Thursday, March 26, 2015

გარითმული წუწუნი


ლექსებს არ ვწერ. არც ხშირად, არც იშვიათად, არც შიგადაშიგ - საერთოდ არ ვწერ. ბავშვობაში ვმამაძაღლობდი და მეგობრებზე სახუმარო სტრიქონებს ვიგონებდი ხოლმე, ახლა კი ამასაც შევეშვი. შეიძლება მეგობრები აღარ იმსახურებენ მიძღვნას, ან მე აღარ მეხუმრება. ლექსებს არათუ არ ვწერ, უკვე რამდენი წელიწადია მათი დაწერის აზრი თავშიც არ გამივლია. ვიდრე ამ დილამდე, როცა ჩემს დაბალანაზღაურებად და საკმაოდ დატვირთულ სამსახურში მივედი და მივხვდი, რომ მუშაობის დაწყება არაფრს დედებით არ შემეძლო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანისთვის გათენდა და ამ დილის რუტინული მუშაობით გაფუჭება არ იქნებოდა. ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი, რომ აგერ უკვე რამდენი ხანია ყოველი დღე ასე იწყება. თავიდან შთაგონების ყრუ მოძახილი მოდის, რომელიც რაღაც კარგში განხორციელებას ითხოვს, მაგრამ სად არის! საქმე არ იცდის! ნაშუადღევს უკვე ყველაფერი კარგადაა, არათუ მოძახილი აღარ მაწუხებს, მასზე ფიქრიც კი მეზარება და უპრეტენზიოდ ვასრულებ რუტინულ საქმეს. მერე სახლში მივდივარ და თავს თითქმის ვალმოხდილად ვგრძნობგარითმს. და ასე ყოველ დღე. თითქმის ყოველ დღე მაინც.
ამ ყველაფერს რომ მივხვდი, ეს ლექსი დავწერე. არც სახელი აქვს, არც დიდი მხატვრული ღირებულება, შიეძლება ითქვას, რომ ლექსი კი არა გარითმული წუწუნია, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს. ალბათ იმიტომ, რომ მოკლედ და თითქმის ზუსტად გამოსცემს ჩემს დილის გულისთქმას. დარწმუნებული ვარ საღამოს ამას ვერ დავწერდი. თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს! ესაა და ეს.   

ყოველ დილით ვიღვიძებ და ვებრძვი სულელ ზმანებებს,
უკეთესზე ვფიქრობ, მაგრამ ცუდი თავს არ მანებებს,
ვგრძნობ, რომ ეს დღეც უნდა ჩადგეს რიგში მსგავსი დღეების
და ღამამდე შევნატროდე კენწეროებს ხეების.
ვიცი, ვიღაც სადღაც წვალობს და ჩემს იღბალს შესტირის,
მე კი, შტერი, უმადური, ვნატრობ სტროფებს შექსპირის.
მერე დილას ყავლი გასდის, დრო საქმეში ეფლობა
და მეც გულში მეპარება ჩუმი შემგუებლობა.

სიყვარულით
კოკოლოზა

No comments:

Post a Comment