ვგრძნობ, რომ ნელნელა იდიოტ რადიკალად ვყალიბდები. ვგრძნობ, მაგრამ საწინააღმდეგოს ვერაფერს ვაკეთებ და ისღა დამრჩენია მოწმის სახით ვადევნო თვალი საკუთარ გაიდიოტებ–გარადიკალების პროცესს.
თვალს ვადევნებ და ვცდილობ მიზეზები ვიპოვნო. ის შინაგანი და გარე მიზეზები, რომლებმაც ჩემი გარადიკალება გარდაუვალი გახადეს. ნეტა მქონდა თუ არა შანსი, რომ სხვანაირი ვყოფილიყავი? მაგალითად უფრო მომთმენი, ან ნეიტრალური, ან სულაც ინდიფერენტული? – ალბათ არა.
რატომ მგონია ჩემი თავი იდიოტი რადიკალი? ძნელი ასახსნელია. ალბათ იმიტომ, რომ ვეღარ ვუყურებ იმ სამ ტელევიზიას, რომელიც ქართული ტელემედიის მედროშეებად ითვლებიან (1 არხი, რუსთავი 2, იმედი); თვით იმ გადაცემებსაც კი, რომლებიც უწყინრად და აპოლიტიკურად გამოიყურებიან (სერიალი "შუა ქალაქი", "ვის უნდა რამდენიღაცა ათასი?", "ვა ბანკი" და სხვ.). დასანახადაც კი მეზიზღება ყველა რანგისა და თანამდებობის "ჩინოვნიკი", არ მახარებენ ალაგ–ალაგ გაყვანილ–დაგებული ახალი გზები და ხიდები, არ დავდივარ სამთავრობო სტრუქტურების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, (თვით ყველაზე სასურველზეც კი), არ ვიღებ "მეხოტბე" ხელოვანთა შემოქმედებას და საერთოდ, ვემიჯნები ყველაფერს, რაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უკავშირდება (ან მე ვუკავშირებ საკუთარი ინიციატივით). და ვინ ვარ მე ამის შემდეგ თუ არა იდიოტი რადიკალი?
როდესაც ვფიქრობ აქამდე რამ მიმიყვანა და როდის დაიწყო ყველაფერი ეს თავში მხოლოდ ერთი თარიღი მომდის: 2007 წლის 7 ნოემბერი. იმ ერთმა დღემ ჩემში იმდენი რამ შეცვალა, რასაც ისე წლები დასჭირდებოდა. შეიძლება ძალიან მძაფრად განვიცადე (არადა არ მომხვედრია), მაგრამ შეგრძნება მქონდა, რომ ქართველ ხალხსათვის ასთი შეურაცხყოფა არასოდეს მიუყენებიათ და ამაყი ერი ამას არ მოითმენდა.
ერმა კი ყველაფერი დამჯერი სახედარივით აიტანა და უფრო დამჯერი გახდა, ძველი ღირებულებების გადახედვას ისევ ნაჩვევი როზგი არჩია და მროზგავი კიდევ უფრო შეიყვარა.
სწორედ ამას ვეღარ დავეთანხმე, ვერც შინაგანად და ვერც ხალხის დასანახად. ჩავთვალე, რომ თუ ცხოვრებას ჩვეულებრივ გავაგრძელებდი და იმ დღეს რიგითი დღეების სიაში ჩავწერდი, მეც მისი მონაწილე გავხდებოდი (მოძალადეთა მხრიდან). არა, იარაიღი არ ამიღია, აბა ჩემგან რა მოიარაღე დადგება, მაგრამ შეგუება მაინც არ მინდოდა.
მას შემდეგ 3 წელი გავიდა და იმდენი 7 ნოემბერი დაემატა პირველს, რომ შეგვიძლია სპეციალური საშვიდნოემბრო კალენდარიც გამოვუშვათ.
ყოველი მორიგი 7 ნოემბერი (რომელიც ხან 15 ივნისსაა, ხან 6 მაისს, ხამ 13 მარტს, ხან როდის და ხან როდის) ნელნელა ჩემ დაშორებას იწვევდა ამ საზოგადოებისგან, რომელიც ალბათ იმდენ 7 ნოემბერს შეეგუება, რამდენსაც მას მოუწყობენ.
ასე ვხდები ნელ–ნელა რადიკალი და რადგანაც უარს ყველაფერ იმაზე ვამბობ, რაც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, შიგადაშიგ იდიოტის იერსაც შევიძენ ხოლმე. მაგრამ მე მზად ვარ ამისათვის, არც მეშინია და არც მერიდება. ბოლო–ბოლო იდიოტს აბა რა უნდა მოკითხო, წეროს და ილაქლაქოს რამდენიც უნდა.
მე მხოლოდ ის არ მესმის: რატომ არის "ტელეიმედი" ცუდი მხოლოდ 13 მარტს და რატომ განკარგდება სხვა დღეებში? როგორ შეიძლება პატივი სცე "ჩინოვნიკს", რომელიც მეორე ჩინოვნიკისაგან არაფრით გამოირჩევა და ორივე მზად არიან პორტფელიან უსულო ხორცის ნაჭრებად გაატარონ მთელი სიცოცხლე? როგორ უნდა გამეხარდეს ახალი გზა და ხიდი, როდესაც ვიცი, რომ მათი აშენება ვიღაცის (თუმცა არა ვიღაცის, არამედ ჩემი თანამოქალაქის) მშივრად დარჩენის ხარჯზე მოხერხდა? როგორ უნდა ვისიამოვნო კონცერტით რომელსაც 7 ნოემბრის ავტორები მთავაზობენ და მიზნად შემდეგი 7 ნოემბრისათვის ჩემ შემზადებას ისახავს? როგორ უნდა მივიღო ხელოვანი, რომელიც სიკეთეს ქადაგებს და ბოროტებას კი ადვოკატირებს; უბედურებაზე თვალებს მახუჭვინებს და ცდილობს თავის ბრწყინვალებით ცხოვრების სიამენი დამანახოს? და ბოლოს – როგორ შემიძლია არ ვიყო იდიოტი რადიკალი?!
სიყვარულით
კოკოლოზა
No comments:
Post a Comment