Friday, March 19, 2010

მადლობა ძია–კაცო!


ეს ესაა როკ კონცერტიდან დავბრუნდი. არც მრცხვენია ამის თქმის და არც მეშინია. ნამდვილ როკ კონცერტზე ვიყავი, ამაზე ნამდვილზე ალბათ ვერც წახვალ კაცი. იურაია ჰიპი (ქართულად რაღაც ცუდად იწერება – Uriah Heep) მოვისმინე ცოცხლად. აი ის Uriah Heep 70–იანებში რომ გუგუნებდა მამაჩვენების ყურებში და ვერც წარმოედგინათ, რომ ოდესმე ეს გუგუნი თბილისის საბჭოთა ფილარმონიაშიც გაისმებოდა.
მაგ ბებრებს რაღა შეუძლიათო! – მითხრა რამდენიმე პესიმისტმა კონცერტამდე. და ახლა მათ მინდა ვუპასუხო – შეუძლიათ! თან იმდენი , მე, თქვენ და ჩვენ კეთილისმყოფელებს ერთად რომ არ შეგვიძლია. დღეს დარბაზში თუკი ვინმე არ იყო ბებერი, ის ხუთი ჭაღარა კაცი იყო, თითქმის 2 საათის განმავლობაში, ჩვენ დაბერებულ სულებს რომ აახალგაზრდავებდა. საიდან შერჩა ამ ხალხს ამდენი ენერგია, ამბოხი, რომანტიზმი? რატომ არ უკრავენ რომანსებს? რატომ არ "გაპაპსავიკდნენ", დღეს ხომ ყველა "გაპაპსავიკდა?!" როკ ჯგუფებიდან დაწყებული, მათი მსმენელბით გაგრძელებული და სახელმწიფოს მმართველებით დამთავრებული.

თუმცა იქით იყოს ყველა მმართველი, Uriah Heep–ზე გავაგრძელებ. დარბაზი მთლიანად არა, მაგრამ თითქმის სავსე იყო. როგორც ძვირადღირებულ კონცერტებზე (ყველაზე იაფი ბილეთი 50 ლარი ღირდა) ხდება ხოლმე, ჭრელმა საზოგადოებამ მოიყარა თავი. იყვნენ როკის ახალგაზრდა და ძველგაზრდა მსმენელები, მოყვარულები და პროფესიონალები. იყვნენ მოდას აყოლილი ფულიანი ხეპრეებიც, რომლებიც მალევე გაერიდნენ იქაურობას (როკის უპირატესობა ესაა: ცრუპენტელა მსმენელებს სწრაფად უკეთებს ლუსტრაციას – როგორი გასაძლებია იმ ხმაურში, როცა ყველა გიჟს გავს, შენ კი ვერაფერი გაგიგია!). თუმცა ჩემი ყურადღება ერთმა ბიძა–კაცმა (რა ვქნა ამ სიტყვით უნდა აღვწერო, რომ დაახლოებით მიგახვედროთ რა ტიპი იყო) მიიქცია. ეტყობოდა რომ Uriah Heep უყვარდა და თან ძალიან. თითქმის მთელი კონცერტი ფეხზე იდგა. ვინ იცის რევმატიზმი აწუხებდა, ან პრასატატა, ან ღიპი, ან სულაც ღირსება, მაგრამ არაფერს ეპუებოდა და, როგორც შეეძლო, მოძრაობით ყვებოდა გიჟურ მუსიკას. ხან მარჯვნივ–მარცხნივ ქანაობდა, ხან წინ და უკან, მაგრამ ეტყობოდა, რომ ამ ქანაობაში სრულად იხარჯებოდა. არ შეეძლო რომ არ ექნავა, Uriah Heep–მა, პირველ რიგში, ის და მისნაირები გააახალგაზრდავა. ისეთი ხალხი, ვისშიც ახალგაზრდობა ისევ ცოცხლობს, უბრალოდ ამ დაფეხვილ ცხოვრებაში გამოვლენა არ უწერია.

დაუკრეს თითქმის ყველაფერი, რაც გულს გაგვიხარებდა: July Morning, Lady in Black, Easy Livin', Gypsy, Rain და კიდევ მრავალი სხვა. შეიძლება ხმაში კიდეც შეეპარათ პატარა ბზარი, მაგრამ არა სულში, არა ჯიგარში და არა ემოციებში. როგორც ჩანს გასული საუკუნის 70–იანი წლები ბოლო დროის ყველაზე ემოციური პერიოდი იყო და, ამდენად, ჩემთვის ყველაზე სანატრელი.

კონცერტიდან მადლიერების გრძნობით წამოვედი და ახლა ყველას სათითაოდ მინდა გადავუხადო მადლობა: მადლობა Uriah Heep–ს სულის შეძვრისთვის, მადლობა მათ ვინც საქართველოში კრისტინა აგილერას ჩამოყვანას Uriah Heep–ის ჩამოყვანა არჩია, მადლობა მათ ვინც ბილეთი არ იყიდა და საშუალება მომცა ზემო იარუსის, ბოლოსწინა რიგის ნაცვლად, პარტერის საუკეთესი ადგილიდან მომესმინა მუსიკა, დიდი მადლობა ჩემ მეგობარ ლალის, რომელიც ჩემ გვერდით იცლებოდა და ივსებოდა ემოციებისგან, შემდეგ კი ლუდი დამალევინა (როკ კონცერტი მარტო? – საცოდაობაა), მადლობა ისევ Uriah Heep–ს დორბლიან სიმღერებს მიჩვეული პუბლიკის გამოცოცხლებისათვის, ასევე 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე კარგი საქმის სამსახურისთვის და მადლობა ბიძა–კაცს, რომ რევმატიზმის, პრასტატის, ღიპისა და მიღებული ზნეობრივი ნორმების დარღვევის მიუხედავად, ბოლომდე ისიამოვნა მუსიკით, რომ ბილეთის ფულის ქაბაბში გადახადა არ არჩია და რომ ბევრ ახალგაზრდაზე ახალგაზრდაა. მადლობა ძია–კაცო!

სიყვარულით

კოკოლოზა

Thursday, March 11, 2010

ლა ბემოლი


15 წლის ვიყავი გიტარაზე დაკვრის სწავლა რომ მოვინდომე, თან ისე ძლიერ, რომ ოჯახი იძულებული გახდა ნახვრეტებიან საოჯახო ბიუჯეტში (90–იანები მძვინვარებდა) ორიოდ ლარი მოეძებნა და ჩემთვის გიტარის მასწავლებელი დაექირავებინა. დიდი ხნის წინ, მეზობლებში გათხოვებული, ემულსიით შეკოწიწებული გიტარა (რასაკვირველია შვიდსიმიანი, ექვსიანად გადაკეთებული) უკან გამოვითხოვეთ და ჩემი მუსიკალური კარიერაც დაიწყო. გადაწყდა, რომ კლასიკური ნაწარმოებების დაკვრა უნდა მესწავლა. "კლასიკა რომ ეცოდინება მერე ყველაფრის დაკვრას შეძლებსო" – იყო ასეთი მოსაზრება.
დაიწყო გიტარის გაკვეთილები და მეც სიამოვნებით დავეწაფე ახალ ცოდნას. ვიბრძოდით, ვწვალობდით და ვჯახირობდით მე, მასწავლებელი და ემულსიით შეკოწიწებული გიტარა და საქმეც ნელნელა წინ მიიწევდა. მაგრამ თუ ისტორიაში "მაგრამი" არ გაჩნდა აბა ის რაღა ისტორიაა. ამ ისტორიის პირველი "მაგრამი" ნახვრეტებიან ბიუჯეტს უკავშირდება, რომლის გამოც რამდენიმე თვეში ჩვენ ბრძოლას მასწავლებელი გამოაკლდა და მე და ემულსიით შეკოწიწებული გიტარა (ეშგ) მარტონი დავრჩით.

გადიოდა წლები და მე და ეშგ უკეთ და უკეთ ვუგებდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ეშგ–ს მე–4 და მე–6 სიმები რკინის იყო, დანარჩენი კი – ნეილონის, არასოდეს მიფიქრია დაკვრისათვის თავი მენებებინა ან მომბეზრებოდა, არც ბგერის უსუფთაობას შევუწუხებივარ და არც უსწორმასწორო დეკას. და აქ ისტორიის მეორე "მაგრამი" ჩნდება. ორიოდ წლის წინ ახალი გიტარა მაჩუქეს. არათუ გიტარა, მისი "ფუტლიარიც" კი ჯობია ჩემ ძველ ეშგ–ს. ჩემი ახალი ესპანური გიტარა თან ბზინავს და ბგერაც ღვთაებრივი აქვს, მაგრამ მე მასზე ვეღარ ვუკრავ. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ვთვლი რომ ინსტრუმენტმა მუსიკოსს არ უნდა გადაასწროს. არაა ტრაგედია, როდესაც მუსიკოსს ცუდი ინსტრუმენტი აქვს, საკრავი რომ ჯობია დამკვრელს ესაა საშინელება. რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ამის აღიარება ჩემთვის – ეს გიტარა ნამდვილად მჯობია, ამიტომ მეც იშვიათად თუ გავბედავ და მივეკარები. დევს თავისთვის "ფუტლიარში" და უკეთეს დამკვრელს ელის. და კიდევ ერთი "მაგრამ": ვეღარც ეშგ–ზე ვუკრავ – ასეთი გიტარის პატრონმა ამ დანჯღრეულს ხელი როგორ მოვკიდოთქო. დავრჩი ასე: ორი გიტარა მაქვს და დაკვრა მენატრება.

როგორც სულით შემოქმედ ადამიანს მუდამ სურვილი მაქვს რაღაც ახალი შევქნა, რაღაც მშვენიერი. გიტარაზეც ასეა, ავიღებ თუ არა ხელში ინსტრუმენტს მინდა რაიმე ლამაზი შევთხზა და საკუთარი ნაწარმოებით დავტკბე (და ბოლო) "მაგრამ": ეტყობა ზედმეტად ქართველი ვარ, ვერაფრით გავცდი ამ ოხერ დო მაჟორსა და სოლ მაჟორს (შეგახსენებთ, რომ ქართული სუფრული სიმღერების 87 % სწორედ ამ ტონალობებშია დაწერილი), ვცდილობ გავიდე ჩარჩოებიდან, მელოდია გავართულო, აკორდი ჩავხლართო და ბოლოს მაინც ან ერთთან მივიდვარ, ან მეორესთან. .

აღარ მინდა ეს დასაქცევი დო მაჟორი და სოლ მაჟორი, ლა ბემოლი მაღირსე ღმერთო, ლა ბემოლი! გინდა მაჟორი იყოს და გინდაც მინორი.

სიყვარულით

კოკოლოზა