Monday, December 28, 2015

ჯეკი ჩანი - ფემინისტის დაბადება

ბავშვობის მოგონებებიდან თუკი რამე ტკბილად მახსენდება, ერთერთი ნატოს ვიდეოა. ნატო ჩემი მეზობელი, თანატოლი და უახლოესი მეგობარი იყო, რომელსაც სხვა ღირსებებთან ერთად ვიდეოც ჰქონდა. ავიდოდი ხოლმე ნატოსთან ერთი სართულით ზემოთ და ჩავუსხდებოდით მილიონჯერ გადაღეჭილ კასეტებს. განსაკუთრებით ერთი გვიყვარდა: პირეველი ფილმი რაღაც "ბაევიკი" იყო მაიკლ დუდიკოფის მონაწილეობით (ოღონდ არა "ამერიკანსკი ნინძა"), მეორე კი ჩემ ბავშვობის მარგალიტი, გარდასულ წელთა შუქურა "დასპეხი ბოგა" ("ღმერთის საჭურველი" ვერაფრით გამოხატავს იმ უთბილეს გრძნობებს, რომლებიც ამ სურათისადმი გამაჩნია).
ჯეკი ჩანი უბრალოდ შეუდარებელია ამ ფილმში. ველურებთან გასაუბრება, მთის ფერდობიდან სრიალით დაშვება, მინი მანქანით გაძრომ-გამოძრომა, ბერების ცემა-ტყეპა და ბოლოს დაუვიწყარი ნახტომი კლდის ქიმიდან პირდაპირ საჰაერო ბუშტზე. არა, ასეთი ფილმები არასოდეს ფერმკრთალდებიან. ყოველ შემთხვევაში არა მათთვის, ვისაც ნახვის ბედნიერება ბავშვობაში ჰქონდა.
კი მაგრამ ქალებთან ჩხუბიო! - იტყვის შეშფოთებული მცოდნე და მართალიც იქნება. დაუვიწყარი მომენტების ჩამოთვლისას ეს სცენა სპეციალურად გამოვტოვე იმიტომ, რომ ამ პოსტის მთავარ თემას წარმოადგენს.
მოდი გავიხსენოთ რა ხდება. ჯეკი ჩანი კლდის სიღრმეში განლაგებულ მონასტერში მიდის, რათა გათახსირებულ ბერებს დატყვევებული მეგობრები და ღმერთის საჭურველი წაართვას, ცხადია საამისოდ მთელ ორდენს გაასილაქებს და ისაა თავი სამშვიდობოს უნდა დაიგულოს, რომ მის წინააღმდეგ ოთხი გავეშებული ქალბატონი გაილაშქრებს. ჯეკი, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, რა თქმა უნდა, ქალისთვის ხელის დარტყმას არ კადრულობს და გვარიანადაც ხვდება გვერდებში მანდილოსნების წვეტიანი ქუსლები. მოკლედ ცუდად მისდის საქმე ამ ჩვენ გმირს, რომელმაც ცოტა ხნის წინ 20-მდე ანაფორიანი მუტრუკი ისე გალახა, რჯული შეურყია. და სწორედ ამ დროს იწყება გაცისკროვნება დალილავებული ჯეკის გონებაში. გმირი ფიქრობს: "ქალზე ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ოთხი ქალი შენზე ძალადობს? განა შეიძლება თავდაცვის მიზნით ოთხი კარგად გაწვრთნილი ბესტიისთვის ჭკუის სწავლება ძალადობად ჩაითვალოს? და განა სექსიზმი არ იქნება მხოლოდ იმ მიზეზით გავალახინო თავი, რომ ქალები არიან?! გენდერის საკითხებში ძლიერი არ ვარ - გაუნათდა გონება ჭაბუკს - მაგრამ, ვფიქრობ, ამ ოთხი ქალის არცემა ისეთივე დანაშაულია, როგორიც ერთი ქალის ცემა". ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჯეკი მიხვდა, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.
სწორედ ასე დაიბადა ახალი გმირი. ფემინიზმს ნაზიარები, გენდერის სიღრმეებშეცნობილი. სწორედ ისე, როგორც ალუდა ქეთელაური, როდესაც მუცალმა თოფი გადაუგდო.
და მისდგა... იმდენი ურახუნა, სულ მენჯებიდან ამოყარა საძაგელი არსებები და სიკეთეს გაამარჯვებინა: მეგობრებიც გადაარჩინა და საჭურველიც დაუბრუნა კაცობრიობას.
ქართველ ფემინისტებს კი ჰგონიათ, რომ თანასწორობა მხოლოდ ქორთიარდ მარიოტში შეკრებით და ჰოლანდიურიდან ნათარგმნი უნიჭო ენჯეო ბუკლეტებით მკვიდრდება.

სიყვარულით
კოკოლოზა

Friday, May 15, 2015

რატომ არ წვანან მაგარი ნაშები ბალახში


რა ჯობია ბალახში წამოგორებულ გოგოს. კუბოკრული გადასაფარებელი რომ აქვს მწვანეზე დაფენილი და ზედ თავმომწონედ მწოლიარე მზეს ეფიცხება. ზოგეჯ წიგნს კითხულობს, უფრო ხშირად კი უბრალოდ, უმიზნოდ ატარებს თავსუფალ დროს. ჩავუვლი ხოლმე გვერდით და საოცრად მომწონს. რა მომწონს თავადაც არ ვიცი, მაგრამ თვალის მოწყვეტა კი მიჭირს. ალბათ ის თავისუფლება, მიზიდავს, რომელიც ამ სურათიდან გამოსჭვივის; უდარდელობა, სიხალასე, სიმშვიდე, სიჯანსაღე - ყველაფერს ერთად ვხედავ და გული მწყდება რომ გარშემო ამ ყველაფრის საშინელი დეფიციტია.
გოგოსთან ახლოს მისვლა არ შეიძლება. არც იფიქრო! დიდი შანსია შენმა მუზამ ერთბაშად დაგინგრიოს ყველა კოშკი და თავისფულებაც, უდარდელობაც და სიჯანსაღეც ძმრად ამოგდინოს. არ შეიძლება ინსტინქტების ჭკუაზე გავლა და ამ საოცნებო სურათის რეალობით დანგრევა. იყოს, როგორიც არის - შორი, უცნობი და თავისუფალი. ჩაუარე გვერდით და თუ გინდა თვალი მიღებულზე მეტი ხნით გაუშტერე, ამოიხვნეშ-ამოიკვნესე, ბოლო-ბოლო ნერწყვი გადაყლაპე, მაგრამ მიახლოება და დალაპარკება თავშიც არ გაივლო. ეს შენთვისვეა უკეთესი.
დაახლოებით ასეთი ფიქრებით ჩავუარე ამას წინათ მორიგ არსებას და გონება უცნაურმა აზრმა შემიზანზარა: ბალახზე წამოგორებული გოგო მრავლად მინახავს. ზოგი გამხდარი იყო, ზოგი მსუქანი, ზოგი უშნო, ზოგი ლამაზი, საინტერესო, უინტერესო, ფერადი, შავ-თეთრი, მაგრამ არასოდეს გადავყრივარ სიმწვანეში წამოწოლ მაგარ ნაშას.
ნუთუ მაგარი ნაშები ბალახს, როგორც ღირებულებას, საერთოდ არ აღიარებენ? - გავიფიქრე მე - იქნებ ბალახზე წამოგორება ტიტულის ჩამორთმევის ტოლფასია და ამით მაგარი ნაშა ჩვეულებრივ გოგოდ იქცევა? იქნებ მაგარი ნაშობა იმდენად დიდი ტვირთია, რომ ბალახში გაგორების დროსა და საშუალებასაც აღარ ტოვებს! შეიძლება მაგარი ნაშის სამოქმედო არეალი იმდენად შეზღუდულია, რომ მასში ბალახი ვერასგზით ვერ ხვდება. სხედან მაგარი ნაშები პიკანტურ კაფეებში, გასცქერიან ხასხასა მოლებს და ვერც კი ხვდებიან, რომ სიმწვანე სანეტაროდ იწვევს; ყველაზე ბანალური პასუხი კი ის იქნება, რომ როდესაც მაგარ ნაშებს დაწოლის დრო აქვთ, მათ ბალახზე დასაწოლად არავინ აცდენს. 
ეს ყველაფერი თეორიაა, სინამდვილე კი ისაა, რომ მაგარი ნაშები ბიბინა ბალახზე არ ნებივრობენ, რითაც თავისუფლებაზე, უდარდელობაზე, სიხალასეზე, სიმშვიდესა და სიჯანსაღეზე ამბობენ უარს. დიდ სიამოვნებას თავადაც იკლებენ და ჩვენც გვაკლებენ - ჩემნაირ შერეკილ ესთეტებს. როგორც ზემოტღაც აღვნიშნე, მოლზე გაგორებულ გოგოსთან მისვლა არც არასოდეს მიფიქრია და არ მომვალში ვაპირებ. უბრალოდ მაგარი ნაშები მეცოდებიან.
სიყვარულით 
კოკოლოზა

Thursday, March 26, 2015

გარითმული წუწუნი


ლექსებს არ ვწერ. არც ხშირად, არც იშვიათად, არც შიგადაშიგ - საერთოდ არ ვწერ. ბავშვობაში ვმამაძაღლობდი და მეგობრებზე სახუმარო სტრიქონებს ვიგონებდი ხოლმე, ახლა კი ამასაც შევეშვი. შეიძლება მეგობრები აღარ იმსახურებენ მიძღვნას, ან მე აღარ მეხუმრება. ლექსებს არათუ არ ვწერ, უკვე რამდენი წელიწადია მათი დაწერის აზრი თავშიც არ გამივლია. ვიდრე ამ დილამდე, როცა ჩემს დაბალანაზღაურებად და საკმაოდ დატვირთულ სამსახურში მივედი და მივხვდი, რომ მუშაობის დაწყება არაფრს დედებით არ შემეძლო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანისთვის გათენდა და ამ დილის რუტინული მუშაობით გაფუჭება არ იქნებოდა. ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი, რომ აგერ უკვე რამდენი ხანია ყოველი დღე ასე იწყება. თავიდან შთაგონების ყრუ მოძახილი მოდის, რომელიც რაღაც კარგში განხორციელებას ითხოვს, მაგრამ სად არის! საქმე არ იცდის! ნაშუადღევს უკვე ყველაფერი კარგადაა, არათუ მოძახილი აღარ მაწუხებს, მასზე ფიქრიც კი მეზარება და უპრეტენზიოდ ვასრულებ რუტინულ საქმეს. მერე სახლში მივდივარ და თავს თითქმის ვალმოხდილად ვგრძნობგარითმს. და ასე ყოველ დღე. თითქმის ყოველ დღე მაინც.
ამ ყველაფერს რომ მივხვდი, ეს ლექსი დავწერე. არც სახელი აქვს, არც დიდი მხატვრული ღირებულება, შიეძლება ითქვას, რომ ლექსი კი არა გარითმული წუწუნია, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს. ალბათ იმიტომ, რომ მოკლედ და თითქმის ზუსტად გამოსცემს ჩემს დილის გულისთქმას. დარწმუნებული ვარ საღამოს ამას ვერ დავწერდი. თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს! ესაა და ეს.   

ყოველ დილით ვიღვიძებ და ვებრძვი სულელ ზმანებებს,
უკეთესზე ვფიქრობ, მაგრამ ცუდი თავს არ მანებებს,
ვგრძნობ, რომ ეს დღეც უნდა ჩადგეს რიგში მსგავსი დღეების
და ღამამდე შევნატროდე კენწეროებს ხეების.
ვიცი, ვიღაც სადღაც წვალობს და ჩემს იღბალს შესტირის,
მე კი, შტერი, უმადური, ვნატრობ სტროფებს შექსპირის.
მერე დილას ყავლი გასდის, დრო საქმეში ეფლობა
და მეც გულში მეპარება ჩუმი შემგუებლობა.

სიყვარულით
კოკოლოზა