცხნელიც კი დავარცხნილია, ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული - ყურადღების ცენტრშია, გაუნათლებელს ყველაზე მეტი სიტყვა ეთქმის და დამნაშავეს ყველაფერი ეპატიება. იმიტომ, რომ ეს შარდენია, სხვა სამყაროა, სხვა გაგება.
მოგიკლეს მეზობელი, ანაც ნათესავი? - წადი შარდენზე და დაგავიწყდება! დაინგრა ქვეყანა შენ თვალწინ? - მიბრძანდი და ნახავ, რომ არაფერიც არ დანგრეულა, ადგილზეა და მთელია.
ყველა იქაა, ყველა ვისაც გარეთ შეაგინებდი, ან სულაც მოკლავდი, მაგრამ შარდენზე სხვანაირები ჩანან, თითქოს რაღაც შარავანდედი ადგათ და დედამიწას ანათებენ თავის მაგიდებიდან. ვეღარ კლავ და ვერც კი აგინებ და ამაზე უარესი კიდევ ისაა, რომ ბურთიც კი აღარ გეჩხირება ყელში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ შარდენი ოაზისია ამ უდაბნოში. იქ ის არ ხდება რაც აქ და რაც აქ ხდება, იქმდე არ მიდის.
გავა დრო და ასეთი ოაზისები მრავლად გვექნება ქვეყანაში. რაც უფრო ახლო იქნებიან ისინი ერთმანეთთან, მით უკეთესად ვიცხოვრებთ. ვივლით ერთიდან მეორეში და შუალედებში თაველბზე ხელს ავიფარებთ და ყურებში საცობებს გავირჭობთ.
ოაზისების სიმრაველეზე ღმერთი იზრუნებს, მათ კეთილდღეობაზე - გარეთ დარჩენილი ხალხი, ხოლო ჩვენი სულებისათვის გიორგი თარგამაძე ილოცებს.

სიყვარულით

კოკოლოზა