Wednesday, November 13, 2013

ავე ვერუმ კორპუს

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკას მთელი შეგნებულ-შეუგნებელი ცხოვრება ვუსმენ, ექსპერტის რანგში თავი მაინც ვერ ამყავს. ან როგორ ავიყვან, გრამი მუსიკალური განათლება არ მაქვს, ნოტებს მხოლოდ გამადიდებელი შუშით ვანსხვავებ ერთმანეთისგან და ვერც ისეთ დახევიწილ ტერმინებს ვფლობ, როგორიცაა დეტონაცია, სინკოპა, სტაკატო, ან თუნდაც ანდანტე კანტაბილე.
მუსიკა კი მიყვარს და მიყვარს.
სამაგიეროდ ვიცნობ ადამინებს, რომლებსაც არც ნოტები ჭირდებათ, არც ანდანტე კანტაბილე და შენ წარმოიდგინე, არც პრესტო სოსტენუტო, საიმისოდ, რომ კონცერტიდან თავაწეულები გამოვიდნენ და ნიშნის მოგებით თქვან - "სუსტი შესრულება იყო".
აი იქ კი ჩავფიქრდები ხოლმე: მაინც რა მოისმინა ამან ისეთი, რაც მე ვერ მოვისმინე. სოლისტი ჩავარდა თუ ორკესტრი, იქნებ ორივე? აბა მე რატომ ვარ ასეთი კმაყოფილი? რამ აღმაფრთოვანა ასე? ხომ ვიცი, რომ ამ ე.წ. "კრიტიკოსს" ეს ნაწარმოები არც სხვისი შესრულებით მოუსმენია და, საერთოდ, სმენაც არა აქვს. აბა რამ გაათავხედა ასე, რომ საწყალ მუსიკოსებს ამხელა შრომა წყალში ჩაუყარა?
ამ კითხვებზე პასუხი მხოლოდ ერთხელ მივიღე ცხოვრებაში, ერთი ლატვიელი გოგოსგან, რომელიც ნოტებსაც სხაპასხუპით კითხულობს, დეტონაციაც იცის რა არის და უამრავი ნაწარმოები სულ ნაირნაირი შესრულებით აქვს მოსმენილი.
 ცივი რიგული ზამთრის ერთ საღამოს, ცივი ხაჭაპურის ჭამისას, ზანემ დაიწუწუნა: დიდი ხანია კონცერტიდან სიამოვნება არ მიმიღიაო. რატომ მეთქი. კრიტიკოსი ვარ და იქ სხვა საქმე მაქვსო.
და მაშინ სრულიად გულწრფელად ვუთანაგრძნე საბრალო გოგონას. ჩემი თავი წარმოვიდგინე მის ადგილას და გული გადამიქანდა. წარმოვიდგინე, რომ კონცერტზე იმ განწყობით მივდივარ, რომ რაღაც ცუდი უნდა გამოვჩხრიკო, შეცდომა უნდა დავიჭირო, "არასწორმა" ინტონაციებმა ნერვები უნდა მომიშლონ და დარბაზიდან გამარჯვებული და უჟმური უნდა გამოვიდე.
არა ძმაო - გავიფიქრე ჩემთვის და ზანესაც იგივე ვუთარი - მე ისევ ჩემ უმეცრებას ავირჩევ. მირჩევნია ძველებურად "ვერაფერი გავიგო" და სიამოვნება მივიღო, ვიდრე მთელი კონცერტი ჩასაფრებულმა გავატარო.
რა აზრი აქვს შენს კრიტიკოსობას თუკი მუსიკით სიამოვნების მიღება დაგავიწყდა. რისი კრიტიკოსი ხარ, თუ წლები ისე გავა, რომ ერთ აღფრთოვანებულ წერილს ვერ დაწერ. ერთი კონცერტი, ერთი პასაჟი მაინც გულში არ ჩაგწვდება. რა გინდა სლიმაზის სამყაროში თუ შენი მიზანი სიმახინჯის ძებნაა.
მართალი ხარო - დამეთანხმა და ისე შემომხედა, თითქოს მსგავსი რამ პირველად გაეგო.
(სხვათა შორის ზანემ ის საუბარი რამდენიმე წლის შემდეგაც გაიხსენა).
მას შემდეგ ჩემი თეორიული უვიცობა დიდ პრობლემას აღარ მიქმნის. რაც მთავარია სიამოვნების მიღებას ვახერხებ და როგორც კი ვეღარ მოვახერხებ მუსიკის მოსმენასც დაუყოვნებლივ შევეშვები.
ხოლო იმ ხალხის საპასუხოდ ვინც თავმომწონედ და აბსოლუტურად დაუსაბუთებლად აცხადებს, რომ "სუსტი შესრულება იყო", უკვე აღარაფერს ვამბობ. ჩუმად შევხედავ ხოლმე სიბრალულით და ჩემ ემოციებს ვუბრუნდები, დიდი ალბათობით მათი უმრავლესობა ამას საკუთარი უმეცრების დასაფარად აკეთებს.
ამ ამბის დასასრული კი მისივე დასაწყისშია. ამ ყველაფერზე ფიქრი გუშინ დავიწყე, როცა ერთი ნაცნობი და ძალიან ძვირფასი ნაწარმოები აღმოვაჩინე განსაკუთრებული შესრულებით. საფერავივით შერულება იყო: მსუყე და დამაჯერებელი, მცირე დოზით რომ უნდა მიიღო ისეთი. მე არ ვიცი, როგორი ბალანსია ორკესტრსა და გუნდს შორის, ფაგოტები ურევენ თუ არა, ზედმეტად ნელია თუ არა ეს შესრულება მიღებულთან შედარებით, მაგრამ ის კი ნაღდია, რომ მოცარტის "ავე ვერუ კორპუს" ბავარიის რადიოს ორკესტრისა და გუნდის შესრულებით  და
ლეონარდ ბერნშტაინის დირიჟორობით ჩემი სულის ყველაზე ღრმა კუნჭულს ჩაწვდა.
მუსიკა კი მიყვარს და მიყვარს

სიყვარულით
კოკოლოზა