Wednesday, September 18, 2013

უცაბედი თავისუფლება

წარმოიდგინე, რომ ორი კვირა შვებულებაში იყავი. არც ისე უკიდეგანო, მაგრამ მაინც მრავალფეროვანი სამშობლოს კუთხეებს უვლიდი, აღმოჩენებს აკეთებდი და იმ თავისუფლებას გრძნობდი, რომელიც მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორეზე უაზროდ გადაბოდიალებისას იგრძნობა. შეუზღუდაობის გრძნობა ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ცუდი მხარეც აქვს - რყვნის. თუმცა ახლა სხვა რამეზე ვწერ: წესიერ და პატიოსან თავისუფლებაზე. მოკლედ, მოგზაურობ თავისუფლების პატიოსანი შეგრძნებით და ცოტა ხნით იჯერებ, რომ ... ეს ადგილი დაიმახსოვრე, ახლა რაღაც მოხდება.

ის, რაც ზემოთ წერია ერთი თვის წინ იყო და მაშინ მართლაც მოხდა რაღაც: ჩემი ცხოვრება კვლავ უწყვეტ შვებულებად იქცა - სამსახური დავკარგე.
უფრო სწორად თავად სამსახური დაიკარგა, სადღაც. გაქრა, აორთქლდა.
ეს ერთი თვე მართლაც თავისუფლებასთან სამტკბილობაში გავატარე, ახლა კი, როცა ვიგრძენი, რომ კვლავ უსაქმურობაში ჩახრჩობის საშიშროების წინაშე ვდგავარ ძველი გრძნობები დამიბრუნდა და აქაურობას მოვაკითხე. ისევ "დებორას თემა" ჩავრთე და ვცდილობ მორიგი სისულელე დავწერო.
თუმცა მეტი რაღა სისულელე მინდა, კარგადანაზღაურებადი და, ასე თუ ისე, შემოქმედებითი სამსახური დავკარგე და კვლავ პროლეტარიტის წიაღში დაბრუნების მოლოდინში ვარ.
ასეა, მუშაობ და უკმაყოფილო ხარ, რომ სამსახურში არავინ გიღიმის, უმუშევარი რჩები და ნატრულობ: ოღონდ უკან დამაბრუნე და ტრაკში უტენია ყველას თავისი ღიმილი. მაგრამ ამიტომაა ეს ცხოვრება ასეთი დიადი: როგორც წესი, სამსახურს, გარშემომყოფთა ღიმილს და კიედვ ბევრს სხვა სიკეთეს ერთდროულად  კარგავ.
და, ალბათ, სწორდ ესაა ის მომენტი, როცა პიროვნულად გაზრდის საუკეთესო შანსი გეძლევა. როცა უნდა მიხვდე, რა ჯანდაბას აკეთებ ამ ქვეყანაზე და სხვა ჯანდაბის გაკეთება ხომ არ აჯობებდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ - უმუშევრად დარჩენა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ერთ-ერთი სასუალებაა, ოღონდ უნდა იჩქარო, თორემ თუ დროზე არ შეიცანი, უსაქმურობა ქრონიკულში გადაგივა და ამ უპირატესობასაც დაკარგავ.
მე ახლა სწორედ ამ პროცესში ვარ. ვცდილობ ქრონიკულ დაავადებას დავასწრო და უცბათ თავს დამტყდარი თავისუფლება ოდნავ მაინც საჩემისოდ გამოვიყენო, თუნდაც იმით, რომ ხანდახან აქეთ შემოვიარო და მორიგი სისულელეები დავაფრქვიო.
მაშ ასე, ჩემ ცხოვრებაში ელიტარული პერიოდი დასრულდა. პროლეტრებო ყველა ქვეყნისა: მოვდივარ, თქვენი დედაც!..

სიყვარულით
კოკოლოზა

No comments:

Post a Comment