Wednesday, September 9, 2009

ჯაზი


არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე კარგ გოგოსთან კამათის შემდეგ მშვიდი ჯაზის მოსმენა. წევხარ შენთვის და სამყარო შენი გგონია. იცი რატომ? - იმიტომ, რომ რაღაცა დროის მანძილზე ქალის გაგონებაც არ გინდა, ხოლო როცა კაცი ქალზე არ ფიქრს ახერხებს, მუსიკაც უკეთ ესმის და საგნებსაც რეალურ ფერებში აღიქვამს.
ჰოდა, წევხარ და სიმსუბუქეს გრძნობ. მარტო შენ და ჯაზი ხართ, "ისიც" არის, ოღონდ სადღაც სხვაგან, თუნდაც გვერდზე ოთახში, მაგრამ არა აქ. წევხარ და გეღიმება, რომ "ის" სულელია, მერე იმასაც ხვდები, რომ შენც სულელი ხარ და კიდევ უფრო მეტად გეღიმება. ჯაზი კი ყველაფერში გეთნხმება, ჯაზი ჯიგარია.
მერე კი "ის" ნელნელა ბრუნდება და მყუდროებას არღვევს. თავიდან შენ და ჯაზი ერთდ ებრძვით, შემდეგ შენ ნებდები, ჯაზს მარტო ტოვებ ბრძოლაში და ისიც მარცხდება.
და მერე ჯაზია სხვა ოთახში, შენ და ის კი ერთად - აქ.
არ ვიცი, რომელი ჯობია, იქნებ ორივე კარგია ან არცერთი ვარგა, მაგრამ მე ორივე მჭირდება, რომ თავი ადამიანად ვიგრძნო და არა, სამზარეულოსა და ტუალეტს შორის მიმოქცევად, ბანჯგვლიან არსებად.
ჩემნაირებო ყველა ქვეყნისა - შეერთება არ გაბედოთ.

სიყვარულით
კოკოლოზა

No comments:

Post a Comment