Tuesday, December 29, 2009

ვაკანსია


საბჭოთა კავშირი რომ ცუდი იყო ამაზე ბევრი არ დაობს (თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ბევრიდან ბევრმა არც იცის, რატომ იყო ცუდი, ბოლობოლო მოსკოვის ბილეთი 37 მანეთი ღირდა და თუმნად 4 კაცი ჩაუჯდებოდით...), მაგრამ ამ ცუდს სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ებრძოდნენ: ჯერ იარაღით ცადეს - აბა რას მოერეოდნენ! მერე მიწიქვეშეთიდან შეუტიეს - მიწის ქვეშვე დარჩა უმრავლესობა სამუდამოდ. რა აღარ ცადეს და ბოლოს ყველაზე ეფექტური იარაღი აღმოაჩინეს - ირონია, შარჟი და იუმორი. უმეცრებას (განსაკუთრებით ძლევამოსილს) მხოლოდ ირონიით და გაშარჟებით თუ აჯობებ, სხვანაირად ცხვირს წაიმტვრევ. ამას ვინც ვერ მიხვდა ან საიქიოს აღმოჩნდა ან იმაზე უარეს ალაგსს, მაგალითად მაგადანში ან იმის იქით, თუა კიდევ რამე. ხოლო ვინც მიხვდა "ძაღლის გული"დაწერა, "ცისფერი მთები" გადაიღო და "Чужая колея" იმღერა.

და თუ საბჭოთა კავშირი დღეს აღარ არსებობს (ყოველ შემთხვევაში ქღალდზე), ამ ხალხის დიდი დამსახურებაა. ხალხისა, რომელმაც ირონია და დიადი საბჭოთა უმეცრების დაცინვა ამჯობინა, ნაგანს, მაუზერს და მოლოტოვის კოქტეილს. თავადაც დაიხარჯა და ჩვენ ზარმაც ტვინებამდეც მოიტანა რაღაც ჭკვიანური.

რა ვქნა რომ უზომოდ მიყვარს ვლადიმერ ვისოცკი! კაცი, რომელიც აშლილ გიტარაზე, ჩახრინწული, დანგრეული ხმით ყვებოდა ისტორიებს გიჟებზე, ლოთებზე, ჟირაფებზე და ბერმუდის სამკუთხედზეც კი, და ყველამ იცოდა, რომ ვალოდია ამ ჟირაფებით, ლოთებით და სამკუთხედებით, ერთი მხრივ არსებულ რეჟიმს დასცინოდა, მეორე მხრივ კი - ადამიანების შემგუებლობასა და კომფორმიზმს ებრძოდა. მოკლედ, კაცმა იმისთვის იცხოვრა, რომ ჩათვლემის საშუალება არ მოეცა და თვალის ყოველ მოხუჭვაზე სილა ეთავაზებინა ყბაში.

ვისოცკიმ თავისი საქმე გააკეთა და წავიდა. დიდ ხანს ვერც დაცინულ-გაშარჟებულმა საბჭოთა კავშირმა გაძლო მას შემდეგ და დიდი წითელი ლაქის ადგილას რუქაზე რამდენიმე ახალი ფერი გაჩნდა. თუმცა, ახალი ფერი ბევრს არაფერს ნიშნავს - ფერების მომრავლებასთან ერთად დასაცინი და შემოსალაწუნებელიც გამრავლდა, არც უმეცრების ხარისხს უკლია და კომფორმიზმში ხომ ბადალი არ გვყავს, მაგრამ ვაი ჩვენ თავს უბედურს, რომ შემომლაწუნებელი აღარ იბადება ამ ქვეყანაში. ან იბადება და ვეღარ იზრდება, ანაც იზრდება და ვისოცკობას ბანკში მუშაობას ამჯობინებს.

რატომ აღარ არიან ჩვენ გარშემო ადამიანები, რომლებიც დასაცინს დაცინებენ და ჩევნც აზრზე მოგვიყვანენ? რატომ აღარ იბადებიან ვისოცკები?! რატომ ჰა, რატომ?! დახვეწილ მანერებსა და ვირტუოზულ შესრულებას ხომ არ ვითხოვ, ერთი უბრალო ტიპია საჭირო, რომელიც თბილისზე, ღვინოზე, ფაეტონზე და წვიმის წვეთებზე კი არ იმღერებს, არამედ რაღაც უფრო მნიშვნელოვანზე. გინდაც წვიმის წვეთჶბი და ღვინო იყოს, ოღონდ იმის იქით ჩანდეს კიდევ რამე გარდა გასტრონომიული მოთხოვნილებებისა. მინდა ვინმეს შევჩივლო საქართველოში ვისოცკის არარსებობა და ვერავინ მიპოვნია. სულ ფეხებზე არ ჰკიდიათ ქარველებს შენი ვისოცკი, თავის გიტარიანად!

ამიტომ ვაცხადებ ვაკანსიას ვისოცკის თანამდებობაზე. მართალია, დასაცინი და გასაშარჟებელი იმდენია, ერთი ვისოცკი არ ეყოფა, მაგრამ დასაწყისისთვის ერთიც მისწრებაა. ამიტომ გთხოვთ, ვისაც ოდნავ მაინც შეგწევთ ძალა, აიღეთ თქვენი მტვერდადებული გიტარა და დროებით მაინც შეასრულეთ ვისოცკის მოვალეობა! მაგაზე უკეთესს ვერც ბანკში მუშაობით გააკეთებთ და ვერც ქვების სროლით.

სიყვარულით

კოკოლოზა

Saturday, December 5, 2009

რადიო


ბედის ირონიით თუ საკუთარი უვარგისობით, მთელი შეგნებული ცხოვრება რადიოში ვმუშაობ, რა თქმა უნდა დაბალანაზრაურებად პოზიციებზე. არც დიდი სყვარულისა და თაყვანის საგანი ყოფილა ოდესმე რადიო და არც შთამომავლობით მერგო ეს პრფესია, განათლებაზე რომ აღარაფერი ვთქვა, მუხედავად ამისა, ჯიუტად გადავდივარ ერთი სადგურიდან მეორეში ისე, რომ არც თანამდებობა მემატება და არც ხელფასი. ჩავთვალოთ, რომ ეს ის ცხოვრებისეული ფენომენია, რომელიც ამოუხსნელი გაჰყვება ხოლმე ადამიანს ბოლომდე.

რადიოს გადამკიდე, ხან სად ამოვყავი თავი და ხან სად, თუმცა ორიოდ დღის წინ ისეთ ალაგს მოვხვდი, სადაც უამრავ საიდუმლოს აეხადა ფარდა. მივხვდი, რომ ჩემნაირი გაზააბნეული კიდევ ბევრია ქართულ FM სივრცეში და მათაც ვერ გაუგიათ რა ჯანდაბა აკავშირებთ მედიის ამ ღარიბ წარმომადგენელთან.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ხმა გავარდა, რადიოწამყვანთა წვეულება-ფესტივალი ეწყობა რესტორან "ვერე გარდენში" და კაი დროსტარება იქნებაო. მე იქ ვინ გამიშვებდა, რომ არა რადიოს კიდევ ერთი მნიშველოვანი თავისებურება - კაცების ნაკლებობა. არც ჩემი ამჟამინდელი რადიოა ამ წესიდან გამონაკლისი, ჰოდა, დელეგაციაში ერთი მამრი მაინც რომ ყოფილიყო, ახალი თანამშრომელიც ჩამსვეს შემადგენლობაში. საღამოზე კარაოკეს კონკურსში უნდა მიმეღო მონაწიელობა.

მივედით, დაგვხვდა, მაგრამ რა დაგვხვდა: ბოჰემური ცხოვრების, "დამპალი კაპიტალიზმის", ქართული კდემამოსილების, მემარცხენე ინტელქტუალიზმისა და მემარჯვენე იდიოტიზმის უმარილო აჯაფსანდალი. ვინ აღარ იყო იქ, თუნდაც ჯამლეტ ხუხაშვილი რად ღირს, თავისი კალათბურთის ბურთით და ისტორიებით გიორგი შერმადინზე. იყვნენ ცნობილი ტელესახეებიც, რომლებსაც ჟიურის მძიმე ტვირთი ჰქონდათ აკიდებული, იყნენ "მეჩანგლეები", მექალთანეები, ბლომად ლამაზი ქალები და უფრო მეტი საგანგებოდ გალამაზებული ქალბატონები. იყო ვიღაც მაღალი, რომელიც, არ ვიცი სიმთვრალისა, თუ ბუნებრივი ღირსებების გამო, სადღაც მიკროფონს დაითრევდა, სცენაზე ავარდებოდა და უშედეგოდ მოუხმობდა ვინმე ეკას. ხოლო როდესაც გაკვირვებული ვეკითხებოდი ხოლმე მეზობლებს: ვინაა ეს დეგენერატითქო? პასუხი ასეთი იყო: "ხო, მარა როგორც წამყვანი ძალიან ძლიერია!" არადა, მართლა მაინტერესებდა ამ ძლიერი დეგენერატის ვინაობა.

მოვიდა კარაოკეს დროც. ჩაგვამწკრივეს 4 კონკურსანტი და დამხმარეც მოგვიჩინეს: ერთეერთი ჯეოსტარის ერთერთი გამარჯვებული. მოვემზადე, კარგად ჩავახველე და ფონოგრამას დაველოდე... ყველაფერს ველოდი, მაგრამ არა იმას, რაც დაიწყო. "გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა, მაგრამ სულ არ ციოდა, თეთრი ციდან ფიფქის ნაცვლად კამფეტები ცვიოდა..." მეხივით გავარდა ყურში, თან ისეთ მაღალ რეგისტრში, რომ კაი სოპრანო თუ არა კასტრატი მაინც უნდა ვყოფილიყავი, რომ ავყოლოდი. რა მექნა, დავღუნე თავი და გავწითლდი. მერე ადგილზე დავჯექი და რომ არა დანარჩენი კონკურსანეტების წვალება მთელ საღამოს გაფუჭებული გუნებით გავატარებდი.

მორჩა კარაოკე და დაიწყო სხვა კონკურსი, მერე კიდე სხვა და ასე, საღამოს დასრულებამდე. გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ, ძლიერმა დეგენერატმა კიდევ რამდენჯერმე მოითხოვა სცენაზე ვინმე ეკა, ჯამლეტ ხუხაშვილი "საღამოს მამაკაცად" დაასახელეს, მან კი "საღამოს ქალბატონს" კალათბურთის ბურთი აჩუქა (რასაკვირველია გიორგი შერმადისნის ხელმოწერით). ლამაზმა ქალებმა, ნაცად მეთოდს, - "იჯექი და გააოგნე"-ს მიმართეს, საგანგებოდ გალამაზებულებს კი აქტიურობა მოუხდათ, რათა ორიოდ მარცვალი ყურადღება დაემსახურებინათ, მეჩანგლეებმა ჭამეს და სვეს, მექალთანეებმა - ანკესები ჩაჰყარეს, "იაზვებმა" იიაზვეს და "სტერვებმა" ისტერვეს.

მერე შინ წასვლის დროც მოვიდა, როგორც მსგავსი საღამოების შემდეგ ხდება ხოლმე, გამოითქვა პროტესტი ჟიურის არაკომპეტენტურობასა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით (ქართველებს ხომ მხოლოდ ასეთი წვრილმანების გაპროტესტება გვეხერხება). თუმცა, ბედნიერი და კამყოფილიც ბევრი წავიდა სახლში. განსაკუთრებით, ალბათ, ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი.

გზად შინისაკენ, ხმის გამაძლიერებლებთან ახლოს ჯდომით თავატკიებული, ტაქსში მივესვენე და კოლეგების კომენტარებს ვისმენდი საღამოს შესახებ, თან ყურში გაუჩერებლად მიტრიალებდა ნაცნობი სიმღერის ჰანგები - გარეთ თოვდა, თოვდა, თოვდა მაგრამ...

სიყვარულით

კოკოლოზა