Monday, September 8, 2014

მარტო ჭვავის ყანაში


გახსოსვს ჰოლდენ კოლფილდი? მე სულ მახსოვს. რაც გავიცანი, მას შემდეგ აღარ მავიწყდება. არც მომწონს, მაგრამ ვერც სიმპათიას ვმალავ მის მიმართ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემ თავს ვადარებ და სულიერ სიახლოვეს ვპოულობ. არადა მისი ასაკის რომ ვიყავი სულაც არ ვიყავი მისნაირი. სად იყო ჩემში ამდენი პროტესტი თინეიჯერობაში! ვერც კი ვხვდებოდი რა უნდა გამეპროტესტებინა. უაზროდ მივყვებოდი დინებას და პინკ ფლოიდს ვუსმენდი. ახლაც ვუსმენ ფლოიდებს, მაგრამ სხვანაირად, უფრო მუსიკალურად ვიდრე ემოციურად, მაგრამ ეს არაა ახლა არსებითი, არამედ ის რომ ზრდასრულ ადამიანს კოლფიდისეული ბავშვური პროტესტი მაქვს ყველაფრის მიმართ და, მისგან განსხვავებით, ნამდვილი, კეთილშობილი დანიშნულება ვერ მოვუძებნე საკუთარ თავს. მე არ მინდა ბავშვები გადაჩეხვისგან გადავარჩინო. უფრო სწორედ მინდა, მაგარამ არ მჯერა, რომ შევძლებ. ყველაფერი ყალბად მიმაჩნია ამ უგუნურ საზოგადოებაში: მათ შორის ჩემი მეგობრების, ნათესავების, ოჯახის წევრების დიდი ნაწილი, ვერ ვიზიარებ ჩემს გარშემო მყოფთა ღირებულებების უმრავლესობას, მაგრამ ვერც ნამდვილი ღირებულებების აღმოჩენას ვახერხებ.

სიყალბეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავ, მაგრამ მასთან შინაგანი ბრძოლის თავიც კი არ მაქვს. ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს რომც ვიბრძოლო ვერავინ გაიგებს რისთვის ვიბრძვი, მათ შორის თავად მეც. ძნელია ებრძოლო მრუდეს, როცა სწორი არ იცი როგორია. მე კი ვგრძნობ, რომ ამ გაურკვევლობის გამო ნელნელა ვირიყები ამ საზოგაოდებიდან. არავინაც არ მრიყავს, თავად ვირიყავ თავს იმიტომ, რომ სხვაგვარად არ ძალმიძს. ვერ ვეგუები მუყაოს სამყაროს, ამიტომ თავს მისგან შორს ვიჭერ და ნამდვილი კედლების მოძებნამდე მარტოდ ყოფნას ვამჯობინებ. მარტოობას კი ერთი უშველებელი ძალა აქვს, ჩემნაირ კაცს სისულელეების წერას აწყებინებს. და მეც, ამდენი ხნის პაუზის შემდეგ მოვადექი სტაფილოს, რომ შედევრი შემექმნა. თავიდან ერთ სასიყვარულო წერილზე მინდოდა დამეწერა, რომელიც სტუდენტობისას მივიღე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ იმ წერილის ადრესატი მე აღარ ვიყავი და მარტო დარჩენილ იდიოტზე დავწერე, რომელსაც ამ წუთას 40 მეგობარი ჰყავს ფეისბუქში ხაზზე, მაგრამ არც ერთისთვის სათქმელი არაფერი აქვს. ურჩევნია აქ შემოვიდეს და არარსებულ მკითხველს მიმართოს, რომელიც იმ სიკეთეს მაინც გაუკეთებს, რომ ტექსტს არ დაულაიქებს. 
რას ემსახურებოდა ეს სისულელე? რას და მარტოობის მორჯულებას, დროის გაყვანას,  ღირებულებებზე ფიქრს და კიდევ ათას დებილობას. დებილობა კი მალე გბეზრდება, მეც მომბეზრდა და რამე სხვა დებილობაზე გადავალ
სიყვარულით 
კოკოლოზა