15 წლის ვიყავი გიტარაზე დაკვრის სწავლა რომ მოვინდომე, თან ისე ძლიერ, რომ ოჯახი იძულებული გახდა ნახვრეტებიან საოჯახო ბიუჯეტში (90–იანები მძვინვარებდა) ორიოდ ლარი მოეძებნა და ჩემთვის გიტარის მასწავლებელი დაექირავებინა. დიდი ხნის წინ, მეზობლებში გათხოვებული, ემულსიით შეკოწიწებული გიტარა (რასაკვირველია შვიდსიმიანი, ექვსიანად გადაკეთებული) უკან გამოვითხოვეთ და ჩემი მუსიკალური კარიერაც დაიწყო. გადაწყდა, რომ კლასიკური ნაწარმოებების დაკვრა უნდა მესწავლა. "კლასიკა რომ ეცოდინება მერე ყველაფრის დაკვრას შეძლებსო" – იყო ასეთი მოსაზრება.
დაიწყო გიტარის გაკვეთილები და მეც სიამოვნებით დავეწაფე ახალ ცოდნას. ვიბრძოდით, ვწვალობდით და ვჯახირობდით მე, მასწავლებელი და ემულსიით შეკოწიწებული გიტარა და საქმეც ნელნელა წინ მიიწევდა. მაგრამ თუ ისტორიაში "მაგრამი" არ გაჩნდა აბა ის რაღა ისტორიაა. ამ ისტორიის პირველი "მაგრამი" ნახვრეტებიან ბიუჯეტს უკავშირდება, რომლის გამოც რამდენიმე თვეში ჩვენ ბრძოლას მასწავლებელი გამოაკლდა და მე და ემულსიით შეკოწიწებული გიტარა (ეშგ) მარტონი დავრჩით.
გადიოდა წლები და მე და ეშგ უკეთ და უკეთ ვუგებდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ეშგ–ს მე–4 და მე–6 სიმები რკინის იყო, დანარჩენი კი – ნეილონის, არასოდეს მიფიქრია დაკვრისათვის თავი მენებებინა ან მომბეზრებოდა, არც ბგერის უსუფთაობას შევუწუხებივარ და არც უსწორმასწორო დეკას. და აქ ისტორიის მეორე "მაგრამი" ჩნდება. ორიოდ წლის წინ ახალი გიტარა მაჩუქეს. არათუ გიტარა, მისი "ფუტლიარიც" კი ჯობია ჩემ ძველ ეშგ–ს. ჩემი ახალი ესპანური გიტარა თან ბზინავს და ბგერაც ღვთაებრივი აქვს, მაგრამ მე მასზე ვეღარ ვუკრავ. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ვთვლი რომ ინსტრუმენტმა მუსიკოსს არ უნდა გადაასწროს. არაა ტრაგედია, როდესაც მუსიკოსს ცუდი ინსტრუმენტი აქვს, საკრავი რომ ჯობია დამკვრელს ესაა საშინელება. რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ამის აღიარება ჩემთვის – ეს გიტარა ნამდვილად მჯობია, ამიტომ მეც იშვიათად თუ გავბედავ და მივეკარები. დევს თავისთვის "ფუტლიარში" და უკეთეს დამკვრელს ელის. და კიდევ ერთი "მაგრამ": ვეღარც ეშგ–ზე ვუკრავ – ასეთი გიტარის პატრონმა ამ დანჯღრეულს ხელი როგორ მოვკიდოთქო. დავრჩი ასე: ორი გიტარა მაქვს და დაკვრა მენატრება.
როგორც სულით შემოქმედ ადამიანს მუდამ სურვილი მაქვს რაღაც ახალი შევქნა, რაღაც მშვენიერი. გიტარაზეც ასეა, ავიღებ თუ არა ხელში ინსტრუმენტს მინდა რაიმე ლამაზი შევთხზა და საკუთარი ნაწარმოებით დავტკბე (და ბოლო) "მაგრამ": ეტყობა ზედმეტად ქართველი ვარ, ვერაფრით გავცდი ამ ოხერ დო მაჟორსა და სოლ მაჟორს (შეგახსენებთ, რომ ქართული სუფრული სიმღერების 87 % სწორედ ამ ტონალობებშია დაწერილი), ვცდილობ გავიდე ჩარჩოებიდან, მელოდია გავართულო, აკორდი ჩავხლართო და ბოლოს მაინც ან ერთთან მივიდვარ, ან მეორესთან. .
აღარ მინდა ეს დასაქცევი დო მაჟორი და სოლ მაჟორი, ლა ბემოლი მაღირსე ღმერთო, ლა ბემოლი! გინდა მაჟორი იყოს და გინდაც მინორი.
სიყვარულით
კოკოლოზა
No comments:
Post a Comment