ჯეკი ჩანი უბრალოდ შეუდარებელია ამ ფილმში. ველურებთან გასაუბრება, მთის ფერდობიდან სრიალით დაშვება, მინი მანქანით გაძრომ-გამოძრომა, ბერების ცემა-ტყეპა და ბოლოს დაუვიწყარი ნახტომი კლდის ქიმიდან პირდაპირ საჰაერო ბუშტზე. არა, ასეთი ფილმები არასოდეს ფერმკრთალდებიან. ყოველ შემთხვევაში არა მათთვის, ვისაც ნახვის ბედნიერება ბავშვობაში ჰქონდა.
კი მაგრამ ქალებთან ჩხუბიო! - იტყვის შეშფოთებული მცოდნე და მართალიც იქნება. დაუვიწყარი მომენტების ჩამოთვლისას ეს სცენა სპეციალურად გამოვტოვე იმიტომ, რომ ამ პოსტის მთავარ თემას წარმოადგენს.
მოდი გავიხსენოთ რა ხდება. ჯეკი ჩანი კლდის სიღრმეში განლაგებულ მონასტერში მიდის, რათა გათახსირებულ ბერებს დატყვევებული მეგობრები და ღმერთის საჭურველი წაართვას, ცხადია საამისოდ მთელ ორდენს გაასილაქებს და ისაა თავი სამშვიდობოს უნდა დაიგულოს, რომ მის წინააღმდეგ ოთხი გავეშებული ქალბატონი გაილაშქრებს. ჯეკი, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, რა თქმა უნდა, ქალისთვის ხელის დარტყმას არ კადრულობს და გვარიანადაც ხვდება გვერდებში მანდილოსნების წვეტიანი ქუსლები. მოკლედ ცუდად მისდის საქმე ამ ჩვენ გმირს, რომელმაც ცოტა ხნის წინ 20-მდე ანაფორიანი მუტრუკი ისე გალახა, რჯული შეურყია. და სწორედ ამ დროს იწყება გაცისკროვნება დალილავებული ჯეკის გონებაში. გმირი ფიქრობს: "ქალზე ძალადობა დაუშვებელია, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ოთხი ქალი შენზე ძალადობს? განა შეიძლება თავდაცვის მიზნით ოთხი კარგად გაწვრთნილი ბესტიისთვის ჭკუის სწავლება ძალადობად ჩაითვალოს? და განა სექსიზმი არ იქნება მხოლოდ იმ მიზეზით გავალახინო თავი, რომ ქალები არიან?! გენდერის საკითხებში ძლიერი არ ვარ - გაუნათდა გონება ჭაბუკს - მაგრამ, ვფიქრობ, ამ ოთხი ქალის არცემა ისეთივე დანაშაულია, როგორიც ერთი ქალის ცემა". ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჯეკი მიხვდა, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.
სწორედ ასე დაიბადა ახალი გმირი. ფემინიზმს ნაზიარები, გენდერის სიღრმეებშეცნობილი. სწორედ ისე, როგორც ალუდა ქეთელაური, როდესაც მუცალმა თოფი გადაუგდო.
და მისდგა... იმდენი ურახუნა, სულ მენჯებიდან ამოყარა საძაგელი არსებები და სიკეთეს გაამარჯვებინა: მეგობრებიც გადაარჩინა და საჭურველიც დაუბრუნა კაცობრიობას.
ქართველ ფემინისტებს კი ჰგონიათ, რომ თანასწორობა მხოლოდ ქორთიარდ მარიოტში შეკრებით და ჰოლანდიურიდან ნათარგმნი უნიჭო ენჯეო ბუკლეტებით მკვიდრდება.
სიყვარულით
კოკოლოზა