Wednesday, July 28, 2010

სოფო


საიდან დავიწყო? ბოლოდან დავიწყებ. ბოლო კი აქაა და ახლა. მაშ დასაწყისი სადღაა?! – ისიც აქ არის...
ასე დავიწყებდი ნაწარმოებს დახვეწილი მექართულე და მგრძნობიარე ავტორი რომ ვიყო. მაგრამ არ ვარ ასეთი, მუშათა კლასის ერთი რიგითი წარმომადგენელი ვარ (თუმცა დანარჩენ პროლეტარებთან შეერთების არანაირი სურვილი არ გამაჩნია), რომელმაც არც ის იცის როგორ წეროს და არც ის – რა. ახლაც გავიჭედე და რით გავაგრძელო აღარ ვიცი, არა და მინდა გაგრძელება. ჩემი ინტელექტუალური ბაგაჟი ბერად ჩამორჩება ემოციურს და ალბათ ამიტომაცაა, რომ ვერაფერს ვერ ვწერ, გონება გრძნობას ვერ ეწევა.

და უცბად, ზეციური ნიშანივით, ვინმე სოფომ შემომთავაზა სკაიპში მეგობრობა. სოფოს უარი ვუთხარი მეგობრობაზე, მაგრამ კარგი თემა კი შემრჩა საფიქრად: ნეტა როგორია სოფო? და საერთოდ როგორები არიან ის სოფოები, რომლებსაც ვირტუალურად ვიცნობთ და ვმეგობრობთ მათთან? მგონი ერთნაირები უნდა იყვნენ. ყველა ერთმანეთის მსგავსი და ანალოგიური.

ძალიან იშვიათად ვუმეგობრდები ვირტუალურ სოფოებს, მაგრამ როდესაც ეს ხდება, ვცდილობ თითოეული სოფოსგან რაღაც განსაკუთრებული მივიღო და აღმოვაჩინო, თუმცა ეს არასოდეს გამომდის. სოფოებს არ სურთ იყონ განსაკუთრებულნი. მათ ურჩევნიათ იყონ სტანდარტული და ნაცადი, ვიდრე უცხო და ოდნავ უხერხული. მე კი სტანდარტულობა ჩემ უბადრუკ პროლეტარულ ცხოვრებაშიც მყოფნის.

და მაინც, ხომ ექნებოდა ამ სოფოს რაღაც განსაკუთრებული, კარგი და სასიამოვნო მხარე, რომელსაც აუცილებლად დამალავდა და მის სანაცვლოდ ნაცნობ ჭირს შემომთავაზებდა. იქნებ სოფოს მუსიკა უყვარს ისევე გიჟურად, როგორც მე. სახლში მისვლისთანავე ფორტეპიანოს თავს ახდის და დომენიკო სკარლატის იმ პატარა სონატას უკრავს, რომელზეც მეც ასე ვგიჟდები (თუმცა დაკვრა არ ვიცი). მაგრამ ამას ვერ მეტყვის იმიტომ, რომ სკაიპი სკარლატის და მისნაირ პიჟონებს ვერ იტანს.

ვერც იმას მეტყვის, რომ თევზაობაზე აფრენს, რომ უკვე ორი წელია სიონის ტბაზე ვეღარ წასულა შამაიაზე სათევზაოდ და ამას ძლიერ განიცდის. ვერ მეტყვის იმიტომ, რომ მეთევზე გოგოს სკაიპში რა უნდა!

ვერც იმაში გამომიტყდება, რომ მთელი ცხოვრება კრივზე უნდოდა სიარული, ან სულაც რომ ეკონომიურზე ძალით ჩააბარებინეს, სინამდვილეში მებაღეობა უნდოდა.

სოფო სიამოვნებით მომიყვება თუ სად ერთობა და რომ "ყველანაირ" მუსიკას უსმენს, ოღონდ ხასიათს გააჩნია. გამანდობს ბოლო წარუმატებელი ურთიერთობის უაზრო ნიუანსებს და იქვე აღნიშნავს, რომ შეიძლება ძველ შეყვარებულს მაინც შეურიგდეს (აი დარდი!). თავს გამომილაყებს იმაზე საუბრით, თუ სად დაისვენა ამ ზაფხულს, ან სად აპირებს. რა თქმა უნდა მომთხოვს სურათს, რომელსაც მე ცალყბად გავუგზავნი და საპასუხოდ მის სურათს რომ არ მოვითხოვ, თავად შემომთავაზებს საკუთარ პორტრეტს. მეც ზრდილობიანად დავეთანხმები და ვაკის პარკში ან კუს ტბაზე საგანგებოდ სკაიპისთვის გადადაღებულ შედევრს მივიღებ, რომელსაც თან მოყვება კომენტარი რომ ამ სურათში კარგად ვერ გამოვიდა და ცხოვრებაში სხვანაირია.

და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ სოფო არ მიხვდება, რომ იშვიათ კრეტინს წაააწყდა, რომელსაც არც მისი წინა შეყვარებული აინტერესებს, არც მომავალი, არც ფოტოები და, შენ წარმოიდგინე, არც სექსი მასთან.

ასე მიდის ჩემი ცხოვრებიდან მორიგი სოფო და სიცარიელეს ტოვებს კონტაქტების სიაში.

მე არ მინდა დედამიწა სოფოდ გადაიქცეს და იმ ერთ უბადრუკ კომპიუტერულ პროგრამაში ჩაეტიოს, რასაც სკაიპი ქვია.

პროლეტართან ერთად ძველმოდურიც ვარ ხო?! – ეგრეა. მერე რა, კიდევ უამრავი ნაკლი მაქვს, ჩემი ხიბლი ხომ ჩემ ნაკლოვანებებშია!



P.S. ამ სისულელის წერისას არც ერთი სოფო არ დაშავებულა.



სიყვარულით

კოკოლოზა

3 comments:

  1. მე არ მინდა დედამიწა სოფოდ გადაიქცეს და იმ ერთ უბადრუკ კომპიუტერულ პროგრამაში ჩაეტიოს, რასაც სკაიპი ქვია.
    არც მე...
    და იგივეს ვიტყოდი ბიჭებზე... ნაცნობი სიტუაციაა...
    და ერთხელაც თუ გადავწყვეტ და შევქმნი ბლოგს, პოსტს მივუძღვნი, მათ ვისაც IM, facebook, skype ... გაცნობის სერვისი ჰგონია ;)
    პ.ს. კარგად წერ :)
    da es komentaris funqcia momklavs me... :(

    ReplyDelete
  2. ლოლ
    დამიმატე რა სკაიპში :პ

    ReplyDelete
  3. სიამოვნებით დაგამატებ, თევზაობა თუ გიყვარს, სოფო.

    ReplyDelete