ლიტვაში ვიყავი. უცნაური გრძნობით ვიმოგზაურე: თითქოს აქედან გავემგზავრე, იქიდან კი - ჩამოვეთრიე. ფიზიკურად არც ერთი გზა არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ აი განწყობა, სულ სხვადასხვა იყო. განა იმიტომ, რომ იქ ძალიან კარგად ვიყავი და აქ ძალიან ცუდად ვარ, ან ჩამოსვლა არ მინდოდა, ანაც იქ რამე მაკავებდა, უბრალოდ რეალობასთან (მით უმეტეს ასეთთან) დაბრუნება ჩამოთრევის ტოლფასია ყოველთვის.
ჩამოვეთრიე და ახლა ვფიქრობ, როგორ გავაგრძელო უბადრუკი ცხოვრება: წესიერი მოქალაქე გავხდე, რომელსაც ღმერთისა და მაღალი ხელფასის სწამს, უწესო მოქალაქე, რომელსაც ღმერთისა და ქრთამის სწამს, თუ მთავრობათმოძულე მეოცნებედ დავრჩე, რომელიც არც ეკლესიაში დადის, არც ხელფასი აქვს (მაღალზე, რომ არაფერი ვთქვათ) და, მით უმეტეს, ქრთამს არავინ აძლევს?
რთული არჩევანია: პირველი მოსაწყენია, მეორე - უნამუსო, მესამე - უფულო. ამიტომაც დავღონებულვარ და ამიტომაც ჩამოვეთრიე და არა ჩამოვბრძანდი, ანაც ჩამოვედი.
დავდივარ ასე, ჩამოთრეული და მეოთხე გამოსავალს ვეძებ, რომელიც ყოველთვის ბოლო მომეტში მისხლტება ხელიდან. არადა როგორ მწამს მისი არსებობის, როგორ დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც გადავეყრები! მთავარია, როცა შევხვდებით ორივე ისე არ ვიყოთ დაბერებული, რომ ერთმანეთი ვერ ვიცნოთ, ანაც ვიცნოთ, მაგრამ ვერ გავიხსენოთ რატომ ვეძებდით ერთმანეთს.
რთულია ცხოვრებაო - ერთხელ მითქვამს, წლინახევრის ასაკში, და მას მერე ეს ოხერი ცხოვრება ვერაფრით გავამარტივე, იმასაც კი ვერ ვახერხებ, რომ სადმე გავემგზავრო და უკან გამოვემგზავრო, ჩამოთრევა მიწევს.
სიყვარულით
კოკოლოზა