Sunday, December 21, 2014

თვითინტერვიუ

















ცოტა რამ თქვენს შესახებ.
დავიბადე და გავიზარდე. ხანდახან მგონია, რომ სულაც არ გავზრდილვარ, ზოგჯერ კი იმასაც ვნანობ, რომ დავიბადე, მაგრამ მთლიანობაში ჩემი დაბადებისა და გაზრდის ფაქტი დადასტურებული უნდა იყოს სამოქალაქო რეესტრში. ვისწავლე, მაგრამ ვერაფერი გავიგე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ სიმპათიურ ფაკულტეტზე. მათ შორის ისიც ვერ გავიგე, რატომ დავიწყე სწავლა, ან რატომ დავამთავრე. სწავლის დასრულების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დაიწყო უმუშევრობის ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც ასე ტიპიურია ჩემნაირი უსწავლელი, ან ზედმეტად ნასწავლი ორდიპლომიანი ადამიანებისთვის. დროდადრო ვახერხებდი უმნიშვნელო სამსახურების პოვნას, თუმცა ვერც ერთ მათგანში საკუთარი თავი ვერ ვიპოვე და უმუშევრობის სინდრომი ჩამომიყალიბდა. ამჟამად ვმუშაობ, თუმცა ვარ უმუშევარი.
ისე, რა პროფესიის ბრძანდებით?
კონკრეტული პროფესია არ მაქვს. ჩემი მოქმედების არეალი კი საკმაოდ ფართოა. შემიძლია აზომვითი ნახაზის გაკეთება, მიკროფონების "დინამიკებთან" ისე მიერთება, რომ ეს უკანასკნელნი არ გადაიწვან, ჭურჭლის რეცხვა და აკვნის დარწევა, ჯართის ზიდვა და სუფრაზე მეორე ხმისა და ბანის მიცემა, ქალის მოფერება და მოფერებაზე კულტურულად უარის თქმა. ორიოდ მარტივი კერძის მომზადება და მათი თავადვე შეჭმა. ცუდად ძილი და ტუალეტში დამოუკიდებლად სიარული.
პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
მაქვს სიყვარული უზომო, უანგარიშო, ულევი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი, ერთი კატა და ერთი ძაღლი ინაწილებენ. ძირითადად მარტო ვარ და ვეძებ შესაფერის ადგილებს, სადაც მარტოობით დავტკბები. ან ადგილებს, სადაც ჩემს მარტოობას ბოლო მოეღება.
რაზე ონებობთ?
ფრენაზე. ცხოველებისა და ადამიანების ენების გაგებაზე. მშვიდ ძილზე. წესრიგზე და ეგოიზმის ნაკლებობაზე ჩემსა და სხვებში (განსაკუთრებით სხვებში). ზამთარში - ზაფხულზე, ზაფხულში - ზაფხულის უსასრულობაზე. მთებზე, მინდვრებზე, მდინარეებზე და ტბებზე. ბევრ ლამაზ, ჭკვიან და მხიარულ ქალზე, ღიმილიან და გულისხმიერ, მეოცნებე კაცებზე. სწრაფად სირბილზე და ჯანმრთელობაზე. იმაზე, რომ თევზაობა, რაგბი და მუსიკა არასოდეს მომბეზრდეს.
ოდესმე აგხდენიათ ოხნება? 
კი ზაფხული რომ მოდის ოცნება მიხდება. სათევზაოდ რომ მივდივარ მაშინაც.
ფულსა და კარიერაზე რა აზრისა ხართ?
ფულზე - დადებითი, კარიერა - მკიდია. სიამოვნებით ვიქონიებდი პირველს მეორის გარეშე. კარიერა იმისთვისაა საჭრიო, რომ ფული გქონდეს, თუ ფული მექნება, კარიერას რა თავში ვიხლი.
როგორები არიან თქვენი მეგობრები?
იშვიათები. ცოტა დაბნეულები, ცოტა დაკარგულები, ჩემსავით ცუდი დროის მსხვერპლნი. ზოგჯერ ყველაფერთან უმისამართოდ მებრძოლნი, ხანაც უიმედოდ ყურებჩამოყრილები. ადრე მეგობრად მას მივიჩნევდი, ვინც შენს ცხოვრებაში მონაწილეობას იღებს, ახლა კი მივხვდი, რომ სრულ მონაწილეობას თავადაც ვერ მიიღებ, ამიტომ მათგან აღარაფერს მოველი. ზოგი მე დავაკონსერვე, ზოგი - ცხოვრების დინებამ, ზოგმა თავი დაუკონსერვა, ზოგიც აქვეა ჩემს თვალწინ და მაინც მენატრება.
გამოდის, რომ უმეგობრო კაცი ხართ? 
არა, არ გამოდის. მეგობრების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი კაცი ვარ, რომელიც ხვდება, რომ ზედმეტს ითხოვს და ცდილობს მოთხოვნებზე უარი თქვას, მაგრამ ზოგჯერ მოთხოვნებს მეგობრებსაც გადაყოლებს ხოლმე. მეგობრები ჯერჯერობით მყავს.
რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?
ერთხელ, ბავშვობაში, თამაშისას ბურთი ღრმა ორმოში ჩაგვივარდა. ერთი ბიჭი ამოსაღებად ჩაძვრა, მე კი ჩავიკუზე, რომ გამომერთმია. ამასობაში ჩვენი უბნის ძაღლი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარდა, უკნიდან მომეპარა და ზურგზე მომაფსა. ეტყობა იმასაც ძალიან ვუყვარდი. კურიოზია, აბა რა ჯანდაბაა.
ლექსებს ხომ არ წერთ?
ბავშვობაში ვწერდი. ძირითადად სალაღობო ლექსები მიტაცებდა. აი, ის ... სააშიკოდ, ამხანაგთა სათრეველად რომაა. მერე, როცა გავიზარდე (თუმცა, როგორც გითხარით ამაში კვლავაც ეჭვი მეპარება), შევეშვი და სწორადაც მოვიქეცი. ამაში იმდენჯერ ვრწმუნდები, რამდენჯერაც ჩემ ძველ ლექსებს გადავხედავ ხოლმე.
რა არის თავისუფლება?
ზოგს თვისუფლება ვიტრინის ჩამტვრევა ჰგონია. მე კი მიმაჩნია, რომ თავისუფალი მხოლოდ მაშინ ხარ, როცა შე... უკაცრავად (ტელეფონს პასუხობს
- რედ.). კიდევ ერთხელ ბოდიში, რაზე ვლაპარაკობდი? ჰო, თავისუფალი მაშინ ხარ, როცა შეგიძ... არა, აზრი გამიწყდა, სხვა რამე მკითხეთ.
სიყვარული რაღაა?
ოოო, კაი რამეა ეგ. სიყვარული ზეიმია. სულის ზეიმი. თუ სული არ ზეიმობს, ე.ი. რაღაც სუროგატი შემოუპარებიათ. მე არ მწამს მოწამეობრივი სიყვარულის.
როგორ, თქვენ სიყვარულის გულისთვის თავის მსხვერპლად გაღებისა და ტანჯვის არა გწამთ?
მე ეგ არ მითქვამს. სიყვარულისთვის ტანჯვის მწამს, სიყავრულისგან ტანჯვის - არა.
როგორ ტანსაცმელს ანიჭებთ უპირატესობას?
ძონძებს. ადრე მეორედი ტანსაცმლის ყიდვა შემოსვის ერთადერთი საშუალება იყო, ახლა კი ნათრევ და გაცვეთილ ტანისამოსს ისე შევეჩვიე, რომ ახალს ვეღარ ვირგებ. ისე, რაც ნაკლები მაცვია, მით უკეთესი, ჩემი საყვარელი სტილი მინიმალია.
და ბოლოს, რას უსურვებთ სტაფილოს რედაქციას? 
იმას, რასაც ყოველთვის - სიმსუბუქის და სილაღის შენარჩუნებას; სიზარმაცისგან თავის დაღწევას; რაც შეიძლება მინიმალურ, მაგრამ ხარისხიან გავრცელებას; საკუთარ შესაძლებლობებში გარკვევას და, რაც მთავარია, დებორას აღმოჩენას.
                                                                                                                      ესაუბრა კოკოლოზა

სიყვარულით
კოკოლოზა