მიდიხარ ქუჩაში და ფიქრობ: ვაიმე, რა მიყვარს ნეტა, ჰა? რა ჯანდაბამ დამავიწყა!.. რა მიყვარს, ეს ოხერი?!. არადა ხომ მიყვარს რაღაც?! და, როცა იმედის უკანასკნელი წვეთიც იწურება და გახსენების ყველა შანსს კარგავ, მხსნელი გევლინება: შენობაზე მიკრული, უშველებელი, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი, პლაკატი-მეგობარი, წარწერით "მე მიყვარს თბილისი". და, ჰოი საოცრებავ! - მეხსიერებაში ნელნელა, მაგრამ ინტესიურად ტივტივდება მივიწყებული გრძნობა. მე ხომ თბილისი მიყვარს, რამ დამავიწყა ასე უღმერთოდ! - საყვედურობ საკუთარ თავს. და უცებ ნათდება - პირველივე ბუჩქის დანახვისას გახსენდება, რომ პატრიოტი ხარ, ფანჯრიდან გადმოყრილი ნაგვის თავზე დაცემისას გაგონდება, რომ უბანი გაქვს დასაგველი. მერე რესტორანში მიდიხარ გამონათების აღსანიშნავად და ამჩნევ, რომ გზა რესტორნისკენ, აგერ უკვე რა ხანია განათებულია, ეს გახარებს და გალაღებს. მერე, პირველივე შელაპარაკებისას, გახსენდება, რომ ქურდული სამყაროც დამარცხებულია და ამას, საერთოდ, მეცხრე ცაზე აჰყავხარ.
ზიხარ მეცხრე ცაზე და მშობლური ალერსით დაჰურებ შენ საყვარელ თბილისს. კიდევ კარგი დროზე შემახსენა პლაკატ-მეგობარმა, რომ თბილისი მიყვარს, თორემ ხომ გავატარებდი მთელ ცხოვრებას უმეცრებაში. ხარ ბედნიერი, ნეტარი და არაამქვეყნიური, და ხვდები, რომ პასუხი კითხვაზე, თუ რაში იხარჯება სახელმწიფო ფული, მარტივზე მარტივია - ადამიანების გამოფხიზლებაში.
და ამ დროს, რამდენიმე ცით დაბლა, ხედავ კოკოლოზას. აღელვებულს, დაბნეულს და ღვარძლით აღსავსეს, რომელიც, მართალია არა ბოლო ხმაზე, მაგრამ მაინც რაღაცას ყვირის. თავიდან არც გინდა ყურადღება მიაქციო ჰარმონიის დამრღვევ უბადრუკ არსებას, მაგრამ ბოლოს მაინც ინტერესდები და ყურს უგდებ.
არ მინდა ბუჩქებში გაზრდილი პატრიოტიზმი, არც უბნის მეეზოვეობას ვაპირებ და ეს რესტორანიც მოაშორეთ, თავისი განათებული მისასვლელით. არც დამარცხებული ქურდების ჰალსტუხებს შევეგუები და საერთოდ, მე მეზიზღება თქვენი თბილისი, გაიგეთ? მე მე ზიზ ღე ბა თბილისი - ისმის რომელიღაცა ქვედა ციდან.
სიყვარულით
კოკოლოზა
No comments:
Post a Comment