ამ ბლოგს სულ 4 მკითხველი ჰყავდა, 2 მოკვდა, დარჩენილთაგან ერთერთმა კი მისაყვედურა, რატომ აღარაფერს წერო. რა დავწერო, ეს ოხერი, ვერ ხედავ რუტინამ ჩამყლაპა მეთქი - მინდოდა მეპასუხა, მაგრამ არ ვუპასუხე, ორიღა დარჩნენ და ხომ არ ვაწყენინებდი. რამეს დავწერ მეთქი - ვუთხარი.
ჰოდა ვწერ, მაგრამ რას, ჯერ არ ვიცი.
...
კეკლუცობაზე დავწერ, თავმომწონეობასა და კოპწიაობაზე. როცა უმუშევარი ვიყავი და ლამაზ-ლამაზ ოფისებში მომუშავე თანატოლებს ვხედავდი, ვფიქრობდი ალბათ ეს ხალხი რაღაც განსაკუთრებულ ცოდნას ფლობს მეთქი, რადგანაც ინგლისური და კომპიუტერი მეც კარგად ვიცოდი, სპეციფიური განთლება კი არ მქონდა, გავიდა დრო და მივხვდი, რომ ამ ხალხის უმრავლესობამ ინგლისური და კომპიუტერიც კი არ იცის და არც სწავლით იკლავს თავს. მივხვდი, რომ მათი "მაღალპროფესიონალიზმი" მაღალ ინტელექტთან კავშირში არაა და გული დამწყდა, ცოტა ხანში კი იმასაც მივხვდი, რომ არც მაღალ იდეალებთანაა ახლო და მთლად გული ჩამეწვა.
ახლა ისეთ დაწესებულებაში ვმუშაობ, სადაც ადამიანებს თავმომწონეობა და კეკლუცობა მოჭარბებულად ახასიათებთ და სიამოვნებით უზიარებენ ფართო საზოგადოებას. მათ უკვე იმდენად მოსწონთ საკუთარი თავი, რომ არც კი ფიქრდებიან იმაზე, ვითარდებიან თუ არა როგორც პროფესიონალები, ხდებიან თუ არა უკეთესები თავად და ხდიან თუ არა სხვებს. მათ უკვე აღარ აინტერესებთ, თუ რას იტყოდა ამა თუ იმ საკითხზე, მაგალითად სოკრატე ან ჰაიდეგერი, ბეკონი კი სულაც საუზმეზე მისართმევი "ვიჩინა" ჰგონიათ. ისინი თავდაჯერებულად იქცევიან და შექმნილით კმაყოფილნი კარიერულ წინსვლას გრძნობენ. მე კი ვუყურებ გარედან და მარტოობას ვგრძნობ. განა იმიტომ, რომ მეც მათსავით წინ არ მიდივარ, არამედ იმიტომ, რომ ეს წინსვლად არ მიმაჩნია და საერთოდაც არ ვიცი რა შეიძლება ჩაითვალოს წინსვლად.
ყოველ დილით სამსახურში იმ იმედით მივიდვარ, რომ ვიღაც ღიმილით დამხვდება. ცხოვრებაში ღიმილის ნაკლებობას არ ვუჩივი, უბრალოდ მინდა, რომ ჩემს გვერდით "ადამიანები" სამუშაო დროსაც იყვნენ, მაგრამ მათგან ამის გამოძალვა საკმაოდ ძნელია. ისინი თავის პატარა საქმებზე ფიქრობენ და ღიმილში დროს არ კარგავენ, თორემ შეიძლება ეს დრო სხვამ უფრო რაციონალურად გამოიყენოს და მათი წინსვლაც შეფერხდება.
მათ კარგად აცვიათ და ლამაზად ლაპარაკობენ, მაგრამ არ იღიმიან. მიჭირს ასე მუშაობა, მაგრამ რა ვქნა, იმედი არ მაქვს, რომ სხვაგან წასვლით უკეთეს დღეში აღმოვჩნდები, სხგანაც იგივეა. ამიტომ ვრჩები სადაც ვარ და ალაგ-ალაგ გადმოგდებული ღიმილით ვსაზრდოობ.
სიყვარულით
კოკოლოზა